ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას „რუსეთის ფედერაციის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიების შესახებ“. პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, ეს ერთგვარი პასუხია პუტინის მიერ გამოცემული იმ ბრძანებულებისა, რომლის მიზანი “უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა უფლებების უზრუნველყოფაა”.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გაერთიანების დღეს (День Собо́рності України), გამოსცა განკარგულება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი საუკუნეების განმავლობაში სისტემატურად ავიწროებდა უკრაინელებს, ანადგურებდა მათ ეროვნულ იდენტობას, არღვევდა მათ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის ამას აკეთებდა თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე, ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულ მიწებზე (ყუბანი, სტაროდუბშჩინა, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი სლობოჟანშჩინა) – კრასნოდარის მხარეში, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქებში.
ამას წინ უძღოდა, 17 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანება – შემუშავდეს წინადადებები “თანამემამულეთა რეპატრიაციაზე, უცხო, მათ შორის არამეგობრული ქვეყნებიდან უკანონო დეპორტაციის შემთხვევისთვის”. გარდა ამისა, პუტინმა გასცა დავალება, “მუდმივად უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა უფლებების უზრუნველსაყოფად” წინადადებების მოსამზადებლად.
ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების საფუძველზე უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა, რუსეთის ფედერაციაში უკრაინელების ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მიზნით, უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომელიც შემდეგ განსახილველად უნდა წარუდგინონ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს.
„დღეს ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები არა მხოლოდ უკრაინის და ჩვენი ხალხის ერთიანობის გასაძლიერებლად, არამედ ასევე უნდა ვიმოქმედოთ უკრაინელთა უფლებებისა და თავისუფლებების, უკრაინელთა შესახებ სიმართლის დასაცავად, სიმართლისა ჩვენ შესახებ და სიმართლისა ჩვენი ისტორიის შესახებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 22 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
კიევი ასევე გეგმავს შექმნას ცენტრი, რომელიც რუსეთში მცხოვრები უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და „იძულებითი რუსიფიკაციის, პოლიტიკური რეპრესიებისა და დეპორტაციის“ პოლიტიკის შესახებ მონაცემებს შეაგროვებს.
„უკრაინა აპირებს უფრო აქტიურად ებრძოლოს რუსეთის ფედერაციის დეზინფორმაციასა და პროპაგანდას და განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია უკრაინის შესახებ რუსული მითების დანგრევისკენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განკარგულებით, ცვლილებები შევა სასწავლო გეგმებში, „რუსეთში უკრაინელებით დასახლებული ისტორიული მიწებისა და ეთნიკური უკრაინელების შესახებ“ “ნამდვილი ისტორიის” მოსათხრობად.
ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აპირებს უმაღლეს რადას წარუდგინოს კანონპროექტი მოქალაქეობის შესახებ, რომელიც უკრაინის მოქალაქეობის მიღების საშუალებას მისცემს ყველა ეთნიკურ უკრაინელს, მათ შთამომავალსა (გარდა რუსეთის მოქალაქეებისა) და უცხოელ მოხალისეს.
უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში დაზუსტებული არაა, თუ რისგან უნდა შედგებოდეს ეს გეგმა და რა ვადებში უნდა მომზადდეს იგი.
უკრაინელი პოლიტოლოგი ვოლოდიმირ ფესენკო ფიქრობს, რომ ზელენსკის ინიციატივა “უკრაინის პასუხია პუტინს“.
„პასუხი, რა თქმა უნდა, იდეოლოგიურია, – ამბობს პოლიტოლოგი რადიო თავისუფლებისა პროექტის Current Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, – საუბარია სამუშაოზე, ღონისძიებებზე, საინფორმაციო, პროპაგანდისტულ, იდეოლოგიურ მუშაობაზე, ისტორიკოსების მუშაობაზე დოკუმენტური ბაზის მოსამზადებლად. აუცილებელია ამ მასალებით საინფორმაციო სივრცის გაჯერება, უკრაინელების ისტორიული ყოფნის ჩვენება იმ მიწებზე, რომლებიც მითითებულია განკარგულებაში.
