დასავლეთ საქართველოში რამდენიმე მონაკვეთზე უხვი ნალექის გამო სარკინიგზო მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
”ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი- თბილისისა და ბათუმი თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას.”- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ძლიერი წვიმების გამო სტიქია იყო სამეგრელოში. ძლიერმა წვიმებმა დატბორა ნათესები და სახლები, რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროსაც კი მოწყდა.