ვინ (არ) დასაჯეს 2023 წელს პარლამენტში

დასჯის ეს მეთოდი საკანონმდებლო ორგანოში 2023 წლის შემოდგომამდე არ გამოუყენებიათ: პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრები სხდომათა დარბაზიდან „სამარცხვინო საქციელისთვის“ გააძევა მას შემდეგ, რაც ქალი კულტურის მინისტრის გამოსვლისას 4-მა ქალმა დეპუტატმა, ტრიბუნასთან საპროტესტო ბანერი გაშალა.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იშვიათი არ არის ხელჩართული ჩხუბი, სიტყვიერი მუქარა, ერთმანეთის შეურაცხყოფა თუ საპროტესტო პერფორმანსები, თუმცა აღმოჩნდა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში, დარბაზიდან პარლამენტის თავმჯდომარეს დღემდე მხოლოდ 5 დეპუტატი ჰყავს გაძევებული, ხუთივე ოპოზიციიდან და აქედან ერთი – ორჯერ.

პირველად სხდომათა დარბაზი მათ 2023 წლის 20 სექტემბერს დაატოვებინეს.

რა მოხდა იმ დღეს განსაკუთრებული?

„სამარცხვინო საქციელი“

20 სექტემბერს, როდესაც თეა წულუკიანი პარლამენტში კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიღწევებზე საუბრობდა, ოთხმა ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატმა მისი ტრიბუნის წინ გაშალა “ქართული ოცნების” “დროშა” წარწერით, “რუსულო გემო, იდი ნა ხ..”. ეს პასუხი, რომელიც უკრაინული კუნძულის, ზმეინის დამცველმა მესაზღვრეებმა გასცეს რუსეთის სამხედრო გემის ბრძანებას, დანებებულიყვნენ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან გახდა რუსეთთან წინააღმდეგობის სიმბოლო.

“მოგესალმებით ქალბატონებო! გაშალეთ პლაკატი და მე გავაგრძელებ! მთავარია, არ დაიღლებით”, – თქვა თეა წულუკიანმა, რომლის გამოსვლის დროსაც დეპუტატი თინა ბოკუჩავა ტრიბუნაზე ხელს აბრახუნებდა და ხმამაღლა მიმართავდა: “ვერ გააგრძელებთ, ვერ გააგრძელებთ! იცით, რა ხდება, ქალბატონო თეა, გარეთ?!”

პარლამენტის გარეთ “კულტურის მინისტრის რეპრესიულ პოლიტიკას“ აპროტესტებდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები.

“ჩვენ ვართ დარწმუნებულები… ის არ შეეხება არცერთ შემთხვევას, მის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ, ის არ შეეხება ცენზურის საკითხს”, – მიმართავდა პარლამენტთან შეკრებილებს დოკუმენტალისტი, ნინო გოგუა.

ამ დროს პარლამენტის თითქმის ცარიელ დარბაზში მინისტრის გამოსვლას მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი უსმენდა, მათ შორის ოპოზიციიდან.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თინა ბოკუჩავამ, თამარ კორძაიამ, სალომე სამადაშვილმა და ხათუნა სამნიძემ მალევე, მოულოდნელად თეა წულუკიანის ტრიბუნასთან პლაკატი გაშალეს. წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ დეპუტატებს საპროტესტო ბანერი ხელიდან “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ გამოსტაცა.

“მანდატურს ვთხოვ, მიდით და გაიყვანეთ! ქალბატონო თინა, ქალბატონო სალომე, დატოვეთ დარბაზი! დაატოვებინეთ დარბაზი!.. თქვენც გაძევებთ!.. თქვენ არ მყავდით გაძევებული, მაგრამ თუ გნებავთ!.. დაატოვებინეთ დარბაზი ქალბატონ თინას, ქალბატონ ხათუნას, ქალბატონ სალომეს!” – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მანდატურებს და ხანმოკლე შესვენება გამოაცხადა.

სხდომის განახლების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა „სამარცხვინო საქციელი“ უწოდა მომხდარს.

