თეთრი ფურცლით ქუჩაში, საშვით კი პარლამენტში – აიწონა-დაიწონა დემოკრატიასთან

2023 წელს საქართველოში პირველად დააკავეს დემონსტრანტები აქციაზე თეთრი ფურცლის ჭერის გამო, პირველად დაიწვა ხალხმრავალ აქციაზე პოლიციელების ავტომობილები, პირველად ისროლეს “მოლოტოვის კოქტეილებიც”.

ამ წელს საზოგადოებამ მმართველი პარტია აიძულა, უარი ეთქვა “აგენტების შესახებ” კანონზე და ქუჩაში იცავდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ხელისუფლებამ კი ახალი კანონები მიიღო იმისათვის, რომ უფრო გაუმარტივდეს აქციებზე და აქციების მიღმა სამართალდამრღვევების პოვნა და დასჯა.

რადიო თავისუფლება იხსენებს 2023 წელს მიღებულ სადავო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც შესაძლოა გააუარესოს ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ასევე გადახედა სასამართლოში წასულ იმ საქმეებს, რომლებიც აქტივისტების, ხელოვანების თუ აქტიური მოქალაქეების დასჯის ან დაშინების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

“აგენტების ვერმიღებული კანონი” და “ხალხის ძალის” ახალი ინიციატივა

2023 წლის პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარი ადგილი 7-9 მარტის აქციებმა დაიკავა – გაზაფხულზე საზოგადოება ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოვიდა ქუჩაში. ხალხმრავალი აქციების შემდეგ პირველი მოსმენით მიღებული კანონი პარლამენტმა უკან გაიწვია – ამ კანონს მისმა მოწინააღმდეგეებმა “რუსული კანონი” დაარქვეს.

ეს კანონი ყველა ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, “უცხოური გავლენის აგენტებად” რეგისტრაციას ავალდებულებდა.

2023 წლის დეკემბერში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამ კანონის უკან გაწვევაზე თქვა, რომ მათ არ მიეცათ “დემოკრატიის დაცვის შესაძლებლობა,” “აგენტების კანონის” ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ კი კვლავ წამოაყენა ინიციატივა, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ამერიკის შეერთებული შტატების “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” მსგავსი საქართველოშიც.

7 მარტი, საპროტესტო აქცია "რუსული კანონის" წინააღმდეგ
7 მარტი, საპროტესტო აქცია “რუსული კანონის” წინააღმდეგ

მეტი სიმკაცრე აქციებზე გასაშლელ კარვებთან

კიდევ ერთი სადავო კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ოქტომბრის დასაწყისში განიხილავდა და სამი მოსმენით მიიღო, შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შეტანილი ცვლილებები იყო, რომელიც უფრო ართულებს საპროტესტო აქციებზე კარვების გაშლას და დროებითი კონსტრუქციების, მაგალითად, სცენის აწყობას. ამ კანონს 17 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მმართველმა პარტიამ კი ვეტოს დაძლევა “არ იჩქარა.”

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები, “ოცნების” დეპუტატები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას ასახელებდნენ, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმებოდა.

31 ოქტომბერს პარლამენტარმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ვეტოს დაძლევით “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ცვლილებებს მაინც მიიღებენ, რადგან საფრთხეები კვლავ “დასაპრევენცირებელია”.

კარვების გაშლის ამკრძალავი საკანონმდებლო ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია ეუთო/ოდირმა.

2023 წლის 5 ოქტომბერს, მაშინ, როცა პარლამენტი კარვებისა და სხვა ინსტალაციების შემზღუდავ კანონს მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილავდა, აქტივისტებმა კარვებით მოაწყვეს მსვლელობა ჩიტაძის ქუჩაზე.
2023 წლის 5 ოქტომბერს, მაშინ, როცა პარლამენტი კარვებისა და სხვა ინსტალაციების შემზღუდავ კანონს მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილავდა, აქტივისტებმა კარვებით მოაწყვეს მსვლელობა ჩიტაძის ქუჩაზე.

ბრძოლა სიძულვილის ენასა და უხამსობასთან

2023 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლის შესახებ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც მედიაში სიძულვილის ენის გამოყენებისა და უხამსობის შემთხვევების რეგულირება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადავიდა.

მედიაექსპერტები საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად საუბრობდნენ საფრთხეზე, რომ კანონში ცვლილებები შესაძლოა კრიტიკული მედიის დასჯის ინსტრუმენტად იქცეს, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები კი მის აუცილებლობას ევროსაბჭოს დირექტივით ხსნიდნენ, განმარტებით ბარათში კი მითითებული იყო, რომ ეს ცვლილება საქართველოს დაეხმარება კვლავ შეუზღუდავად ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის პროგრამა “შემოქმედებით ევროპაზე”.

მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები 2022 წელსაც შევიდა იმავე არგუმენტით, ევროკავშირთან დაახლოების სურვილით და “შემოქმედებითი ევროპის” სიკეთეებით სარგებლობის აუცილებლობით. მაშინ კანონში ცვლილებამ აკრძალა “ქვეცნობიერზე ზემოქმედება” მედიის მხრიდან.

