ფორმალურად დასაცავი წესი ასეთია: მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ესე იგი, ბიძინა ივანიშვილი, პრემიერობის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭოს წარუდგენს, შემდეგ კი კანდიდატი – და „ოცნებაში“ ადასტურებენ, რომ ის კობახიძე იქნება, – პოლიტსაბჭოს თანხმობით წარედგინება პარლამენტს, სადაც უმრავლესობა ასევე „ოცნების“ ხელშია.
ირაკლი ღარიბაშვილი პირველად 2015 წლის ბოლოს გადადგა, – კორუფციული სკანდალების ფონზე, – მეორედ კი, ახლა, ივანიშვილის „მესამედ მოსვლის“ შემდეგ, – ივანიშვილის მიერ „კორუფციის რისკის ზრდაზე“ საუბრიდან ერთ თვეში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი დებდა პირობას, რომ პრემიერი არ შეიცვლებოდა.
და, მაინც,
რა იცვლება?
მთავრობის პოლიტიკა, სავარაუდოდ, არა.
ეკონომიკაზე, სოციალურ პოლიტიკასა თუ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე მათ ხედვებში განსხვავებები არასოდეს გამოჩენილა. ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ერთ პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდნენ. „ოცნება“ კი ბოლო წლებია, ჩამოყალიბდა მონოლითურ, ერთგვაროვან პოლიტიკურ პარტიად, რომელიც სახელმწიფოს მართვისას საერთო „მესიჯბოქსით“ არის აღჭურვილი. აქ ლიდერების საჯარო მოსაზრებებს შორის განსხვავებები მინიმუმამდეა დაყვანილი.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ არც ღარიბაშვილი და არც კობახიძე არ გამოირჩევიან კომპრომისული დამოკიდებულებით ოპოზიციისა თუ მედიის მიმართ.
ასე რომ, 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაც, მოსალოდნელია, რომ ისევ აგრესიული რიტორიკის ფონზე წარიმართოსო, – აცხადებს კაკაჩია.
რატომ იცვლებიან?
„ოცნების“ ოფიციალური „მესიჯ-ბოქსით“, მიზეზი „შიდა დემოკრატიაა“.
ღარიბაშვილმა პრემიერის რანგში ბოლო ბრიფინგზე პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება „შიდა დემოკრატიითა“ და „როტაციის პრინციპით“ ახსნა: გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობაო.
მაგრამ ანალიტიკოსები, – ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, – ამ გადაწყვეტილების უკან პოლიტიკაში ფორმალურად მესამედ შემობრუნებული ბიძინა ივანიშვილის გავლენიან ხელს ხედავენ.
„როგორც ჩანს, ღარიბაშვილის ქმედებებში რაღაცამ გააღიზიანა ბიძინა ივანიშვილი“, – ეუბნება პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ნოდია რადიო თავისუფლებას და ვარაუდობს:
- „შეიძლება, ჩათვალა, რომ ღარიბაშვილი ზედმეტად გაძლიერდა;
- შეიძლება, ჩათვალა, რომ მან საკუთარი ხალხი ზედმეტად ჩააყენა ყველგან;
- შეიძლება, კორუფციასაც აბრალებს და ამიტომ ეს როქი გადაითამაშა“.
მიზეზი „კორუფციაა“?
როდესაც 2023 წლის ბოლოს, 30 დეკემბერს, ივანიშვილმა გამოაცხადა პოლიტიკაში „შემობრუნების“ შესახებ, ეს გადაწყვეტილება, სხვა მიზეზებთან ერთად, მმართველ გუნდში „კორუფციის რისკების საგანგებო დაზღვევის საჭიროებით“ ახსნა.
მაშინ სამჯერ გაიმეორა, რომ პრემიერი „არ შეიცვლება“.
ზუსტად ერთ თვეში კი 41 წლის ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი – უკვე მეორედ.
ღარიბაშვილმა, რომელიც 2012 წლამდე მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა, პრემიერის თანამდებობა პირველად 2013 წელს დაიკავა, პოლიტიკიდან ივანიშვილის „პირველი წასვლის“ შემდეგ.
