„მისი მატჩი სპექტაკლი იყო, ეს შარშანდელი დონე და მომაკვდინებელი კვარაა“ – იტალიური მედიის შეფასება

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მეცხრე ტურში „ვერონას“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და შესანიშნავი თამაში ჩაატარა. იტალიურმა მედიამ ცხადია, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნია და მისი გარჯა ასე შეფასდა:

Eurosport 8 ქულა: „ნამდვილი კვარა დაბრუნდა, რომელიც უმიზნებს მეტოქეს, როგორც კი ეს შეუძლია და რომელიც, პირველ რიგში, მომაკვდინებელია, როცა კარში დარტყმა შეუძლია. სეზონის პირველი დუბლი და გოლების გარდა, ბევრი კარგი რაღაც“.

Tuttomercatoweb 7.5 ქულა: „მეორე გოლის შემდეგ ისრები გაისროლა „ნაპოლის“ ფანებისკენ, რომლებსაც უკვე დიდი ხანია ის უყვარდათ, მაგრამ კიდევ ერთხელ აიძულებს მათ შეიყვარონ ეს გუნდი, რომელსაც ბოლო დროს ბევრი კრიტიკა შეხვდა. დრიბლინგი მისი საფირმო ნიშანია, რომელიც ხალხში აღტაცებას იწვევს. თუ მას სივრცეს დაუტოვებ, მიუწვდომელი ხდება“.

Calcionapoli24 7.5 ქულა: „დაბრუნდა მინდორზე, სადაც პირველად წარმოაჩინა თავისი ნიჭი იტალიაში. უამრავი ჯარიმა გამოიმუშავა, მეტოქე გააყვითლა, ანგარიში ორამდე ცივსისხლიანი მოქმედებით გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში დამამშვიდებელი გოლი გაიტანა. ყველაფერი გააკეთა და ასეთი ნიჭი გვიყვარს“.

Tuttonapoli 8 ქულა: „შეტევაში ყველგანაა, სარგებლობს რასპადორის მობილურობით და ქაოსს იწვევს. როგორც „მონცასთან“, ახლაც პირველი გოლი იგივე სტილში გაიტანა, მარჯვენა ფეხით მეტოქე მოატყუა და მარცხენით გაიტანა. დუბლი ცივსისხლიანი დარტყმით გაიფორმა“.

Calciomercato.com 8 ქულა: „გუნდს თავისი მხრებით უზარმაზარი ხარისხით ატარებს. მან გადარია ვერონელთა დაცვის ხაზი და პირველი გოლი „კვარას“ სტილში გაიტანა. შემდეგ დუბლი გაიფორმა, როდესაც თავისუფალ სივრცეში გაფრინდა“.

Calciomercato.it 8.5 ქულა: „როცა ასე თამაშობს, აბსოლუტური სიამოვნება ხდება. ატყუებს, პასს აკეთებს, ურტყამს, გოლს იტანს და უამრავ სასიამოვნო რაღაცას აკეთებს“.

Calcionapoli1926 8 ქულა: დუბლი და შესანიშნავი თამაში. მისი მატჩი სპექტაკლი იყო. შემოთავაზებული დონე შარშანდელია და ასეთი კვარას წინააღმდეგ მეტოქეებს მხოლოდ მტვრის ჭამა შეუძლიათ“.

Mediaset 7.5 ქულა: „ნელი ტემპით იწყებს, მაგრამ შემდეგ ორივე ფეხით შედის მოედნის გადამწყვეტ ზონაში. გაიტანა თამაშის მეორე გოლი და რასპადორისთან ტაშის ღირსი კომბინაციების სერიას იწყებს. შემდეგ მიფრინავს კონტრშეტევაზე და მესამე გოლი გაიტანა“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას სერია A-ში 8 მატჩში 3 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში (ყველა ტურნირზე 10 მატჩში). „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 ოქტომბერს, „მილანს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share