ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში 3 საათის განმავლობაში ჩატარდება.

„პროექტის ფარგლებში გაგრძელდება ჯგუფური თერაპია უკვე არსებული წევრებისთვის და მათ დაემატებიან ახალი ბენეფიციარებიც. ჯგუფი დაიყოფა ორ ნაწილად და თვეში ერთხელ 3 საათიანი შეხვედრა ჩატარდება. ასევე, გვემატება ახალი მიმართულებაც, კერძოდ, სპეციალისტის მიერ შშმ ბავშვების ინდივიდუალური შეფასება და საჭიროებიდან გამომდინარე მათთან ინდივიდუალური, ან ჯგუფური მუშაობა. სპეციალისტი ყველა ბავშვის მშობელს პერსონალურად ასწავლის თავის შვილებთან საჭირო მიდგომებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში მშობლის როლი ბავშვის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, კლუბის წევრი დედები იმდენად გაძლიერდნენ, რომ მზად არიან აღნიშნულ თემებსა და გამოწვევებზე ღიად ისაუბრონ. ეს სწორედ ამ პროექტის დამსახურებაა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროცესში ჩართულ ყველა  მხარეს, მათ შორის ბახვი ჰესს, რომელიც თერაპიულ პროგრამას  კვლავ დააფინანსებს. მიღწეული წარმატება და დადებითი შედეგები სწორედ ერთიანი სულისკვეთების შედეგია“, – განაცხადა ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა და აღნიშნული პროექტის მენეჯერმა, მაკა შანიძემ.

„პროექტი გრძელდება კიდევ ერთი წლით. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა და რესურსი თითოეული მონაწილისთვის, რომ მიიღონ კიდევ უფრო მეტი თერაპიული მხარდაჭერა, აღმოაჩინონ საკუთარ თავში არსებული რესურსები, გააძლიერონ ის საყრდენი, რომელიც ერთად აღმოვაჩინეთ. რაც მთავარია, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ ეს ადამიანები გახდნენ დამოუკიდებლები და თავიანთი სიძლიერიდან გამომდინარე შეუქმნან წარმატებული მომავალი, როგორც საკუთარ თავს, ასევე შვილებს“,- განაცხადა კურსის მოწვეულმა ფსიქოლოგმა, ნინო კერესელიძემ.

პროექტ „შშმ პირთა მშობელთა კლუბის“ განხორციელება 2023 წლის მარტიდან დაიწყო და ის 2024 წლის იანვარში დასრულდა. შეხვედრები თვის განმავლობაში ორჯერ ტარდებოდა. კურსის პირველი ეტაპის სამიზნე აუდიტორიას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 35 არასრულწლოვანი შშმ პირის მშობელი წარმოადგენდა. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვისაა“, მხარდამჭერი კომპანია ბახვი ჰესი, რომელიც მოცემულ ინიციატივას აფინანსებს, პარტნიორი კი, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც მონაწილე პირების ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფს.

პროექტის პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება 2024 წლის 27 იანვარს ჩოხატაურში გაიმართა. შეხვედრაზე შეჯამდა კურსის გასული წლის შედეგები დასასრულს კი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეების ერთობლივი კონცერტი ჩატარდა. ღონისძიებას ბენეფიციარებთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომპანია ბახვი ჰესის წარმომადგენლები. ასევე, პროექტის ფარგლებში მოწვეული ფსიქოლოგი, ნინო კერესელიძე და ნინო კვირიკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share