ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭო

ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს, კომპანიის უპრეცედენტო ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაშია 10 დაინტერესებული პირი, რომლებიც წარმოადგენენ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, მცირე და საშუალო ბიზნესს, მედიას და თვითმმართველობას. საბჭოს ფორმატში მონაწილოება ანაზღაურების გარეშეა. აქ მოვიდნენ და გაწევრიანდნენ ადამიანები, სრულიად უანგაროდ და ენთუზიაზმზე. ისინი, საკუთარი თავისუფალი დროის ხარჯზე, ჩართულნი არიან ბახვი ჰესის პროექტების განვითარების პროცესში და აკეთებენ საქმეს, რომელიც მნიშვნელოვანია მათი რეგიონისთვის.

გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია ბახვი 1 და ბახვი 2 ჰესის პროექტებისადმი საზოგადოებაში ნდობის განმტკიცება, პროექტების განხილვაში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა, ანგარიშებზე მუშაობის გამჭვირვალე სამუშაო პრაქტიკის დამკვიდრება, განხილვაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, დაინტერესებულ მხარეთა რეკომენდაციებისა და საქმიანი კრიტიკის მოსმენა და გათვალისწინება.
მრჩეველთა საბჭო სისტემატურად იკრიბება, სხდომების ფორმატში ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა და დაინტერესებული მხარეების მუდმივად ინფორმირება პროექტის ფარგლებში განვითარებული მოვლენების შესახებ. ასევე, მრჩეველთა საბჭოს წევრები აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე სოციალურ პროექტებში. კომპანია ბახვი ჰესი სისტემატიურად აწყობს მრჩეველთა საბჭოს წევრების ტურს კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის პორტფელში არსებულ უკვე ოპერირებად ჰესებზე.
„ლახამი და ახალქალაქი ჰესებზე ტურების ფარგლებში, ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ნახეს ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც შენდება და იმართება ჩვენი ჰესები. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა გასულ წელს მიიღეს მონაწილეობა ჩვენს მიერ დაგეგმილ ტყის განაშენიანების პროგრამაშიც, რომელიც განხორციელდა სვანეთში, კერძოდ სოფელ ლახამში“, – განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
2023 წლის აქტივობების ფარგლებში მრჩეველთა საბჭოს შევთავაზეთ მუშაობის ახალი სისტემა, რომლის მიზანია საბჭოს წევრების მეტი ჩართულობა მიმდინარე სოციალური პროექტების აღსრულების პროცესში. დღევანდელ დღემდე 3 ღონისძიება განხორციელდა. ქალბატონმა ლელა მდინარაძემ, რომელიც საბჭოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვოტითაა და თვითმმართველობას წარმოადგენს, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში დაგეგმა და განახორციელა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი, რომელიც ჩატარდა მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში. ბატონი დავით თენიეშვილის აქტოვობაც, რომლიც მცირე მეწარმეებს წარმოადგენს საბჭოში, საგანმანათლებლო შინაარსის იყო. ის შეხვდა მცირე ბიზნესით დაინტერესებულ უფროსკლასელებს ორივე სკოლაში და ჩაატარა ლექცია თემაზე, თუ როგორ უნდა დაიწყო სტარტაპი რეგიონში და რა დაფინანსების წყაროები არსებობს ამისთვის. ქალბატონმა ია ურუშაძემ კი, რომელიც ასევე მცირე ბიზნესის ქვოტითაა საბჭოში, საბჭოს წევრებისთვის დაგეგმა გაცნობითი ტური ბახვი ჰესისა და USAID-ის ერთობლივი პროგრამის ბენეფიციარების მოსანახულებლად, რომელსაც კომპანია უკვე ერთი წელია ახორციელებს და რომლის მიზანიც მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და სტუმარ – მასპინძლობის სექტორის განვითარებაა. წლის ბოლომდე კიდევ 4 ასეთი აქტოვობაა დაგეგმილი.
„მრჩეველთა საბჭო ინოვაციური, მნიშვნელოვანი და საჭირო პლატფორმაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი შეთავაზება, შეგვექმნა ურთიერთობის ასეთი ფორმატი მისაღები აღმოჩნდა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისთვის. უფრო მეტიც, ენერგო სექტორში არსებული კომპანიები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ჩვენი ამ გამოცდილებით და მზადყოფნასაც კი აცხადებენ, საკუთარ პროექტებში გამოიყენონ ეს მოდელი, როგორც ურთიერთობის საუკეთესო, ეფექტიანი და ჩართულობაზე დამყარებული პრეცედენტი“, განაცხადა კომპანია ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.
ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს ფორმატი უპრეცედენტოა განახლებადი ენერგიების სეგმენტში. კომპანია ბახვი ჰესისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, დაინტერესებულ პირებთან დიალოგის რეჟიმში ყოფნა და მათი პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა. საბჭოს ფუნქცია-მოვალეობები წლიდან წლამდე იხვეწება. კომპანია ზრუნავს საბჭოს წევრების უზრუნველყოფაზე ინფორმაციით, რათ მათ შემდგომში ეს ინფორმაცია გაუზიარონ თემის და საზოგადოების წევრევს. ბახვი ჰესი მშენებლობის პროცესშიც გეგმავს მჭიდროდ ითანამშრომლოს მრჩეველთა საბჭოსთან. ამ პერიოდის მანძილზე მრჩეველთა საბჭო დარჩება სათათბირო ორგანოდ, რომლის ფარგლებშიც მუდმივად მოხდება ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა პროექტის წარმატებით აღსრულების მიზნით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share