ახალი თავდაცვის კოდექსი რელიგიური თანასწორობის პრინციპის წინააღმდეგ

2023 წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ახალი თავდაცვის კოდექსი, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების წინაპირობად მღვდელმსახურებისა და სასულიერო სასწავლებელში სწავლის მიზეზი აღარ იქნა გათვალისწინებული. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის სასულიერო პირებიც სამხედრო სამსახურიდან სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმებით არიან გათავისუფლებული.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები თვლიან, რომ ახალი კოდექსი, ნაცვლად იმისა, რომ ყველა კონფესიის აღმსარებელი თანაბარ პირობებში ჩაეყენებინა, კვლავ პრივილეგირებულ მდგომარეობას ანიჭებს მართლმადიდებელ ეკლესიას და აზიანებს არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების წევრების უფლებრივ მდგომარეობას.

უფრო ჩაკეტილი პარლამენტი

2023 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ მედიას დაუწესა შეზღუდვები საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისას, შემდეგ კი მოქალაქეების პარლამენტში დაშვების წესი გაამკაცრა.

6 თებერვალს შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც შეიცვალა პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი. შეცვლილი წესებით შეიზღუდა როგორც პარლამენტში დაშვებული ჟურნალისტების რაოდენობა, ასევე მათი პროფესიული საქმიანობა.

ჟურნალისტებს აღარ შეუძლიათ პარლამენტში რესპონდენტის თანხმობის გარეშე დასვან კითხვა, გადაიღონ დეპუტატის სამუშაო ოთახი და იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტარი საუბრისას გადაიფიქრებს ინტერვიუს მიცემას, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ჩაწერა. წესების დამრღვევ ჟურნალისტს საშვი უუქმდება.

წლის ბოლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა კვლევა იმის შესახებ, როგორ იმოქმედა მედიაზე პარლამენტში მუშაობის წესის ცვლილებამ. კვლევამ აჩვენა, რომ ჟურნალისტების 24%-ს ჰქონდა აკრედიტაციის დროებით შეჩერების გამოცდილება, 61% ამბობდა, რომ გაურთულდა დეპუტატებისგან ინფორმაციის მიღება, 22% კი თვლის, რომ ეს წესები ჟურნალისტებში თვითცენზურას იწვევს.

სექტემბერში კი, სანამ პარლამენტი ახალ, საშემოდგომო სესიას დაიწყებდა, პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში მოქალაქეების შეშვების წესიც შეცვალა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, პარლამენტის საშვის ასაღებად სავალდებულო გახდა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მიზნის მითითება. ასევე, ვიზიტორებს აეკრძალებათ პარლამენტში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, პლაკატისა და ბანერის გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, პარლამენტის უსაფრთხოების ახალი წესი არაპროპორციულად ზღუდავს პარლამენტის ვიზიტორების გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში.

არტისტული პერფორმანსი ეროვნულ გალერეაში

2023 წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის არტისტულ პერფორმანსზე მას შემდეგ, რაც მან ეროვნული გალერეის კედელზე გამოფენის გახსნისას მარკერით დაწერა ‘ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!” ჯგუფურ გამოფენაზე, სადაც სულაბერიძემ ეს წარწერა გააკეთა, გამოფენილი იყო მის მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც კედელზე ტექსტის დაწერის შემდეგ ჩამოხსნა ექსპოზიციიდან – გამოძიება სწორედ ქურდობის მუხლით დაიწყო.

სანდრო სულაბერიძის მიერ გალერეის კედელზე დატოვებული ტექსტის ანალოგიები თბილისის ქუჩებში არაერთ ადგილას გაჩნდა
სანდრო სულაბერიძის მიერ გალერეის კედელზე დატოვებული ტექსტის ანალოგიები თბილისის ქუჩებში არაერთ ადგილას გაჩნდა

სამდღიანი გამოკითხვებისა და პროტესტის ფონზე გამოძიება შეწყდა, გამოფენა კი, რომელიც ერთ თვეს უნდა გაგრძელებულიყო, ერთ კვირაში დაიხურა.

პროტესტი თეთრი ფურცლით

2023 წლის 2 ივლისის საღამოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან პირველად დააკავა პოლიციამ დემონსტრანტი ცარიელი ფურცლით ხელში.

ამ დღეს მოქალაქეების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო გამოხატავდა პროტესტს, რომელმაც უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის ნარატივი გაიმეორა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, მეორე ნაწილი კი ცდილობდა იმის ჩვენებას, რომ ქაღალდზე დაწერილი “ირა*ლი” გამოხატვის თავისუფლებაა და არა კანონდარღვევა.

2 ივლისის აქციაზე დაკავებულების საქმეს სასამართლო ოთხი თვის განმავლობაში განიხილავდა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 27 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აქციაზე თეთრი ფურცლით დგომა ხულიგნობად ჩაითვალა.

თეთრი ფურცლის გამო დემონსტრანტების დაკავება საქართველოში სიახლეა – ამგვარი კადრები ამ დრომდე ძირითადად რუსეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე გვქონდა ნანახი.

“ხელისუფლების დამხობის” საქმე ხელოვნების სფეროსა და უცხოური ორგანიზაციების წინააღმდეგ

2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც “გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში”. მომდევნო კვირებში ამ გამოძიების ფარგლებში დაკითხეს ათობით ხელოვანი, ვინც ორგანიზაცია “კანვასის” მიერ ჩატარებულ ტრენინგს ესწრებოდა.

14 ოქტომბერს “მემკვიდრეობის პლატფორმამ” ამ საქმეზე არტისტების დაბარება რეპრესიებს შეადარა. გიორგი მელაძემ, კანვას საქართველოს ხელმძღვანელმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ ეს საქმე, გარდა აქტიური ადამიანების დაშინებისა, მიზნად ისახავს უცხოური ორგანიზაციების და საერთაშორისო დონორების დისკრედიტაციასაც.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share