ორ წელიწადში, წინასაახალწლოდ, თავადაც მოულოდნელად წავიდა. „ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო“, – ასე განმარტა მიზეზი.
ივანიშვილი მაშინ ირაკლი ღარიბაშვილის ნეპოტიზმზე საჯაროდ მიანიშნებდა: „რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა, რომ საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც მეორით… ამ მხრივ მას ჰქონდა გამოწვევები“, – ამბობდა ივანიშვილი ღარიბაშვილზე.
კობახიძემაც, რომელიც მაშინ იწყებდა „ოცნების“ რიგებში დაწინაურებას, ივანიშვილის კვალდაკვალ განაცხადა, რომ „თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ამ კუთხით პრობლემები არსებობდა“ (მაგრამ ეს პრობლემები მოგვარებულიაო, ამტკიცებდა).
ღარიბაშვილი პოლიტიკაში 2019 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა, ივანიშვილის „მეორედ შემოსვლის“ შემდეგ. მალე დაიკავა გიორგი გახარიას კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოსტი, „გახარიას ღალატის“ შემდეგ კი პრემიერი მეორედ გახდა.
მისი მთავრობის ანგარიშზეა 2021-22 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (რაც, სინამდვილეში, ძირითადად, პანდემიის პოსტრეცესიულმა აღდგენამ და რუსეთის მოქალაქეების ემიგრაციამ განაპირობა) და ამავე პერიოდში ისტორიულად მაღალი ინფლაცია, რომლის ეფექტი კვლავ იგრძნობა.
2023 წლის ზაფხულში პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად შეთანხმებას „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ. ამას „ოცნება“ თავისი საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიღწევად აფასებს.
ირაკლი ღარიბაშვილს პირადი კავშირებიც ჰქონდა ჩინეთის ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიასთან, CEFC-სთან, რომელსაც საქართველოშიც ჰქონდა ინიციატივები. ღარიბაშვილმა ასიათასობით ლარი მიიღო ამ კორპორაციისათვის კონსულტანტობაში.
ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარების შემდეგ, – რაც ანაკლიის პორტში, შუა დერეფანსა და ეკონომიკურ ურთიერთობებშია გადაჯაჭვული, – მისი ეს ურთიერთობები ხელახლა მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში.
„ჩინეთთან ურთიერთობებში ეკონომიკური ფაქტორი ძლიერია და კორუფციული ელემენტებიც, შესაძლოა, მეტად შემოდიოდეს ამ ურთიერთობებში“, – ეუბნება გია ნოდია რადიო თავისუფლებას.
2023 წელს ქართულ მედიაში გაშუქებული სავარაუდო ელიტური კორუფციის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული შემთხვევა პრემიერ-მინისტრის მიერ უფროსი ვაჟისათვის ჩარტერული რეისი იყო. ამ საკითხზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ხელისუფლებამ ეს საჭიროდ არ ჩათვალა.
მეორე მხრივ, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილის მიერ სხვების „კორუფციულ ცდუნებაზე“ საუბარი ემსახურება, ყურადღება გადაიტანონ იმ გარემოებიდან, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილია ელიტური კორუფციული გარემოს ღერძი, ის არის „კორუფციული ინფრასტრუქტურის არქიტექტორი“.
რატომ კობახიძე?
ირაკლი კობახიძე ჯერჯერობით ოფიციალურად პრემიერის პოსტზე წარდგენილი არ არის, მაგრამ მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ სწორედ ის განიხილება.
პარლამენტში „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ეს ფორმალობა, რეალურ ცხოვრებაშიც დასაცავია“: „ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე [ბიძინა ივანიშვილი] წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი, ამის შემდეგ უკვე წარედგინება პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელმოწერით“.
გია ნოდია მიიჩნევს, რომ კობახიძის მოსალოდნელი დაწინაურება პრემიერ-მინისტრად შეიძლება „იმას მივაწეროთ, რომ ივანიშვილი მას უფრო მეტად ენდობა, მისგან საფრთხეს არ მოელის და არ ფიქრობს, რომ „ზედმეტ დამოუკიდებლობას“ გამოიჩენს“.
