2023 წელს საქართველოში კიდევ ერთმა ადამიანმა დაკარგა თვალი საპროტესტო აქციაზე. უფლებადამცველები კი ისევ ამბობდნენ, რომ ძალა, რომელსაც პოლიცია იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ, არაპროპორციულია.
ამ წელს პირველად დაიწვა აქციაზე პოლიციის მანქანები და პირველად დააკავეს პროტესტის მონაწილეები ცარიელი ფურცლის ჭერის გამო.
წლის ყველაზე დიდი ქუჩის პროტესტი “აგენტების კანონის” წინააღმდეგ იყო მარტში, თუმცა 2023 წელს მშობლები იბრძოდნენ შვილების წამლისთვის, ბათუმში კვერცხები დაუშინეს რუსული საკრუიზო გემს, თბილისში და ქუთაისში აეროპორტებში ბანერებით მივიდნენ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, , კულტურის სფეროს წარმომადგენლები ისევ უსტვენდნენ კულტურის სამინისტროსთან, მასწავლებლები სკოლების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ, “რიონის ხეობის მცველები” წელს რაჭის ტყეების გასხვისების წინააღმდეგ იბრძოდნენ, “ჯიუტები” კი ამინდის მიუხედავად ყოველდღე იკრიბებოდნენ პარლამენტის შენობასთან.
რადიო თავისუფლება იხსენებს 2023 წლის საპროტესტო აქციებს და მოძრაობებს, იმ მოთხოვნებს, რომლებიც მოქალაქეებს ჰქონდათ ხელისუფლების მისამართით და ითვლის აქციებზე დაკავებულებს.
“არა რუსულ კანონს”
საპროტესტო გამოსვლები თებერვლის ბოლოს პარლამენტში “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი დეპუტატების გაერთიანების, “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტს მოჰყვა, რომელსაც მალევე დაერქვა “რუსული კანონი”.
22 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოში რეგისტრირებული “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონით ყველა ორგანიზაცია, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ უცხოეთიდან, ვალდებული ხდებოდა დარეგისტრირებულიყო “უცხოური გავლენის აგენტებად.” კანონის შემოღების აუცილებლობაზე საუბარი ქართული ოცნების წევრებმა 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყეს.
პარლამენტმა აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით 2 მარტს დაიწყო, 7 მარტს კი პირველი მოსმენით მიიღეს იმის მიუხედავად, რომ 9 მარტი ჰქონდათ ნათქვამი. . აქციები, რომლებიც მარტის პირველი დღეებიდან იმართებოდა პარლამენტის შენობასთან, 7 მარტს ხალხმრავალ პროტესტად იქცა. საზოგადოების წინააღმდეგობის გამო მმართველმა პარტიამ პირველი მოსმენით მიღებული კანონი უკან გაიწვია და 10 მარტის სხდომაზე ოფიციალურად ჩააგდო.
2 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 36 ადამიანი დააკავა, მათ შორის “პუბლიკასა” და “ტაბულას” ჟურნალისტები და 2 200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა ზურა ვარდიაშვილს და ბექა ჯიქურაშვილს. კიდევ ერთი დაკავებული ნიკა კვიტატიანი კი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა აქციაზე “მონა ლიზას” ყვირილის გამო.
კიდევ უფრო მეტი, 133 ადამიანი დააკავა პოლიციამ 7-8 მარტის აქციებზე – მათი ნაწილი რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ პოლიციელები მათ დაკავებისას ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სასამართლოში კი მათგან აღიარებითი ჩვენების მიცემას ითხოვდნენ – ყველა დაკავებულის შემთხვევაში მტკიცებულებად მხოლოდ პოლიციელების ჩვენები იყო წარდგენილი.
ამ დრომდე საპატიმრო დაწესებულებაში რჩება მარტის აქციების მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციამ 29 მარტს დააკავა. გამოძიება მას პოლიციელის მანქანის დაწვას და “მოლოტოვის კოქტეილის” სროლას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. წინასწარი პატიმრობისას მას 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 2 წლის წინ ოჯახური ძალადობის საქმეზე.
7 მარტის ღამეს, პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე თვალი დაუზიანდა და მხედველობა დაკარგა 55 წლის ზაზა ბიღიაშვილმა – სახელმწიფო ამ დრომდე არ აღიარებს მისთვის მიყენებულ ზიანს.
2023 წლის ბოლოს, 12 დეკემბერს “ხალხის ძალის” წარმომადგენელი, დიმიტრი ხუნდაძე კვლავ გამოვიდა ინიციატივით, რომ სასწრაფოდ არის საჭირო “არასამთავრობოების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება”. მას ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” მსგავსის შექმნა უნდა.
