1853-1854 წლების ყირიმის ომი კავკასიაში 1853 წლის 15 ოქტომბერს შეკვეთილის ფორტზე თურქების თავდასხმით დაიწყო, რომლებმაც რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეული უპირატესობაც მოიპოვეს.
.
რუსული წყაროების მიხედვით 1854 წლის მაისში გურიაში სოფელ ქაქუთიდან შევიდა ოსმალთა 34 ათასიანი კორპუსი, რომლის ერთი ნაწილი 12 ათასი კაცი ჰასანბეგი თავდგირიძის მეთაურობით ლანჩხუთისკენ დაიძრა. ოსმალთა ჯარის ეს ნაწილი 27 მაისს დამარცხდა ნიგოეთთან. ნიგოითის ბრძოლის შემდეგ 29 მაისს გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი ოზურგეთისაკენ დაიძრა სადაც თურქების ჯარი იდგა. რუსული წყაროების მიხედვით სოფელ ნაგომარში ანდრონიკაშვილმა 18 ზარბაზანი და 10000 კაცი შეკრიბა (აქედან 2000 კაციანი გურიის მილიცია იყო, ასევე იყო ქართული კავალერია და ფეხოსანი მილიცია, თუშების მილიცია) და დაიძრა ოზურგეთისაკენ, 3 ივნისს ანდრონიკაშვილის ჯარის მოულოდნელი გამოჩენის შემდეგ თურქებმა ოზურგეთი ისე სწრაფად დატოვეს, რომ თავიანთი მარაგების გატანაც ვერ მოასწრეს.
.
ოზურგეთიდან გაქცეულმა თურქებმა ჩოლოქი გადალახეს და ქაქუთში ძირითად ძალებს შეურთდნენ. მთლიანობაში თურქების 34 000 კორპუსი 13 ზარბაზნით სელიმ ფაშას მეთაურობით გამაგრებული იყო მდინარე ჩოლოქის სამხრეთ ნაპირზე, ბრძოლის გენერალური გეგმის მიხედვით თურქების პირველი საველე სიმაგრე მდინარე ჩოლოქიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იყო მოწყობილი, ხოლო ოზურგეთისაკენ მიმავალი გზიდან სოფელ ქაქუთის გადასხვევთან შემაღლებულ ადგილზე იყო თურქების მთავარი ბანაკი. თურქების პოზიციები მდინარის მხრიდან დაცული იყო საველე გამაგრებებით, მარჯვენა ფლანგიდან დაცული იყო ხევით, ხოლო მარცხნიდან უღრანი ტყით. ოზურგეთის დაკავების მეორე დღესვე 4 ივნისს ანდრონიკაშვილის მეთაურობით რუსების ჯარმა, ქართულმა კავალერიამ და გურიის მილიციამ მდინარე ჩოლოქი გადალახა.
.
რუსების პირველი კოლონა, რომლის წინაც ფეხოსანი გურიის მილიცია მიდიოდა ტყიდან მოულოდნელად დაესხა თავს თურქების ბანაკს. ქართულმა კავალერიამ კი ზურგიდან შეტევით შეიჭრა თურქების განლაგებებში და ხელში ჩაიგდო თურქების დროშა და სამი საბრძოლო ნიშანი, გურიის მილიციის ფეხოსნებმა კი ხელში ჩაიგდეს სამთო ზარბაზანი. თურქებმა ვეღარ გაუძლო რუსების მთავარი ძალების შეტევას პოზიციები მიატოვა და გაიქცა. ანდრონიკაშვილის ბრძანებით რუსებმა ლეღვამდე მისდიეს თურქებს, ხოლო ლეღვის შემდეგ ქართული ცხენოსანი მილიცია ორი საათი მისდევდა და ანდგურებდა გაქცეულ თურქებს.
.
ბძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის ქართულ კავალერიას გადაეცა საბრძოლო ნიშანი ქართულ და რუსულ ენებზე წაწერით – ,,ქართული კავალერის დრუჟინას მამაცი მოქმედებისათვის თურქეთის არმიის კორპუსის დამარცხებისა და დევნისათვის მდინარე ჩოლოქთან, 1854 წლის 4 ივნისს.
.
გურიის ფეხოსანი მილიციის საპატივცემულოდ 1864 წელს დაარსებულ კაზაკთა ერთ-ერთ სტანიცას ეწოდა სახელი – გურიისკაია (станица – Гурийская, დღევანდელი კრასნოდარის მხარე, ბელორეჩინსკის რაიონი), ასევე რუსეთის არმიის ერთერთ პოლკს, რომელიც მონაწილეობდა ყირიმის ომის კავკასიის ფრონტზე ეწოდა გურიის პოლკი (Гурийский 159-й пехотный полк).
.
,, წყარო: მოდესტ ბოგდანოვიჩი – აღმოსავლეთის ომი 1853-1856 პირველი და მეორე ტომი (1876 წლის გამოცემა), გაზეთი Кавказ-ი 1841 წელი 24 ივნისი;
.
