“აუცილებელია რომ გქონდეთ წყალი, ელემენტებზე მომუშავე რადიო და ფანარი იმისთვის, რომ პირველი 36 საათი გადარჩეთ. ეს ელემენტარული საკითხია. ამით უნდა დავიწყოთ და გავიაზროთ, რომ ყველაფრის დაგეგმვა შეუძლებელია და ყველაფერი კარგად შეიძლება არ იყოს მომავალი 20 წლის განმავლობაში. იმას არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ხვალ მოხდება რაღაც ცუდი, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ მშვიდობა გარანტირებული მოცემულობა არ არის. სწორედ ამის გამო გვაქვს შესაბამისი გეგმები და ვემზადებით კონფლიქტისთვის რუსეთთან და ტერორისტულ ჯგუფებთან, იმ შემთხვევაში თუ თავს დაგვესხმებიან. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, მაგრამ თუ ისინი თავს დაგვესხმებიან, მზად უნდა ვიყოთ“.
ამას ამბობს NATO-ს, ანუ ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო ალიანსის ადმირალი, ბობ ბაუერი… ასევე იმას, რომ გარანტირებული მშვიდობა არ არსებობს, პუტინის რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე სავსებით რეალურია და ყველაზე დაცული ქვეყნების მოქალაქეებმაც კი უნდა იცოდნენ შეტევის საწყის ფაზაში თავი როგორ გადაირჩინონ. ანალოგიური განცხადებები გაკეთდა ალიანსის არაერთი ევროპული წევრი სახელმწიფოს მხრიდანაც. მეტიც, დანიამ უკვე დაიწყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღდგენაზე ზრუნვა; შვედეთი წყალქვეშა გემების წარმოების განახლებას გეგმავს; NATO-მ ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დააანონსა; ბალტიის რესპუბლიკები რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე თავდაცვის ერთიანი ხაზის მოწყობაზე შეთანხმდნენ; გერმანიის, ანუ ევროპის ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ 5-წლიან პერსპექტივაში რუსეთი შესაძლოა NATO-ს რომელიმე სახელმწიფოს დაესხას თავს; რასაც, არც რუსი ანალიტიკოსები გამორიცხავენ, რადგან უკრაინაში პუტინის გამარჯვების, ან თუნდაც არ დამარცხების შემთხვევაში, იმ უმძიმეს პრობლემებთან გასამკლავებლად, რომელთაც ქვეყნის მუდმივი იზოლაცია და მხუთავი ეკონომიკური სანქციები გამოიწვევს, მას მორიგი ომის დაწყება მოუწევს.
მოსკოვის ქცევის ფონზე, თითქოს მოულოდნელი არაფერია, თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მხრიდან ალიანსის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესაძლებლობაზე არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ NATO-ს გენერლებიც საუბრობენ. ის რაც აქამდე მხოლოდ, თეორიული განხილვის საგანი იყო, დღეს პრაქტიკული პოლიტიკის სიბრტყეში გადავიდა. პოცდამის შემდგომი მსოფლიო წესრიგი ფუნდამენტურად შერყეულია. ახალი წესრიგის ჩამოყალიბებას კი მხოლოდ ძალთა ახალი ბალანსი განაპირობებს, რაც პირველ რიგში სწორედ ძალის, ანუ ომის ეკონომიკის, სამხედრო პოტენციალისა და მისი გამოყენების პოლიტიკური ნების ბალანსს ნიშნავს. ამიტომ, იმ საკმაოდ კომფორტული ვითარების შენარჩუნება, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დასავლეთი და ცენტრალური ევროპა აღმოჩნდა და რომლის შედეგებსაც, თუნდაც პუტინის პრეზიდენტობის პირობებში, ევროპის წამყვანი სახელმწიფოები მნიშვნელოვანი სარგებლის სახით იღებდნენ, დღეს გაორმაგებულ ძალისხმევას, პოლიტიკურ ნებას და ფინანსებს მოითხოვს.
თუმცა, ეს განცხადებები მხოლოდ პუტინის არაპროგნოზირებადობის, მისი ირაციონალიზმისა თუ უკრაინაში ომის შედეგი არ არის. ევროპული სახელმწიფოებისთვის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებასა და ამ გაგებით გარკვეული თვითკმარობის მიღწევაზე ფიქრს ამერიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების მზარდი პერსპექტივაც განაპირობებს. ტრამპის პოლიტიკის პროგნოზირება მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაზე დაყრდნობით უკვე შესაძლებელია, ამიტომაც ძნელი მისახვედრი არ არის თუ რა მოლოდინი ექნება მას ევროპული სახელმწიფოების მხრიდან NATO-ს უსაფრთხოების სისტემაში შესატანი წვლილისა და ვალდებულებების კუთხით. მეორეს მხრივ, უკვე თავად ევროპული სახელმწიფოები ხედავენ თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2 პროცენტამდე ზრდის გარდაუვალ საჭიროებას, რაც საკუთარი თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო პოტენციალის ზრდის და რაც მთავარია უკრაინის გამარჯვებისთვის არის საჭირო. ამ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ცვლილებებისთვის კი აუცილებელია ევროპული პოლიტიკური ელიტებისა და მთლიანობაში – ევროპის საზოგადოებრივი აზრის შემზადება, რათა შეიარაღების წარმოების და სხვა სამხედრო ხარჯების გაზრდილ მოთხოვნას ელექტორალური მხარდაჭერა ჰქონდეს.
ამ დიდი სურათის ფონზე და მისი გათვალისწინებით, დღეს, როდესაც აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს საქართველოს პოზიციებისა და როლის შემზადება პროცესში მონაწილეობისთვის, ამ მომენტში, როცა ისტორიამ კვლავ მოგვცა შესაძლებლობა დასავლეთის მნიშვნელოვან მოკავშირედ და ისტორიის სუბიექტად ვიქცეთ, თითქოს არხეინად და სრულიად გაურკვეველ ვითარებაში ვართ: იმის ნაცვლად რომ NATO-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით, ერთობლივ წვრთნებში აქტიური მონაწილეობით, სამხედრო პოტენციალის გაზრდით ჩვენს თავდაცვისუნარიანობას ვაძლიერებდეთ, პირიქით ვიქცევით: სწრაფად იზრდება ქვეყნის მოწყვლადობა ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურებისა და რუსული ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ; მოსკოვი “ქართველი რუსების” მეშვეობით ლამის ყოველკვირეულ რეჟიმში გვიტარებს ისეთ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ოპერაციებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ხელოვნურ დაპირისპირებას განაპირობებს, ნამდვილ მტერსა და აგრესორზე ფოკუსს გვირევს, რაც საერთო ეროვნული ამოცანების მისაღწევად კონსენსუსის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს. იმის ნაცვლად, რომ NATO-ს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად და მათივე დახმარებით, აქტიური მზადება მიმდინარეობდეს საქართველოს რუსეთის საფრთხისადმი მედეგობის გასაძლიერებლად, მთლიანად ვჯდებით პუტინის ფორმულაში, რომელიც უკრაინასთან მიმართებაში ასე ჟღერს: “ნუ შეგვეწინააღმდეგებოდნენ და ყველაფერი მალე დამთავრდებოდა”. ამ კატასტროფულად ცინიკური თეზისის აპოლოგეტები საქართველოს მთავრობას წარმოადგენენ. სანამ ეს ასეა და მამები ლაჩრობას – “სიფრთხილეს” ვუწოდებთ, არც გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ვითვალისწინებთ და არც ჩვენი წინაპრების ცივილიზაციურ არჩევანს – ნუ გაგვიკვირდება, რომ ჩვენი შვილები მონობას – “ერთგულებას” დაარქმევენ… ამ “ქართველების ერთგულების პანთეონში” კი, რა თქმა უნდა – სტალინი მთავარი კერპია!!!
ფორმულა