ისრაელის თავდაცვის ჯარმა ღაზას სექტორზე იერიში გააძლიერა.
“ცახალი ახორციელებს ინტენსიურ ავიადარტყმებს ჰამასის წინააღმდეგ, ღაზის სექტორში, რათა შეამციროს და გაანადგუროს მისი შესაძლებლობები ტერორში ამყოფოს ისრაელის მოსახლეობა. ჰამასმა დაიწყო ომი. ჩვენ აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას”, – ამბობენ ცახალში.
თავდაცვის ჯარის თქმით, ბოლო 2 დღეში ისრაელმა ღაზის სექტორში 1 200-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა, მათ შორის იარაღის წარმოებისა და შენახვის ლოკაციები, შტაბები, სარაკეტო დანადგარები და სხვა.
ცახალი ამბობს, რომ ამ მონაცემებს დღეს გააორმაგებს.
***
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი.