„პირველ კურსზე ვიყავი, როცა ერთ-ერთ გაზეთში ლექსები დავტოვე“ 22 წლის წინ -მ17 წლის გიორგი კეკელიძის დებიუტი

მწერალი გიორგი კეკელიძე ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და საზოგადოებაში ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს. შესაბამისად, ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს გული დასწყდა, როდესაც გიორგი კეკელიძე ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დირექტორობიდან გაათავისუფლეს. თუმცა მალევე, 17 იანვარს, მათ სასიხარულო ამბავი შეიტყვეს – გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე “ბიბ­ლუ­სის” შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი გახ­და.

“გავ­ხდი კომ­პა­ნია “ბიბ­ლუ­სის” შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი.

ვა­ფუძ­ნებთ “წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას”, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რეც ვიქ­ნე­ბი – ეს საქ­მე ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის წიგ­ნე­ბი­თა და კომ­პი­უ­ტე­რე­ბით მო­მა­რა­გე­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა”, – დაწერა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ სოციალურ ქსელში.

22 წლის წინ, 2002 წელს გიორგი კეკელიძის დებიუტი შედგა.  ამ ამბავს კეკელიძე ასე იხსენებდა:

“პირველ კურსზე ვიყავი, როცა “კვირის პალიტრის” ლიტერატურული რუბრიკისთვის რედაქციაში ლექსები დავტოვე. რამდენიმე დღეში ამ გაზეთის პირველმა რედაქტორმა, ქალბატონმა ლალი გუნთაიშვილმა დამირეკა, ძალიან მომეწონა და ეგებ რედაქციაში მოხვიდეო. იმ დღის შემდეგ ამ რედაქციის კარი ჩემთვის მშობლიური გახდა”, – აცხადებდა გიორგი კეკელიძე.

მაშ ასე, გთავაზობთ “კვირის პალიტრის” 2002 წლის 17 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ ლექსებს თავისი სარედაქციო შესავლით. ლექსები გამოქვეყნდა რუბრიკაში “უბრალოდ…ფრაზა”, რომელიც მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

17 წლის გიორგი კეკელიძის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელის შემოქმედებას ამ ცოტა ხნის წინ ასეთი შეფასება მისცა აწ გარდაცვლილმა მწერალმა ლევან სანიკიძემ: “წავიკითხე გიორგი კეკელიძის ახალი ლექსები, პროზაული ესკიზები, აფორიზმები. წავიკითხე და ფრიად გავიხარე, რომ ამასწინანდელი ნათქვამი – გიორგი კეკელიძის სახით ქართულ სამწერლობო ასპარეზს ახალი, მაღალღირსეული ძალა მოერთვის-მეთქი – არამცთუ არ გამიწბილდა, არამედ კვალაც და კვალაც, უმტკიცესად დავრწმუნდი მოხსენიებული ყმაწვილის სრულიად მადლმოსილ ნიჭიერებაში”.

415361896-1600526270751318-644997405865369564-n-1705577102.jpg

 

მთოვარე დილით

ქარს ვერ ენახა ღრუბელი მაშინ…

სევდამ მავნო და მანვე მათრია.

დილას აყვავდა მთოვარე ცაში,

არ ვიცი, წუხელ სად გაათია.

ატმის ნამქერში მზე გაიფანტა,

მერე ეული აღელდა ღელე…

სიო ჩავიდა ნელა… და ნელა,

კვალად და კვალად ჩასდია ხევებს.

ახლა მწუხრია… და შებინდდება.

ო, მე არ ვიცი, სადა ვარ ისევ,

სევდა მათრევს და ისევ მილეკავს

გუშღამ ამოზრდილ თაფლისფერ ფიქრებს.

მე თეთრი მთები მეუბნებიან:

წამებას შვების სიამეც ახლავს,

დაიძრებაო ზღვაური შორი

და ავბნელ დარდებს წალეკავს ტალღა.

ეს როდის, როდის? მანამდე სევდა,

დამათრევს ღვინოს შეყრილ ქარივით…

და დანგრეული სამრეკლოს პირას

ღამე ფეთქდება ალუბალივით.

 

მზე

(შემოდგომის ფილოსოფია)

ო, ბნელა, როგორ

ბნელა როგორ,

გახედე გორებს,

დაწყევლილი ღამე იწყება…

შენ ნუ მოიწყენ!

თუნდ ჩამქრალ სანთლის

ფერმა დაფაროს

ყოველი კუთხე,

მომეცი წიგნი,

წავიდეთ ზვარში,

იქ წავიკითხოთ!

 

 

დელგმა

… წუხელ

შუაღამისას

ბინდის სერობისას

მე ყველა სასმური ეშმამ წამიქცია.

ტაბლაზე გაიკვალა შარა ღვინისფერა

და ვერცხლის ნათება ნელა წაათრია.

ქარი დამცინოდა სარკმელთა მიღმიერ,

ო, როგორ მტკიოდა ძარღვების ფეთქვა,

მუხლებზე მეწყო შავი ვარდები და

უგულოდ ვფერავდი გაცრეცილ პერანგს.

სადღაა ძველებურ ყიჟინის დამცემი,

რაღა დროსიაო აწე შიმშერთ ლესვა –

ახლა ხომ, წყვდიადია ირგვლივ

ფეხმორთხმული

ახლა ხომ, მუხებს უღრღნის ფესვებსო

დელგმა?

 

….

მთვარე ქელთობის ცხელ გუბეში

მოიბანს ფეხებს,

ივრის ხეობას გადახედავს მერე და მერე,

შვილზედ მოზარე დედასავით ემხობა

ნისლი ჭლექიან ხევებს.

სიო ქრის ნელი, იფერფლება

ღრუბლის კანდელი

და ტრფობის ტკბობას განდეგილი

ირემი მღერის,

ნიაღვართქაფის მაჯისმეცა მოისმის შორით

მძაფრი და მწველი.

ზღვა

ნისლების

კალთიდან კრთიან კლდოვანები,

სარკმელზე

დაღლილი

მთვარის მოვანება,

სარკესთან

გაშლილია ვარდთრთვილოვანები.

ქარი…

სანთლის ალი…

უცხო ხმოვანება…

ქალი, ქალი, ქალი…

შორი მუსიკალი…

სიმში დასილული სულის

ფრთოვანება!

ნისლის კალთიდან კრთიან კლდოვანები.

კრთიან კლდოვანები.

ყვავილი გაღმა

(ანუ სიყვარული შუაღამეში)

ბნელია ახლა…

ყორანთ ლახლახი გაისმის შორე

გაუსაძლისი,

გადამთვრალ ღამეს უნაბდოდ სძინავს

ღვინო დაცლილი მთვარის სასმისით.

სიო მიათრევს ფიქრს ღამე ნათევს

და სადღაც ეძებს პატარა ყვავილს…

ხარხარით კვდება ზეხე ყორანი

ტყეში კი სვავი აბერებს ხავილს.

თვალებს იტაცებს მთვარე ეული

თუ კენტ მთოვარეს მიაფრენს თვალი?

სიცარიელის ჰყვლეფენ ლანდები,

ღრუბლის ანტლიას იყუდებს ქარი.

ცისფერ ლერწმებში გაზრდილ

ვარსკვლავებს

ლეზვისფერ ტბაზე უჭედენ ჯაჭვებს.

და ცეცხლის დაშნით გამოფატრული

სხეული ეძებს ყვავილის თვალებს.

და ბოლოს ვნახე… მაგრამ მიმქრალი

ძლიერ შორს იყო, კლდეებში, გაღმა.

მდინარეს ბეჭზე შეეგდო მორი

და შმაგი კვნესით მიჰქონდა მაღლა.

სული დათქერა გრძნობამ შეშლილმა

და მორევისკენ ჩავყევი ფიქრებს…

და მერე ტალღამ დამახრჩო თმებით

როგორც ტყაშმაფამ, ჭაბუკი ვინმე.

ცხელი ლაღოზა მაძგერა ზურგში

ფსკერზე მოსულმა ხრამების ღამემ

და მოჩვენებად თვალს მიეკედლა

ყვავილით ხელში მოსული მთვარე.

მაისის ამოსვლა ვარდზე

ახლა მაისია ვარდზე ამოსული,

შიშველ მთებს ველური დათრობა ახლავს.

ოცნებას მისთხოვდა ღამე მარტოსული

და მერე ორივე გაფრინდა სადღაც…

ნისლებს უფერიათ ფერი ფერწასული

ჯაგნარში მოუკლავთ ფიქრების მთვარე,

მე დავეხეტები ვით კენტი ასიდა

და ვებრძვი ღვართქაფის ქარბუქის ალებს.

ქიმერს შელეწილი გემის მხარბეჭები

შავი თოლიების თეთრი სამარეა,

აღარ დაბრუნდება ღამის ბედაური!..

ქვედა ყანაში ხომ ავთა სამანეა.

ბინდებს ერკინება სანთელი ეული,

ციგვამს დაუსივდა მოხუცი უბე.

ჩემ წინ თვალდახრილი სულის იმედია

და უკან სიკვდილის მხრჩოლავი გუბე…

ოდეს გათენდება დილა გაზაფხულის

და როცა ამოვა მზის ია ცაში,

გულში ჩავიხუტებ ცთომილ ნათებას და

ბებერ ნავს ჩავუყვები ბობოქარ ზღვაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share