“სტალინის ხატი არ უნდა არსებობდეს. მე ეკლესიური არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, სტალინს საქართველო არ უყვარდა”

ათასობით ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია ხატმა, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული. “მატრონა და სტალინი” – ასე ჰქვია ხატს, რომელიც წმინდა სამების ტაძარს “პატრიოტთა ალიანსმა” შესწირა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ფაქტი გააპროტესტა და ხატის ტაძრიდან გამოტანა მოითხოვა. ალბათ, ჩვენი მკითხველი დაინტერესდება, როგორ აფასებენ ამ მოვლენას ცნობილი ქართველები.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” დაიბეჭდა:

დიმიტრი ტატიშვილი, მსახიობი:

“ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე მოკლე და კონკრეტულია: სტალინის ხატი არ უნდა არსებობდეს, მით უმეტეს, საქართველოში. მე ეკლესიური არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, სტალინს საქართველო არ უყვარდა. ის, რომ მან ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სიკეთე გააკეთა, რუსული პროპაგანდაა და სხვა არაფერი. ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს და ამტკიცებს, რომ მას პასპორტში ეროვნებადაც “რუსი” ეწერა და საქართველოს მხოლოდ ზიანი მოუტანა. შესაბამისად, იქ, სადაც წმინდანების გამოსახულებაა და წმინდა ხატებია დასვენებული, სტალინის ადგილი არ არის…”

გიორგი გუგავა, პოლიტიკოსი:

“ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ამოვიდეთ ერთი პრინციპიდან: ეკლესია არ უნდა ერეოდეს საერო საქმეებში და საერო ხელისუფლებაც არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში. როდესაც ერში პოლიტიკური მანიპულაციების საგნად იქცევა ხატები და საეკლესიიო თემები, როდესაც მეუფეები აქტიურად არიან ჩარეული საარჩევნო პროცესში თუ სხვა საერო საქმეებში, ეს ყოველთვის იწვევს ხელოვნურ დაძაბულობას და ისეთ გამოვლინებებს, რომელიც ამ შემთხვევაში ვნახეთ…”

მამა პეტრე (კვარაცხელია):

“ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით, შემომწირველებს და ხატმწერს მისცეს მითითება, რომ ხატში კორექცია შეიტანონ: სტალინის გამოსახულება უნდა წაშალონ და კანონიკა, რომელიც დარღვეულია, სათანადოდ დაიცვან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპატრიარქო საკუთარ თავზე იღებს ხატის კორექციას. ჩემთვის მისაღებია, რომ საპატრიარქომ თავისი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირა…”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share