მწერალი, ეროვნული ბიბლლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინნაარსის სტატუსს აქვეყნებს:
”ამ ერთი წლის მანძილზე (ან უფრო ზუსტად, ამ წლის ერთი თვის) მენტალური სირთულეების დაძლევის პარალელურად, მე მოვისმინე და ავიტანე ყოველგვარი სიბინძურე და ცილისწამება, დაგეგმილი და მოულოდნელი, სრულიად სხვადასხვა წრიდან. ყველა ტალახი იყო უსაბუთო და გამიზნული იმისთვის, რომ ფეხზე ძლივს წამომდგარი, ისევ წავქცეულიყავი და სულ მცირე – კვლავ თვეობით გაუქმებულიყო ჩემი ცხოვრება. ცხადად ვხედავდი, როგორ იოლად გადავიქეცი ზოგი ჯგუფისთვის, მხოლოდ სწორი სიტყვებისა და საქმის გამო, ორ კვირაში, მისაბაძი ქართველიდან უმსგავსოდ და ყველაფრის ჩამდენად. როგორ ჩაიგუბეს პირში წყალი ვიწრო შიშების გამო მეგობრებმა და როგორ მიცავდნენ სრულიად უცხო ადამიანები. ვიდექი მტკიცედ და მგონი რომ ღირსეულად. ვცემდი პასუხებს – ხან მცირე ირონიით, ხან ვრცლად და სერიოზულად, ხან ღელვით – არ გამილანძღავს არავინ და თითიც არავისკენ გამიშვერია. თუმცა ესეც ითქვას – ამ ნიაღვრის საპირწონედ იყო გაცილებით დიდი და სუფთა მდინარე – ათიათასობით ადამიანის ყოველდღიური წერილი, საოცარი მხარდაჭერითა და სიყვარულით სავსე, მათიც – ვისგანაც საერთოდ არ ან უკანასკნელად ველოდი.
მე არ ვარ შურისმაძიებელი ადამიანი. ან ვარ და სხვანაირად –
– გავიდა დრო და ის ხალხი, ვინც ამ დღეებში ყველაფერი იკადრა, ნელ-ნელა ისევ დაბრუნდა ჩემთან, ზოგი ბოდიშით, ზოგი არშემჩნევით და არც მე შემიმჩნევია – ისევ გავუწოდე ხელი და ღიმილიანი დუმილით ვუთხარი, რომ ადამიანად ყოფნის უპირატესობა, ფერისცვალების უნარს ეფუძნება. რომ მე და თქვენ შეგვიძლია გადავლახოთ წარსული, გავუმჯობესდეთ და ვაპატიოთ ერთმანეთს – რომ მე ამისთვის მზად ვარ.
და საქმეებს შევუდექი. ადვილი იყო? არა. შესაძლებლობის ზღვარზე ვიარე და გავიმარჯვე.
წელს დავამარცხე დეპრესია და დავიმორჩილე შფოთვები.
ამას წინ ჯოჯოხეთური წელიწადნახევარი და მერე ტურბულენტური წელიწადი უძღოდა – უკვე გამოჯანმრთელების.
და არა. ალბათ ვარ შურისმაძიებელი. და გადავწყვიტე შურისძიება. არა კონკრეტულ ადამიანებზე, ეგ იოლი საქმე იყო და კაცმა რომ თქვას, არც ღირან ამად – ზედმეტად ზედაპირულები და უგემოვნოდ ტრაგი-კომიკურები არიან. არამედ შურისძიება საკუთარ თავზე. და დავისახე დიდი მიზნები. და აი, ამბები განსასჯელად, რომელთაც ამ წლიდან ვეჭიდები ჩემს მეგობრებთან ერთად:
პირველი და მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შესწავლაა – იმ ობსესიების და შფოთვების გენეზისის დადგენა, მათი გაჩვეულებრივება, ბიოქიმიის მართვის მცდელობა და სხვანი.
