ვერაგი მტრის მიერ მუხანათურად იქნა კიდევ ერთი ოჯახი გაუბედურებული, ძალიან მიჭირს ლაპარაკი, ძალიან განვიცდი ამ სიტუაციას. ისეთი ახლობელია ეს ტკივილი ჩემთვის, ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ თითქოს, ეს ტრაგედია ჩემს სახლში და ჩემს ოჯახში ტრიალებს – ოკუპანტების მორიგი მსხვერპლის შესახებ და მათ დაუსჯელ ქმედებებზე, ოკუპანტების კიდევ ერთი მსხვერპლის, გიგა ოთხოზორიას დედა საუბრობს. “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ჩართვისას ჯულიეტა ჭანტურიამ სამძიმარი გამოუცხადა კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს და აღნიშნა, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, ოკუპანტების დაუსჯელობის სინდრომია:
გარკვეული ღონისძიებები რომ გატარებულიო კანჯი ოღლის დასაკავებლად და აღსრულებულიყო ის სამართალი და ის გამოტანილი წლები გაეტარებინა ციხეში, რა თქმა უნდა, ასე თავისუფლად, ასეთი ტრაგედიები არ გაგრძელდებოდა. ჩემი შვილის მკვლელობის შემდეგ იყო არჩილი, იყო კვარაცხელია და იყო უამრავი ადამიანი რომელთა სიცოცხლის მოსპობა რუსი დამპყრობლებისთვის ჩალის ფასად არის შეფასებული”. ამბობს ჯულიეტა ჭანტურია.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების მკვლელები დაუსჯელები არიან, არ აწუხებთ დანაშაულის გრძნობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილდებიან და თუ საქართველოს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ასეთი ტრაგედიები კიდევ გაგრძელდება – ჩვენი ხელისუფალი თუ არაფერს გააკეთებს, უფრო მეტსაც გაგვიბედავენ – ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა.
ჯულიეტა ჭანტურია გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას საკითხსაც და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გმირობა ჩაიდინა, სასწრაფოდ გამოსახსნელია.
30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ ე.წ. მესაზღვრეებთან მოუვიდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა, თუმცა მას ე.წ მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის იყო რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც ოთხოზორიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა.
სროლის შემდეგ წაქცეულ ოთხოზორიას, კანჯი-ოღლიმ თავში, საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ოთხოზორია ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ფიქციური გამოძიება დაიწყო და დე-ფაქტო სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს კი “მტკიცებულებების არარსებობის მოტივით”, ე.წ. პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
2017 წლის 7 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაშის კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად, 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მისი საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.