“ვფიქრობ, ეს ქალი დეპუტატები არიან, რომელიც განსაკუთრებულად შეურაცხყოფენ როგორც პარლამენტის მანდატს, ასევე ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში… ვწუხვარ, რომ ასეთი სახე წარმოჩინდება ქალი პოლიტიკოსისა ქართულ რეალობაში”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მოგვიანებით, თვის ბოლოს, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებს ხელფასი ჩაერიცხათ, აღმოაჩინეს, რომ მათ ანაზღაურებას 200-200 ლარი აკლდა.

რეგლამენტის მიხედვით, “იმ პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც შესაბამის დღეს კომიტეტის სხდომის/პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობის პერიოდით კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა იქნა გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%”.

“ეს არ არის პატარა თანხა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ხელფასზე ვართ. ეს არის სასჯელი იმისთვის, რომ ათასჯერ დაფიქრდე როგორ გამოხატო პროტესტი”, – ამბობს ხათუნა სამნიძე, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე. ის სექსტემბერში ორჯერ გააძევეს დარბაზიდან, შესაბამისად, ხელფასიდან 10 პროცენტი დაუკავდა.

“ხელფასის დაქვითვა ნიშნავს, რომ არ გამოხატო შენი პოზიცია ისე მკვეთრად, როგორც ამას თვლი საჭიროდ”, – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია ფიქრობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა, რომ კოლეგების სანქცირებას “მსუსხავი ეფექტი” ჰქონდეს.

გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ლაპარაკს, არამედ გამოხატვის ფორმის არჩევასაც. ეს იქნება ბანერის გადმოკიდება, გაშლა… როდესაც ჩვენ წულუკიანის სიტყვით გამოსვლის დროს ბანერი გავშალეთ, ჩვენ არ ვუშლიდით მას ხელს, მაგრამ პაპუაშვილმა მაინც გადაწყვიტა, რომ ჩვენ უნდა გავეძევებინეთ”, – ამბობს კორძაია.

რადიო თავისუფლებამ პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით გაიგო, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარემ კოლეგებს ჯარიმა სულ 6-ჯერ დააკისრა.
რადიო თავისუფლებამ 2020 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატების შესახებ საჯარო ინფორმაცია 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოითხოვა.

ამ 6 შემთხვევას შორისაა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც ასევე 2023 წლის 20 სექტემბერს გააძევეს დარბაზიდან და დააჯარიმეს.

ის სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად ითხოვდა, პარლამენტში გამართულიყო დებატები, რომელზეც იმსჯელებდნენ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის, როგორც რუსულ ეფესბესთან დაკავშირებული “ქართველი-რუსი ოლიგარქისთვის”, ამერიკული სანქციების დაწესებაზე.

წინა დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, ქართულ ბანკებს უფლება მისცა, არ გაეყინათ სანქცირებული საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშები.

პარლამენტი არის იმ ხალხის წარმომადგენელი, რომლებიც ახლა ითხოვენ პასუხს… “ქართულ ოცნებას” მივმართავ, თქვენ ახლა იცავთ რუსულ ჯაშუშურ ქსელს…” – ამბობდა გიორგი ვაშაძე.

მას პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით დამთავრების საშუალება არ მისცა.

“გასაგებია, გავიგე, ბატონო გიორგი. იმიტომ გითიშავთ [მიკროფონს], რომ გასაგებია თქვენი პოზიცია. ნუ საუბრობთ მიკროფონის გარეშე. შენიშვნას გაძლევთ მიკროფონის გარეშე საუბრისთვის”, – უთხრა მას შალვა პაპუაშვილმა და მალევე მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს სხდომათა დარბაზიდან გააძევებინა კოლეგა.

თამარ კორძაია იხსენებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილების გამო, მთელი აქცენტი მასზე იყო გადატანილი და უყურადღებოდ რჩებოდა იმ ხელოვანების პროტესტი, რომლებიც პარლამენტის გარეთ იყვნენ შეკრებილები.

“ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ავსახოთ საზოგადოების უკმაყოფილება პარლამენტში. ვიყენებთ ყველა იმ მეთოდს, რომელიც ადეკვატურია ამისთვის – ვიყენებთ კითხვის დასმის შესაძლებლობას, მერე პოზიციის შეთავაზებას. როცა ამას ვაკეთებთ და სხვა გზა აღარ გვრჩება, ვიყენებთ პროტესტის ამ ფორმას. ეს გავაკეთეთ წულუკიანის შემთხვევაშიც”, – ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი.

მათ მიმართ გამოყენებული სანქციები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აფიქრებინებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება შერჩევითი და დისკრიმინაციულია.

მაგალითად, 31 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილის თანაგუნდელმა ირაკლი ბერაიამ თავდაცვის კომიტეტში მისი მოადგილე, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი შეურაცხყო.

ამ დროსაც თითქმის სრულად ცარიელი იყო დარბაზი, თუმცა სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, რომლის უფლებაა ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება – გაუთიშოს დეპუტატს მიკროფონი, მისცეს შენიშვნა ან სხდომათა დარბაზიდან გააძევოს კოლეგა, არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. პირიქით, მან ირაკლი ბერაიას სიტყვის დასამთავრებლად დაუმატა დრო.

“შეიძლება ყველას მოუვიდეს ასეთი გადაცდომა. მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ბატონმა ირაკლიმ, რაც შეეხებოდა მისი გამოსვლის ბოლო 5 წამს, მან ბოდიში მოიხადა. მოდი, დავაფასოთ ეს ბოდიში…

როდესაც გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, შევეცდები დროულ რეაგირებას. სიმართლე გითხრათ, ყველას გამოსვლას არ ვუსმენ ხოლმე და ასე წამიერი რეაგირება ვერ მექნება”, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა მეორე დღეს.

პარლამენტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ გამოსვლის გამო ირაკლი ბერაიას ფინანსური სანქცია არ დაკისრებია.

“[პარლამენტის თავმჯდომარე] შეუზღუდავად აძლევს უმრავლესობის წარმომადგენლებს სიძულვილის, დისკრიმინაციული ენით საუბრის უფლებას. თუმცა ძალიან ხშირად ურთავს მიკროფონს ოპოზიციის წარმომადგენლებს იმის გამო, რომ “გასცდნენ თემას”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

პლენარული სხდომის მიმდინარეობის დროს სხვა არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური ან სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა.

მაგალითად, 2023 წლის 23 მარტს, დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს უმრავლესობის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიკროფონი ჩაარტყა, ლევან მგალობლიშვილმა კი ნაკაიძეს მიკროფონი ესროლა.

კიდევ უფრო ადრე, 2022 წლის 1 მარტს, უკრაინაში რუსეთს სამხედრო შეჭრიდან რამდენიმე დღეში, უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა “ხელისუფლების დამუნათების” გამო ოპოზიციას შეაგინა.

“თან გვეუბნებით, რომ ერთად დავდგეთ და ევროკავშირში შევიდეთ, თან ასე სამარცხვინოდ იქცევით და ამუნათებთ საკუთარ ხელისუფლებას. ეს არის თქვენი საქციელი? ამაში უნდა გენდოთ? ესა ხართ? ესაა საქციელი სწორი? ეს არის მოქალაქეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება? საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს – ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე”, – თქვა მაშინ ყაველაშვილმა.

არც ყაველაშვილი, და ოცნების სხვა არცერთი წარმონადგენელია არ არის იმ დეპუტატების სიაში, რომელთა წინააღმდეგ ხელფასის დაკავების სანქციაა გამოყენებული. მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი იმ გრძელ სიაშია, ვისაც ხელფასი სესიებისა და კომიტეტის სხდომების გაცდენებისთვის დაექვითა.

20 სექტემბერს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ პირველად გამოიყენა დარბაზიდან გაძევება, როგორც სანქცია დეპუტატების წინააღმდეგ, პლენარულ სხდომაზევე განმარტა, რით ხელმძღვანელობს გადაწყვეტილების მიღების დროს:

“ყველას ვაძლევ რამდენიმეჯერ ხმაურის შესაძლებლობას, უკვე როცა ზედმეტი ხმაურია, [დარბაზს] ვატოვებინებ”.

რადიო თავისუფლება

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share