🟢 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა:
პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, დამწერლობის მუზეუმი, ახალი საცავები, რესტავრაციის ცენტრი, ციფრული ლაბორატორიების განახლება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. მემორანდუმი ოცზე მეტ მსხვილ ქართულ ბიზნესთან.
🟢 ეკვილიბრიუმი- სოფლის ბიბლიოთეკების აქტიური მომარაგება და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობა – უახლოესი გაიხსნება რომში, ემპოლიში და ბარიში, მერე – რიზე, დუბლინში, ათენში და აშშ-ს რამდენიმე ქალაქი. გაიხსნება სკვერი-ბიბლიოთეკა ქვეყნის არაერთ ქალაქში.
🟢 დავწერე და გამოიცა ორი წიგნი – ორივე განსხვავებული – ერთი ფეხბურთელზე (ჯერ საქართველოში მერე იტალიაში) და მეორე პოეტური კრებული #ახალისიმღერები – პირველი – ეროვნული ბესტსელერია, მეორე – ვფიქრობ, ძალიან ამბიციური ლიტერატურული საფეხურის. გამოვიდა #თომასზღაპრები ს მეორე ნაწილი. ვწერ კიდევ ორ ტექსტს – ასევე ორივეს განსხვავებულს, პირველი – #წერილებიჩემიბავშვობიდან მცდელობაა იმისა, რომ გაცილებით სრულყოფილი #გურულიდღიუები შეიქმნას და მეორე – #ობსესიები – პირველ სერიოზულ რომანზე მუშაობა. ვწერ ესეების ციკლს მუსიკაზე #ჩემიმუსიკისგაკვეთილები
🟢 ვასრულებ მუშაობას ,,ბჰაგავდგიტას” პოეტურ თარგმანზე, პრაბჰუპადასა და ვივეკანანდას კომენტარებით.
🟢 ვამუშავებ სადოქტორო მიმართულებას – ,,ფოლკლორის ფსიქოთერაპია” და ამით ვასრულებ ჩემი მასწავლებლის – ზურაბ კიკნაძის ანდერძს.
🟢 აღვადგინეთ ლეგენდარული LIB.GE და დავაფუძნეთ lib-აკადემია, რომელიც გულისხმობს პირველ სტრუქტურულ კერძო ონლაინ-სკოლას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
🟢 დაიწყო გადაღებები ფილმის #გურია (რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი) რომელიც შვიდი ქვეყნის კოპროდუქციაა და ვარ სცენარის ავტორთაგანი.
🟢 ვგეგმავ საკუთარი მინი-ფილმების #სოფლებიდაადამიანები სერიის გაგრძელებას ნათელა გრიგალაშვილთან ერთად.
🟢 ვაგრძელებ მუშაობას ტელევიზიაში, საკუთარი ლიტერატურული რუბრიკით ახალი დღე • 1tv.ge და ვგეგმავ რადიოსაც.
🟢 ვმუშაობ მასწავლებლად European School – ევროპული სკოლა – და ვწერ სტატიებს ინტერნეტ-გაზეთისთვის Mastsavlebeli.Ge
🟢 ვკითხულობ საჯარო ლექციებს სკოლებში და უნივერსიტეტებში.
🟢 ვმუშაობ მოხალისედ ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew’s Foundation – ის სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებთან და ასევე ვცდილობ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს მოხალისეობასაც – მანდ გაცემული თითო სიტყვა დიდი სიხარულია – პირველ რიგში ჩემთვის.
🟢 ვუძღვები #გურულიდღიურებისფონდი – ს, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს სტიპენდიას უნიშნავს.
და ამის უკან დგას უამრავი ბიუროკრატიული ამბავი. და ჩემი ქაოსური პარალელური ბიოგრაფია – პირად ცხოვრებას რომ ეძახიან, აი – ის.
და მე ადამიანის ძალის მჯერა.
დამდეგ 2024 წელს გილოცავთ ამ რწმენით და დაჯერებით.
ნაწილობრივ თქვენი” – წერს გიორგი კეკელიძე.