მე შემიძლია დავამატო თუნდაც პირადი მაგალითები. როცა ენციკლოპედიაში ვნახე აკადემიკოსი ფესენკოვი, ჩვენ კი ფესენკოები ვართ, და ამის გამო გაკვირვება გამოვთქვი, ბაბუამ ამიხსნა: „ასე იყო 1920-იან, 30-იან წლებში”. მაშინ ბელგოროდის ოლქში სპეციალური ღონისძიებები იმართებოდა: გვარები რუსული ფორმით უნდა ჩაწერილიყო. ბებიაჩემი მთელი ცხოვრება ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში ცხოვრობდა, სიცოცხლის ბოლომდე უკრაინულად ლაპარაკობდა, მაგრამ ბავშვები უკვე სრულად “რუსიფიცირებულნი” იყვნენ და მთელი სისტემაც – ადმინისტრაციული, კულტურული, საგანმანათლებლო – ასევე “რუსიფიცირებული” იყო. დადგენილებას არავითარი უტილიტარული ღირებულება არ აქვს, მაგრამ ის მნიშვნელოვანია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თეზისის ნიველირებისთვის, თეზისისა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ანექსიას უკეთებს ვითომ რუსულ მიწებს. სინამდვილეში სწორედ უკრაინის მიწებია რუსეთის ფედერაციაში“.
ვოლოდიმირ ფესენკოს თქმით, საუბარი არაა ტერიტორიულ პრეტენზიებზე. უბრალოდ ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ მაგალითად, სლობოჟანშჩინა ესაა უკრაინის ისტორიული და კულტურული რეგიონი, სადაც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ეთნიკური უკრაინელები და რუსები:
„კონკრეტული მაგალითი: წაიკითხეთ პაუსტოვსკი, მისი წიგნი, მისი ცხოვრების აღწერა. ის გაიზარდა კიევში და თბილად იხსენებს ბილა ცერკვას (Bila Tserkva), სადაც ცხოვრობდა კაზაკურ-უკრაინული ფესვების მქონე მისი ბაბუა. პირველი მსოფლიო ომის დროს პაუსტოვსკი ტაგანროგის მახლობლად იმყოფებოდა და აღწერა კიდეც, როგორ საუბრობდნენ იქაური მეთევზეები უკრაინულად. ასეთი მაგალითები უნდა განიხილებოდეს. პრეზიდენტის განკარგულების ამოცანა ფაქტობრივი მასალის შეგროვებაა. ჩვენ უნდა ჩამოვშალოთ რუსული პროპაგანდა. უნდა ვაჩვენოთ, რომ ფაქტობრივად, დანაშაული ახლა არ დაწყებულა, რომ ის დაიწყო ცარისტული რეჟიმის დროს და გაგრძელდა-გაფართოვდა საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, თუმცა პერიოდულად ადგილი ჰქონდა უკრაინის აღორძინებასაც, მაგრამ იყო რუსიფიკაციაც“.
ვოლოდიმირ ფესენკოს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ იმპერიული ტენდენციის ჩვენება, რომ ამჟამინდელი დანაშაულებები გაცილებით ადრე დაიწყო.
„ეს არის უკრაინის პასუხი იმაზე, რასაც რუსეთი ისტორიული სამართლიანობის დაბრუნებას უწოდებს, რომ თითქოს ისტორიული რუსული მიწები უბრუნდება რუსეთს. ჩვენ კი ვაჩვენებთ, რომ უკრაინელებით დასახლებული ისტორიული მიწები მდებარეობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ესაა არგუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სასამართლოებშიც“.~
რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებიდან რუსეთში გაიყვანა დაახლოებით 4,8 მილიონი ადამიანი, მათ შორის, 700 ათასი ბავშვი.
არასრულწლოვანთა ნაწილი მიმღებ ოჯახებში, ნაწილი კი სამხრეთ რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმში მდებარე სანატორიუმებში გაგზავნეს თითქოსდა მშობლების თანხმობით.
კიევი ბავშვების მასობრივ გაყვანას კრიმინალურად ქმედებად მიიჩნევს, ხოლო ლვოვა-ბელოვას და პუტინის დასაკავებლად ჰააგის სასაამართლოს დაკავების ორდერები აქვს გაცემული.
ამასთან, უკრაინულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „სამოქალაქო თავისუფლებებისთვის“ მოამზადა ანალიტიკური ანგარიში „ტრიბუნალი პუტინისთვის“, რომელმაც შეაგროვა მონაცემები რუსეთის რეგიონებში დატყვევებული უკრაინელებისა და მათი პატიმრობის პირობების შესახებ.
დოკუმენტი მოიცავდა რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის 26 დაწესებულებას, რომელთაგან 6 როსტოვის, ვოლგოგრადისა და სტავროპოლის მხარის ტერიტორიებზეა.
სტავროპოლის მხარეში სკოლები აგროვებენ მონაცემებს მოსწავლეთა ეროვნების შესახებ – შესაბამისი შესავსები ცხრილები გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ფორმაში ჩამოთვლილია 32 ეროვნება, მათ შორის – რუსები, კაზაკები (ცალკე), უკრაინელები, სომხები, ბერძნები, ჩრდილოეთ კავკასიის რიგი ეთნიკური ჯგუფები, ებრაელები, ქურთები, იეზიდები, კორეელები, „ბოშები“ და სხვა.
რადიო თავისუფლება