გასული წელი რამდენიმე ომითა და შეიარაღებული კონფლიქტით გაილია, რამაც გეოპოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დააყენა. როგორ წარიმართება მსოფლიოში ბრძოლა ტოტალიტარულ და დემოკრატიულ ბანაკებს შორის, მოსალოდნელია თუ არა რუსეთის თავდასხმა ნატოს წევრ შედარებით სუსტ სახელმწიფოებზე და ა.შ., ამ მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება:
– 2024 წელი არჩევნების წელიწადია ბევრ ქვეყანაში და არ ვიცით, როგორი ძალები მოვლენ აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, მათ შორის ევროპარლამენტში – მოვლენ თუ არა უფრო ანტიევროპული ძალები, როგორიც, მაგალითად, საფრანგეთში მარი ლეპენია, გერმანიაში ალტერნატიული ძალა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს უნგრეთთან, რუსეთთან… დღეს პრაქტიკულად, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეწირება რუსეთის ეკონომიკა და რუსეთს გაუჭირდება იმ შედეგების მიღება, რასაც მოელოდა – ანუ უკრაინის დამორჩილება. ეკონომიკური სტაგნაციის, სამხედრო მრეწველობის შემცირებისა და ომის მიმართ რუსეთის მოსახლეობის სულ უფრო კრიტიკული განწყობის ფონზე, ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება პროგნოზი, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ქვეყნებს. ეს ასე მარტივი არ არის. ერთია, როცა თავს ესხმის ნატოს არაწევრ ქვეყანას, რომელიც არ სარგებლობს კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიით, და მეორე, როცა რუსეთი გადაწყვეტილებას იღებს თავს დაესხას ალიანსს, რომლის სამხედრო, ეკონომიკური, ადამიანური და სხვა რესურსი რამდენჯერმე აღემატება რუსეთისას.
– გერმანული ტაბლოიდის “ბილდის” გარდა, ამის შესახებ ზედიზედ აკეთებენ განცხადებებს როგორც ევროპული ქვეყნების ლიდერები, ასევე ბაიდენმაც გაიმეორა, რომ თუ პუტინი უკრაინას აიღებს, ის არ გაჩერდება და თავს დაესხმება ნატოს წევრ ქვეყნებს.
– ნატო რომ ახალ მასშტაბურ წვრთნებს მართავს, ეს ფაქტი მესამე მსოფლიო ომის მზადებად უნდა მივიჩნიოთ თუ “თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის” პრინციპია?
– რა თქმა უნდა, მეორე. დასავლეთი ეს ბოლო ორი ათწლეული თვითილუზიაში, თავისივე შექმნილ ვირტუალურ სამყაროში იყო. საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ რუსეთი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ერთი, რაც დასავლეთის სტრატეგიულ და ინტელექტუალურ უუნარობაზე მეტყველებს, ისიც არის, რომ განჭვრიტოს, სად არის რეალური საფრთხე. ამას დაემატა ეკონომიკური თანამშრომლობის მთელი რიგი მექანიზმები, რაც განსაკუთრებით გერმანიას და სხვა მრავალ ქვეყანას ჰქონდა რუსეთთან. ერთი სიტყვით, შეიქმნა ილუზორული სამყარო, თითქოს რუსეთი მათთვის დიდი საფრთხე არ არის და თუ რამე ექსტრაორდინარული მოხდა, მაგალითად, როგორიც იყო 2008 წელს საქართველოში, შემდგომ კი, 2014 წელს, უკრაინაში სამხედრო აგრესია, ეს დასავლეთმა ერთჯერად გამოხდომებად ჩათვალა, რაზეც, მისი აზრით, მაინცდამაინც დიდი რეაგირება არ იყო საჭირო. ეს დიდი შეცდომა იყო. ეს კი არა, დასავლეთს 2022 წლის აგრესიის დროსაც ძალიან გაუჭირდა სწრაფად გააზრება, რომ უკრაინის სამხედრო დამარცხება სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნიდა მასვე და ომიდან მხოლოდ მეექვსე თვეს დაიწყო თანდათანობით უკრაინის დახმარება (ჯერ კიდევ შეზღუდულია დახმარება უკრაინისთვის). ჩვენ გვინდა ისეთი ელიტა, რომელიც დაემსგავსებოდა, მაგალითად, რეიგანის, თუნდაც ჩერჩილის, გერმანიაში კონრად ადენაუერის პერიოდის მმართველობას. ელიტამ კარგად დაინახა საფრთხე და სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღო. ჩერჩილის მკაფიო მიზანი იყო ჰიტლერის დამარცხება, რეიგანის – სსრკ-ის დამარცხება, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ. დღეს არ არსებობს ევროპაში ის ინტელექტუალურად განვითარებული პოლიტიკური ელიტა, რომელსაც აქვს უნარი, ნება და შესაძლებლობა, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, ერთი მხრივ, თავისი ინტერესების დასაცავად, მეორე მხრივ კი გლობალურად, იმ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად რაც ისევ და ისევ დასავლეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ძალიან მარტივი განტოლებაა – პოსტსაბჭოთა სივრცის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ევროპული უსაფრთხოების ნაწილი და თუ ევროპა ფეხზე დაიკიდებს პოსტსაბჭოთა სივრცის უსაფრთხოებას, ამ ძალაუფლებისა და უსაფრთხოების ვაკუუმს დაიკავებს რუსეთი. ამით ის უფრო გაძლიერდება და მისი შემდგომი სამიზნე უკვე ევროპული სივრცე იქნება.
– ჩვენც მშვიდობა გვინდა და მაინც როგორ ვემზადოთ ომისთვის?
– არ არის გამორიცხული, რუსეთი კიდევ უფრო გააქტიურდეს პოსტსაბჭოური სივრცის მიმართ. მართალია, რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და ადამიანურ დიდ რესურსს ჭამს, მაგრამ ის რეგიონში ჯერ მაინც ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია და ისეთი მცირე რესურსებისა და პოლიტიკურად არამდგრადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმარისი რესურსი მას ყოველთვის ექნება. “თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის” მნიშვნელოვანი ფორმულაა და, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ეს ცოტა უკუღმართად აქვს გაგებული. არგაღიზიანების პოლიტიკა გარკვეულწილად სწორია – როცა გამძვინვარებული დათვი შენს მეზობლად ყველას ტორავს, იქით არ უნდა ჩაუხტე, რომ შენც დაგტოროს, მაგრამ სანამ ეს დათვი სხვებითაა დაკავებული, მაქსიმალურად უნდა შეეცადო უსაფრთხოების გარანტიები შეიქმნა და თვითონაც შეიძინო შეიარაღება, ხოლო იმ მომენტისთვის, როცა დათვი შენკენ შემოტრიალდება, მას, როგორც მინიმუმ, შენზე წამოსვლის მადა უნდა დაეკარგოს. ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პროვოკაციული განცხადებებით არ გავაღიზიანოთ და ამასობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, უნდა ვმოქმედებდეთ ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში სხვადასხვა ქვეყანასთან, რათა მოვიპოვოთ გარანტიები იმისა, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დაგვეხმარებიან…
კვირის პალიტრა