ამ ნდობის გამოხატულებად მიიჩნევს კობახიძის ბოლო ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
14-20 იანვრის პერიოდში „ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩავიდა პეკინსა და შანხაიში და ოფიციალური შეხვედრები გამართა. „ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი 14 იანვარს დაიწყო, – მეორე დღეს ტაივანის არჩევნებიდან, რომელსაც პეკინი არ აღიარებს, გმობს და ეწინააღმდეგება.
„[ივანიშვილის მიერ] ირაკლი კობახიძისათვის ასეთ მნიშვნელოვანი ვიზიტის ხელმძღვანელობის ჩაბარება ადასტურებს, რომ მას უფრო მეტად ენდობა, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს“, – ამბობს გია ნოდია.
ამასთან, ირაკლი კობახიძის სახელი, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, არ არის დაკავშირებული კორუფციის სკანდალურ შემთხვევებთან, რაც ელექტორალურად მომგებიანიაო, ამბობენ ანალიტიკოსები.
გია ნოდიას თქმით, „კობახიძეს არ ჰქონია იმის საშუალება, რომ სხვადასხვა პოსტზე საკუთარი ხალხი გაეწესებინა, – ის, ერთი მხრივ, „ოცნების“ სპიკერი იყო, მეორე მხრივ კი, პარტიის ორგანიზატორი. კორუფცია მას ნაკლებად ეხებოდა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი ტრადიციულად კორუფციის მდიდარი საშუალებებია“.
ამ აზრით შეიძლება კობახიძე საარჩევნოდ „ოცნების“ ამომრჩევლისთვის უკეთესი ფიგურა იყოს, ვიდრე ღარიბაშვილიო, ამბობს კორნელი კაკაჩია:
„რადგან საარჩევნო კამპანია ახლოვდება, ბიძინა ივანიშვილმა, ალბათ ჩათვალა, რომ საჭიროა გუნდის ლიდერად ისეთი ადამიანის მოყვანა, რომელიც არ ყოფილა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მართალია, კობახიძე „ქართული ოცნების“ ლიდერი იყო, მაგრამ ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ ყოფილა, მას არ ეკისრება ფორმალური პასუხისმგებლობა წლების განმავლობაში დაგროვილ ნაბიჯებზე, რაც საზოგადოების კრიტიკას იმსახურებს“, – ფიქრობს ანალიტიკოსი.
თუმცა, ღარიბაშვილის 2015 წლის წასვლისგან განსხვავებით, „ოცნება“ მას ბოლომდე გაწირვას არ უპირებს: სამთავრობო ტელევიზიის, „იმედის“ ცნობით, ღარიბაშვილი კობახიძეს შეცვლის „ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე.
„ეს ნიშნავს, რომ ღარიბაშვილი მაინც იქნება „ქართული ოცნების“ საჯარო სახე. ეს შეიძლება იმასთან იყოს დაკავშირებული, რომ ღარიბაშვილი „ოცნების“ საბაზო ამომრჩევლის ნაწილისთვის მისაღები ფიგურაა და საარჩევნო თვალსაზრისით ჯობია მისი შენარჩუნება“.
რას ამბობენ ოპოზიციაში?
ოპოზიციური პარტიების გამოხმაურებების ძირითადი აქცენტები ასეთია:
ლევან ხაბეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“: „სამთავრობო ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს. ისინი მოტივირებულები არიან, გამდიდრდეს ბიძინა ივანიშვილი და გამდიდრდნენ თავად“.
გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“: „ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორე თოჯინათი ჩანაცვლდა, ქვეყნისთვის არაფერი იცვლება“.
გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“/ენმ: „ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სრულიად აცდენილია რეალობასა და ხალხის პრობლემებს“.
ანა ბუჩუკური, „საქართველოსთვის“: „მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასე გვეხმარება. ამ გადაწყვეტილებით სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები მისი ქოლგის ქვეშ ხდებოდა“.
„გირჩი – მეტი თავისუფლება“: „არაფერი შეცვლილა“.