P.S – რუსულის გარდა სხვა წყაროები ვერ იქნა მოძიებული, ამიტომ ჩემი აზრით ზემოხსენებულის წაკითხვისას გასათვალისწინებელია, რომ დღევანდელი ორივე წყარო იმ დროინდელ რუსულ პროპაგანდას ეწეოდა. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით თურქული კორპუსის ჯარისკაცთა რაოდენობა 34 000 არ უნდა იყოს რეალური, ხოლო 10 000 კაციანი რუსული ჯარის გამოჩენისას მათი ოზურგეთიდან გაქცევა ნაკლებად დამაჯერებელი. ასევე ნაკლებად დამაჯერებელია ქაქუთის დაცულ ბანაკში ზარბაზნებით გამაგრებულ 34 000 თურქების კორპუსს თავს დასხმოდა 10 000 კაციანი რუსული შენაერთი.
აქვე საინტერესოა, რომ სერგი მესხი, რომელიც 1877 წელს თან ახლდა ქობულეთში შესულ რუსულ ჯარს, ჩოლოქის ომში ჯარების რაოდენობასთან დაკავშირებით უთითებს, რომ თურქების ჯარი შეადგენდა 8000 ჯარისკაცს, ხოლო რისები და ქართველები 12000 ჯარისკაცი იყო, ეს ციფრი ალბათ უფრო რეალურია ვიდრე ოფიციალურ რუსულ წყაროებში მითითებული ოდენობა.
კავკასიის მეფისნაცვალ (1844-1855 წლები) მიხეილ ვორონცოვსა და ნიკოლოზ პირველს შორის მიმოწერის მიხედვით იმპერატორმა გაიზიარა ვორონცოვის რჩევა და რუსებმა უარი თქვეს ბათუმის დაკავებაზე. ვორონცოვის აზრით ბათუმის აღების შემთხვევაშიც კი მისი შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა. ჩოლოქის ბრძოლის ყველაზე მთავარი შედეგი გახლდათ ოზურგეთის, როგორც თურქებზე თავდასხმისათვის მნიშვნელოვანი პლაცდარმის შენარჩუნება, რისთვისაც აუცილებელი იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. შემდეგში რუსეთ თურქეთის 1877-78 წლების ომში სწორედ ოზურგეთი წარმოადგენდა რუსების მთავარ საყრდენ პუნქტს, ორი იმპერიის დაპირისპირება საბრძოლო მოქმედებათა ამ ნაწილზე ანასეულის სიმაღლებისათვის დაიწყო, სადაც რუსული წყაროების მიხედვით 1500 თურქი იყო გამაგრებული.
.
რაც შეეხება გურულების მონაწილეობას და განსაკუთრებულ როლს 1854 წლის ჩოლოქის ბრძოლაში ეს ფაქტი სხვა წყაროებითაც დასტურდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე 1841 წელს გურიაში სერიოზული ანტირუსული აჯანყება (ჯანყი გურიაში) მოხდა და გურულებს ამ აჯანყების ჩახშობისას გამოჩენილი სისასტიკე დავიწყებული არ უნდა ჰქონოდათ. სავარაუდოდ სწორედ ამის გასანეიტრალებლადაა იმდროინდელი რუსული გამოცემები სავსე გურულების ქებით, რომლებიც რუსებზე განაწყენების შემთვევაში უარს არ ამბობდნენ მათ წინააღმდეგ ებრძოლათ თურქების დახმარებით.
.
პირველად გურულები რუსების მხარეზე დადგენენ 1809 წელს, როდესაც გურიელი თავს დაესხა და მთლიანად გაანადგურა თურქების ბანაკი გრიგოლეთში, რამაც რუსებს საშუალება მისცა დაეკავებინათ ფოთი. ამის შემდეგ გურია ორი იმპერიის გამყოფ ზოლში მოექცა და იგი სავსე იყო ხან რუსების ხანაც კიდევ თურქების ჯარით, რაც აუტანელს ხდიდა ადგილობრივი მოსახელეობის ყოფას. 125 წლის განმავლობაში ორ ცეცხლს შუა მყოფი გურულები ექსვჯერ აუჯანყდნენ რუსებს და ხუთჯერ მიიღეს აქტიური მონაწილეობა თურქების წინააღმდეგ საბრძოლო კამპანიაში. მოკლედ რომ ვთქვათ გურულები სიტუაციის გათვალისწინებით – თურქების დახმარებით ებრძოდნენ რუსებს, ხოლო რუსების დახმარებით თურქებს. თუმცა ქართველი ისტორიკოსები დღემდე მხოლოდ რუსული წყაროებით სარგებლობენ და საინტერესო იქნება თურქულ წყაროებში ასახული გურიის (რა თქმა უნდა არამარტო გურიის) ისტორია.
.
– ადოლფ კარლემანის ნახატი – “ბრძოლა გურიის საზღვარზე 1854 წლის 4 ივნისს”
– იმავე თემაზე – 1854 წლის რუსული გრავიურა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა