TI: ივანიშვილთან დაკავშირებული 10 ოფშორული კომპანია 26 ქართულ კომპანიას ფლობს

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ახალი კვლევის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 10 ოფშორული კომპანია გამოიკვეთა, რომელიც 26 ქართულ კომპანიას ფლობს. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3 200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორულ კომპანიებზე კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრთან სულ მცირე 9 ოფშორული კომპანია იყო დაკავშირებული. ამ კვლევისთვის დამატებით კიდევ ერთი ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება მოხერხდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ეს კომპანიებია:

  • Finseck Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 4 კომპანიას: შპს ექსპრეს-სერვისი, შპს ლიზინგი ოცდამეერთე, შპს თხილის განაშენიანების და გადამუშავების კომპანია, შპს კომპლექს-სერვისი;
  • Vanity Overseas (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს მადა, შპს აკვა ცენტრი;
  • Gilmar Holding (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს ჰოლდინგი ოცდამეერთე, შპს ქართული ჰოლდინგი;
  • Krista Investments Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუ;
  • Ringold Finance Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს ჰორიზონტი, შპს ახალი სერვისი;
  • Limestone Finance International SA (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 7 კომპანიას: შპს ახალი კაპიტალი, შპს სანაპიროს ხედი, შპს ქართუ კონსალტინგი, შპს აბასთუმანი 2019, შპს ჯეოფერტ, შპს ბლექ სი არენა, შპს ინვესტ კაპიტალი;
  • Fresno Management Limited (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 3 კომპანიას: შპს ინტერ კონსალტინგ+, შპს ქართუ მენეჯმენტი, შპს ქართუ მშენებელი;
  • Vasilia Enterpreises (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს ფინსერვისი-XXI, შპს ფინ-სერვისი;
  • Tarpan Management Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს ინტერ-სერვისი, შპს მენეჯმენტ სერვისი;
  • Frankston International (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს ჯი სი ეფ ჰოლდინგს ჯორჯია (თანაინვესტირების ფონდი).

TI-ს განცხადებით, 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5,2 მილიარდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურ ინვესტიციების 38%-ია.

ორგანიზაციის ცნობით, 2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო და ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება, დაახლოებით, 77 მილიონი ლარია.

კვლევის მიხედვით, ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ:

  • თბილისი ენერჯის;
  • ბილაინს;
  • აიდიეს ბორჯომს;
  • ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას;
  • რუსთავის ფოლადს;
  • სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს;
  • ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს;
  • რუსთავის ავტობაზრობას;
  • ფოთის მარცვლეულის ტერმინალს;
  • სუფთა სახლს და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.

TI-ში აცხადებენ, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა ქვეყანაში ე.წ. ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორია.

“2016 წლის მაისში ლონდონში გამართულ ანტი-კორუფციულ სამიტზე, საქართველომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური მფლობელების რეესტრის შექმნაზე განაცხადა, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს”, — ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ბოლო წლებში ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ ტერიტორიაზე ოფშორული კომპანიების საქმიანობის სტანდარტები გაამკაცრეს, რაც ძირითადად, საბოლოო ბენეფიციარების სავალდებულო გასაჯაროების მოთხოვნებში გამოიხატა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ კორუფციის რისკების შემცველია ოფშორული კომპანიების პრივატიზაციაში, ანუ სახელმწიფო ქონების გადაცემაში მონაწილეობაც, განსაკუთრებით, როდესაც ეს აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით ხდება.

TI-მ შეისწავლა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მონაცემები 2012-2020 წლებისთვის, როგორც აუქციონით, ისე პირდაპირი მიყიდვის გზით გადაცემულ ქონებებზე. თუმცა, მათი განცხადებით, ორი მიზეზის გამო, ეს არ არის ოფშორული კომპანიების პრივატიზაციაში მონაწილეობის სრული სურათი, კერძოდ, ორგანიზაციამ გადაამოწმა:

  • მხოლოდ ის ოფშორული კომპანიები, რომელთა იდენტიფიცირებაც მოახერხეს და შესაძლოა ეს სია არ იყოს სრული;
  • მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში არსებული ქონების პრივატიზაციის ბაზები, რომლებიც არ მოიცავს მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას, მაგალითად, თბილისის მერიის მიერ პრივატიზირებულ ქონებას.

“შესწავლის შედეგად გამოვლინდა 6 ოფშორული კომპანია, რომელსაც 2012-2020 წლებში პირდაპირი პრივატიზაციის წესით გადაეცა სახელმწიფო ქონება და 15 ოფშორული კომპანია, რომელმაც აუქციონის გზით მიიღო სახელმწიფო ქონება. სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების გამოკლებით, აღნიშნულ კომპანიებს 77 მლნ ლარამდე ღირებულების ქონება გადაეცათ”, — ვკითხულობთ კვლევაში.

TI-ის განცხადებით, განვითარებული ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, საქართველოში აუცილებლად არის შესამუშავებელი გარკვეული წესები ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით. მათი თქმით, საქართველომ უნდა შეასრულოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების რეალურ მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვებში ან სახელმწიფოს დაფინანსებულ ნებისმიერ სხვა პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

https://on.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: