გრიგორიადისის დედა ლაზარეს შეწყალებაზე: იმედი რომ არ მქონდეს, რა აზრი აქვს ჩემს ყოფას?

ლაზარე გრიგორიადისის დედის, თამთა კალანდაძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ლაზარეს პრეზიდენტი შეიწყალებს.

ამ თემაზე მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.

“იმედი რომ არ მქონდეს, რა აზრი აქვს საერთოდ ჩემს ყოფას და ცხოვრებას?”- თქვა მან და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან ჯერ სასამართლო პროცესები არ დასრულებულა და შესაბამისად, საქმეზე გადაწყვეტილებაც არ გამოუტანიათ.

“[პრეზიდენტთან] კომუნიკაცია პირადად ჯერ არ მქონია იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ჯერ აზრი არ აქვს, პროცესი ხომ უნდა დასრულდეს, განაჩენი დადგეს და მერე გვექნება კომუნიკაცია. გვეიმედება იმიტომ, რომ მას აქვს ბერკეტი, რომ შეიწყალოს ლაზარე. სავარაუდოდ, ის ადევნებს თვალს, ამ საქმეში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული და ვფიქრობ, რომ გაითვალისწინებს ახალგაზრდების თხოვნას”- თქვა კალანდაძემ.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share