“წამალი ბავშვებს”
20 აპრილიდან 19 დღე-ღამის განმავლობაში თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან დედები ითხოვდნენ საქართველოში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის პრეპარატ VOXZOGO-ის („ვოსორიდიტის“) შემოტანას.
ქალებმა სახელმწიფოსთან მოლაპარაკება ამ საკითხზე 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყეს – დუნედ მიმდინარე პროცესმა ისინი აიძულა ქუჩაში გამოსულიყვნენ. იმ დროს, როცა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები, მათი მშობლები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავდნენ, ხელისუფლებას უკვე აღმართული ჰქონდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რკინის ღობე.
23 აპრილს, თბილისში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი მსვლელობა, „წამალი ბავშვებს“ მოეწყო. მომდევნო დღეს, გადაიკეტა თავისუფლების მოედანიც. 25 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედებს შეხვდა. მომდევნო დღეს გამართა შეხვედრა პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრთანაც.
მთავრობის კანცელარიასთან 24-საათიანი აქციები 5 მაისს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ შეწყდა. მშობლებს დაჰპირდნენ, რომ უახლოეს ხანში შეიქმნებოდა აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლი და გაიდლაინი. ფინანსთა სამინისტრო კი მზად იყო ბავშვებისთვის „ვოსორიტიდი“ შეესყიდა. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებმა პრეპარატ ვოსორიდიტის პირველი დოზა 15 დეკემბერს მიიღეს იაშვილის კლინიკაში.
„რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“
19 მაისს სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის ფედერაციიდან მომავალი თვითმფრინავი – ამ რეისის მგზავრებს საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. პოლიციამ აქციის 6 მონაწილე დააკავა. ამავე დღეს რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გასაპროტესტებლად კიდევ ერთი აქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთან.
29 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარში გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა, რომელიც 2019 წლის “გავრილოვის ღამის” შემდეგ დააწესა, 2023 წლის 10 მაისს მოხსნა და ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული” უწოდა. დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებს სამი კომპანია, რუსული “აზიმუტი” და “რედვინგსი” და ქართული “ჯორჯიან ეარვეისი” ასრულებენ. დეკემბრის მონაცემებით, თვეში სულ მცირე, 200 ავიარეისი სრულდება რუსეთსა და საქართველოს შორის.
ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი ყვარლის ტბაზე
20 მაისს აქცია გაიმართა კახეთში, სასტუმრო “ყვარლის ტბასთან”, სადაც წინა დღეს გავრცელებული ინფორმაციით, იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და იქვე იგეგმებოდა ლავროვის შვილის მაზლის საქორწინო წვეულება. ამ აქციაზე პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა – მოგვიანებით გურჯაანის სასამართლომ 11 მათგანი უდანაშაულოდ ცნო.
მაღაროელების პროტესტი ჭიათურასა და თბილისში
13 ივნისის ღამეს ჭიათურაში ათმა გაფიცულმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. პროტესტის უკიდურეს ფორმას მათ გაფიცვის მეშვიდე დღეს მიმართეს. სამი ათასზე მეტი მაღაროელი ითხოვდა ხელფასის ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. რამდენიმე გაფიცულმა თვალები და პირი ამოიკერა.
19 ივნისს გაფიცული მაღაროელების ნაწილი ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა და პარლამენტის წინ კარვები გაიშალა. 20 ივნისს მაღაროელებმა მსვლელობა გამართეს პარლამენტიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ცენტრალურ ოფისამდე. კომპანია ამ დროს ამტკიცებდა, რომ ხელფასების მატების მოთხოვნა ალოგიკურია, ვინაიდან “ჯორჯიან მანგანეზს“ არამომგებიანი კომპანიაა 12 მილიონი ლარის ზარალით.
ჭიათურელ მაღაროელებსა და “ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტს შორის შეთანხმება პროტესტის მესამე კვირის თავზე შედგა.
პროტესტი თეთრი ფურცლებით
2 ივლისის საღამოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან პოლიციამ დააკავა დემონსტრანტები ცარიელი ფურცლით ხელში – ასეთი რამ მანამდე ძირითადად რუსეთში ხდებოდა.
ამ დღეს მოქალაქეების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო გამოხატავდა პროტესტს, რომელმაც უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია გაიმეორა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, მეორე ნაწილი კი ცდილობდა იმის ჩვენებას, რომ ქაღალდზე დაწერილი “ირა*ლი” გამოხატვის თავისუფლებაა და არა კანონდარღვევა.
2 ივლისის აქციაზე დაკავებულების საქმეს სასამართლო ოთხი თვის განმავლობაში განიხილავდა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 27 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აქციაზე თეთრი ფურცლით დგომა ხულიგნობად ჩაითვალა.
ქართული კინოს მანიფესტი
12 ივლისს კინოსექტორის წარმომადგენლებმა კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე ქართული კინოს მანიფესტი წაიკითხეს – აქცია ხელოვნების სფეროში ცენზურის დაწესების მცდელობების წინააღმდეგ გაიმართა, ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე.
“ჩვენ უარს ვამბობთ ერთმნიშვნელოვან ხელოვნებაზე;
ჩვენ უარს ვამბობთ კულუარულ პოლიტიკაში მონაწილეობაზე;
ჩვენ მხოლოდ დავცინებთ შეუმდგარ ცენზორებს და მათ განზრახვას მოათვინიერონ ქართული კინო.
ჩვენ გვჭირდება სივრცეები, სადაც ერთმანეთს შევხვდებით; სივრცეები მსჯელობისა და ურთიერთგაცვლისთვის;
ჩვენ ვეძებთ ახალ გზებს, ქართულ კინოს დავუმკვიდოთ ღირსეული ადგილი;” – ესაა ფრაგმენტი კინოს სფეროს წარმომადგენლების მანიფესტიდან.
ივლისშივე კინოსექტორის 400-ზე მეტმა წარმომადგენელმა ბოიკოტი გამოუცხადა ეროვნულ კინოცენტრს, რომლის ხელმძღვანელადაც 2023 წლის ივნისში კულტურის მინისტრმა საკუთარი მოადგილე დანიშნა ხელმძღვანელად და რეორგანიზაცია გამოაცხადა.
“რუსეთი მტერია და არა სტუმარი!”
31 ივლისს საპროტესტო აქციით დახვდნენ ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო გემის Astoria Grande-ს შემოსვლას – ამ დღეს აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან. პოლიციამ პორტსა და ბულვარს შორის რკინის ჯებირები აღმართა და აქციის 23 მონაწილე დააკავა.
საკრუიზო ხომალდი, რომელიც ბათუმს 28 ივლისსაც ეწვია სავარაუდოდ ეკუთვნის სანქცირებულ რუს ბიზნესმენ დმიტრი პურიმს.
“რაჭა არ იყიდება”
ოქტომბრის დასაწყისში ონში საპროტესტო კარავი გაშალეს “რიონის ხეობის მცველებმა”, რომლებიც წინა წელს ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ. . ამჯერად აქტივისტები ონში რაჭის ტყეების გასხვისებას აპროტესტებდნენ. „რიონის ხეობის მცველების“ მოთხოვნა, გაუქმდეს ლიცენზია, რომელიც კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ უფლებას აძლევს 49 წლით დაისაკუთროს რაჭის ტყის 104 712 ჰექტარი, 28 ნოემბერს სახელმწიფომ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სამონადირეო ლიცენზია გაუუქმა. ეს კომპანია დაკავშირებულია “კარტოგრაფების საქმის” მთავარ ფიგურანტთან, ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან.
ლიცენზიის გაუქმებამდე “რიონის ხეობის მცველებმა” აქცია გამართეს თბილისშიც. 18 ნოემბერს გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 11 პირი, რომელთა შორის იყო მოძრაობის, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის”, ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი. 19 ნოემბერს მოსამართლემ ყველა მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
“კარვების ჩაცმა” კარვების აკრძალვის პასუხად
5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, რომლითაც უფრო გართულდა საპროტესტო აქციებზე კარვების გაშლა და დროებითი კონსტრუქციების, მაგალითად სცენის აწყობა. საკანონმდებლო ორგანოში ამ ცვლილებების განხილვის პარალელურად, აქტივისტებმა ჩიტაძის ქუჩაზე აქცია გამართეს, კარვები „ჩაიცვეს“ და მსვლელობა მოაწყვეს.
“მარში შიმშილის წინააღმდეგ”
23 დეკემბერს თბილისში, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან საპროტესტო მარში გაიმართა სკოლებში უფასო კვების დანერგვის მოთხოვნით.
მთელ საქართველოში ბუფეტი საჯარო სკოლების მხოლოდ 25%-ს აქვს. საქართველოში მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში განიცდის შიმშილის გრძნობას. სახელმწიფო პრობლემას აღიარებს, თუმცა არ ამბობს კონკრეტულ თარიღს და არ ასაჯაროებს გეგმას, როდის და როგორ შეიძლება დაიწყოს უფასო კვების პროგრამის დანერგვა საჯარო სკოლებში.
რადიო თავისუფლება