ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ლაშა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
შუადღე მშვიდობისა,
გიზიარებთ უახლეს მონაცემებს ისრაელიდან. არავითარ ანალიტიკას მე აქ არ გთავაზობთ, მხოლოდ ფაქტებს:
– დღეს, 15:22 საათიდან, აქტიურად დაიწყო ცენტრალურ ისრაელზე სარაკეტო იერიში; მათ შორის – ჰერცელია, ხოლონი და თელ ავივის რამდენიმე ნაწილი. მთელი დღეა იერიში მიაქვთ სამხრეთის დასახლებებზე. სარაკეტო იერიშებს დღესაც მოჰყვა მსხვერპლი, კერძოდ დასავლეთ ნეგევის რეგიონში. სარაკეტო იერიშები შეეხო იერუსალიმსაც, სადაც დაჭრილებიც არიან;
– ჰამასის ტერორისტთა მიერ მოკლულ ადამიანთა რაოდენობა 1000-ს სცდება. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF)/ცაჰალის მიერ გათავისუფლებულ და სამხრეთ დასახლებებში ნაპოვნია უამრავი ადამიანის გვამი, რომელიც 7 ოქტომბერს მოკლეს. მხოლოდ ერთ დასახლებაში ნაპოვნია 100-ზე მეტი გვამი. ადამიანებს ესროდნენ, დანით და ნაღმებით კლავდნენ. ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი დაკარგულია;
– ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF)/ცაჰალის მიერ მოკლულია 1500-მდე ტერორისტი – ჰამასიდან და ჰეზბოლადან. სახელმწიფო უწყებები და მედია ჯერ კიდევ ადასტურებენ რომ ისრაელის ტერიტორიაზე შესაძლოა ისევ იმალებიან ტერორისტები;
– ისრაელის სახელმწიფომ ოფიციალურად გააფრთხილა ოფიციალური ქაირო რომ ღაზას სექტორში რაიმე სახის მიწოდების ან გადაადგილების შემთხვევაში – დარტყმებს მომენტალურად მიიტანს;
– ისრაელის საჰარეო სივრცის დარღვევა სცადეს როგორც ღაზას – ისე ლიბანის ტერიტორიიდან, რაზეც ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF)/ცაჰალი განცხადებას მალე გააკეთებს. ლიბანის საზღვარზე დაიღუპა ცაჰალის 2 ჯარისკაციც;
– ისრაელს აქტიური იერიში მიაქვს ღაზას სექტორში ჰამასის პარტიულ თუ საიდუმლო ბუნაგებზე. მოკლულია მათი უამრავი ტერორისტი და მაღალი რანგის რამდენიმე პირი;
– ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკურმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიევმა, დაადასტურა რომ ომის დასრულებამდე – არავითარი საუბარი არ იქნება მძევლებთან დაკავშირებულ არანაირ თემაზე; ჰამასმა ასევე დაადასტურა რომ ელიან ჰეზბოლას ჩართულობას;
– ისრაელს უცხოური პრესის წარმომადგენლები ჩაჰყავს იმ დასახლებებში, სადაც ამ წუთებშიც კი გრძელდება მხეცურად მოკლულ ადამიანთა გვამების პოვნა, რათა სამყარომ იქნებ და დაინახოს რა მასშტაბის თავდასხმაზეა საუბარი.
ბოლოს … მხოლოდ ერთ დასახლებაში, ქფარ აზაში, ნაპოვნია 40 ჩვილის დასახიჩრებული გვამი; რამდენიმეს თავი აქვს მოკვეთილი – წერს ლაშა შაყულაშვილი.