სტალინი გენიალური მხედართმთავარი იყო, არ მჯერა, რომ ეკლესიის დანგრევაზე ხელს მოაწერდა – იმედა კახიანი

წმინდა მატრონა მოსკოველის ხატმა, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი შეაშფოთა: უმრავლესობა, ამ ხატის სამების ტაძრიდან გატანას მოითხოვდა და სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამდა. კომპრომისზე ისევ საქართველოს საპატრიარქო წავიდა: შემწირველებს და ხატმწერს მითითება მისცა, რომ ხატში ცვლილებები შეიტანონ – სტალინის გამოსახულება წაშალონ და კანონიკა, რომელიც დარღვეულია, დაიცვან. ხატი სამების ეკლესიაში სხვა სივრცეში გადაიტანეს, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა მუდმივი კამათი სტალინზე, მის პიროვნებაზე. სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა ”კვირის პალიტრა”  საქართველოს სახალხო არტისტს – იმედა კახიანს, რომელსაც სტალინის მმართველობის ბოლო პერიოდი საკმაოდ კარგად ახსოვს:

– მე მგონი, ნამდვილად არ არის მოსაწონი ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა. რატომ? თანამედროვეთა თქმით, სტალინი მორწმუნე იყო, ახალგაზრდობაში ის სემინარიაში სწავლობდა და სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული. შესაძლოა, ბევრმა ისიც არ იცოდეს, ომის დროს, როგორ შემოატარეს მოსკოვს ღვთისმშობლის ხატი, ცხადია, სტალინის ბრძანებით და მისივე სურვილით. ეს ნამდვილი ამბავია, რომელსაც ვერავინ უარყოფს.

– თუმცა, სტალინური რეპრესიების დროს, ათასობით სასულიერო პირი დახვრიტეს და გადაასახლეს. ესეც ხომ ფაქტია?

– ვერ დაგეთანხმებით, რადგან სტალინს არც ერთი ეკლესიის დანგრევაზე და არც ერთი სასულიერო პირის დასჯაზე ბრძანება არ გაუცია. არსად სტალინის ხელმოწერა არ არის. მე ისიც არ მჯერა, რომ სტალინი ეკლესიის დანგრევაზე ხელს მოაწერდა, რადგან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ეკლესიასთან. მაჩვენეთ ერთი ბრძანება, სადაც სტალინს ხელი აქვს მოწერილი ტაძრის დანგრევაზე, ან რომელიმე სასულიერო პირის დასჯაზე და მაშინ დავიჯერებ, რასაც ამბობენ… სიმართლე კი ის არის, რომ ფაშიზმთან გამართულ საშინელ ომში, რომელმაც კაცობრიობას ყველაზე დიდი ზიანი და ტანჯვა მოუტანა, სწორედ სტალინმა გაიმარჯვა. რომ არა სტალინი, ამას ვერავინ შეძლებდა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ომი სწორედ მან მოიგო, რადგან გენიალური მხედართმთავარი იყო – ამას ვერავინ უარყოფს.

– ვერც იმას უარვყოფთ, რომ იმ წლებში ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი დახვრიტეს და გადაასახლეს!

– სამწუხაროდ, მსგავსი შეცდომები ხდებოდა, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ბევრი მათგანი საბჭოთა წყობის მოწინააღმდეგე იყო. ადამიანის დახვრეტა და სიკვდილით დასჯა როგორ შეიძლება, მაგრამ ჩვენც ხომ ვიცით, რომ საბჭოთა წყობილებას ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი უარყოფდა. მათ არ მოსწონდათ ქვეყანა, რომელსაც სტალინი აშენებდა. ეს იყო ურთულესი ეპოქა, როცა საბჭოთა კავშირს უამრავი მტერი და მოწინააღმდეგე ჰყავდა. ეს იყო ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის, როცა სტალინი ძალიან დიდ და ბოროტ ძალას ებრძოდა. რომ არა სტალინის ნიჭი, ამ ძალას ვერავინ მოერეოდა. სხვათა შორის, სათავეში სტალინამდე ვინც იყო, მათ უფრო მეტი ცოდვა აქვთ ჩადენილი, მაგრამ ახლა ყველაფერს სტალინს და ბერიას მიაწერენ. აბა, სად იყვნენ სტალინი და ბერია, როდესაც მეფის ოჯახი ამოჟლიტეს ისე, რომ მისი მსახურები და მზარეულიც კი არ დაინდვეს? ჩემი აზრით, სტალინი იმდენად დიდია, რომ ბევრი ცოდვა ეპატიება, რაც ნებსით თუ უნებლიეთ ჩაუდენია. გაიხსენეთ, როგორი ქვეყანა ჩაიბარა და როგორი დატოვა, როდესაც მოწამლეს და მოკლეს – მან მსოფლიოს პირველი სახელმწიფო შექმნა. თუნდაც იმიტომ, რომ ქართველი იყო და ფაშიზმს სძლია, მის ძეგლს, ან მის მუზეუმს ცუდად არ უნდა შევეხოთ.

– ალბათ, ამაში ძალიან ბევრი ვინმე არ დაგეთანხმებათ…

– შეიძლება არ დამეთანხმონ, მაგრამ ამას ყოველთვის ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ რეპრესირებული ოჯახიდან ვარ: მამაჩემი, ლადო კახიანი, ციმბირში იყო გადასახლებული. საქართველოში ექვსი წლის შემდეგ ჩამოვიდა და ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლებაც არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მას სტალინზე საყვედური არასდროს წამოსცდენია. მართალია, იმ წლებს ბევრი უდანაშაულო მსხვერპლი მოჰყვა, ზოგს გვარიშვილობის გამო იჭერდნენ, ზოგს – დაბეზღების გამო… ვინც უცხო ენა იცოდა, ან განათლებული იყო, მუშათა კლასის მტრად მიაჩნდათ. ცოტა რამ იყო საჭირო, რომ ადამიანზე ეჭვი მიეტანათ! რა თქმა უნდა, ეს უვიცობა და სიბნელე იყო, მაგრამ იყო ასეთი პერიოდი და რას ვიზამთ? რაც მაშინ ხდებოდა, მხოლოდ სტალინის, ან ბერიას დამსახურება არ ყოფილა.

– მამა რატომ გადაასახლეს?

– მან არც კი იცოდა, რატომ დასაჯეს! წლების შემდეგ გავიგეთ, რატომ იყო დაპატიმრებული: მე მივედი, გავარკვიე და ასეთი ბრალდება ჰქონდა წაყენებული – ძირგამომთხრელი საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. რა იყო ეს “ძირგამომთხრელი საქმიანობა”? – თვითონაც არ იცოდა! მხოლოდ ეჭვი ჰქონდა: საქმე ის არის, რომ მამა და მამიდა თბილისში, პლეხანოვზე ცხოვრობდნენ და ჩვენი სოფლიდან თუ ვინმე ჩამოვიდოდა სასწავლებლად, ან სამუშაოს მოსაძებნად, მათთან ჩერდებოდა. ერთხელ, მათთან ჩვენი მეზობელი, ახალგაზრდა კაცი ჩამოსულა, რომელიც მერე მილიციაში მოეწყო. მამა მასთან ერთად მცხეთაში, დღესასწაულზე წასულა. თურმე, ძალიან კარგად იხალისეს და მამაჩემი სახუმარო ანეკდოტებს ჰყვებოდა თანამდებობის პირებზე… მამაჩემს ეჭვი ჰქონდა, რომ ამ კაცმა მილიციაში ვიღაცებს უამბო, ლადო კახიანი ასეთ ანეკდოტებს ჰყვებოდაო. მაშინ დასმენა და დაბეზღება საკმარისი იყო, რომ ადამიანი ცხრა მთას იქით გადაესახლებინათ. ბევრი გადასახლებიდან არც დაბრუნებულა. ხშირად მახსენდება მამაჩემის მონაყოლი: კინო “აპოლოსთან” ვიჯექი, როცა თავზე დამადგნენ და წამიყვანესო. ციმბირიდან რომ დაბრუნდა, მერე დაოჯახდა, მეც გავჩნდი და ამდენი განსაცდელის შემდეგ, გახარებულმა “იმედა” დამარქვა. როგორც გითხარით, მე არ მახსოვს მამას სტალინზე ცუდი რამ ეთქვას, არც ჩვენი ოჯახი ამბობდა საყვედურს მის მიმართ ჩადენილი მძიმე შეცდომის გამო!

– ბატონო იმედა, ამ ყველაფრის გამართლება შეიძლება?

– ამის გამართლება როგორ შეიძლება, მაგრამ ასეთი დრო იყო… სამწუხაროდ, დიდი საქმეები მსხვერპლის და სისხლის გარეშე არ კეთდება. თუნდაც, დავით აღმაშენებელი გავიხსენოთ: ამ დიდი მეფის ბრძანებით, ქვეყნის მოღალატეებს სარზე სვამდნენ, ან თვალებს თხრიდნენ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ უდანაშაულო ხალხი იმ დროშიც დაისაჯა, მაგრამ საქართველო გადარჩა. სახელმწიფოს მშენებლობას ბევრი შეცდომა ახლავს, ზოგჯერ, უდანაშაულო ხალხიც ეწირება, მაგრამ საბოლოო ჯამში, აღმაშენებელმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი დიდი მეფეები ღმერთს შეწყალებას და შენდობას სთხოვდნენ და ჩვენც ვცდილობთ, ისინი თავიანთი დიდი საქმეების მიხედვით განვსაჯოთ. სტალინიც, დიდი ისტორიული პიროვნება იყო, რომელმაც სახელმწიფოს მშენებლობას ყველაფერი შესწირა. როგორ შეიძლებოდა ამხელა საქმეს უსისხლოდ, მსხვერპლის გარეშე ჩაევლო?

დღეს, ბევრი ცდილობს, რომ ის “გააშავოს”, მაგრამ არ ჯობია ფაქტების მიხედვით ვიმსჯელოთ? ან, უფრო მცოდნე ხალხის აზრი გავიგოთ იოსებ სტალინის როლის და მისი პიროვნების შესახებ? მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მივიჩნევ, რომ სტალინი მთელი მსოფლიოსგან მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.” – აცხადებს იმედა კახიანი.

კვირის პალიტრა

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share