სტალინური დეპორტაციების შედეგად საბჭოთა მმართველობის პერიოდში 6 მილიონამდე ადამიანი საკუთარი მიწა-წყლიდან აყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს.
ჩეჩნები, ინგუშები, მუსლიმი მესხები, სომხები, ბერძნები, გერმანელები, კორეელები, პოლონელები… გადასახლება თითქმის ყველა ეთნოსს შეეხო, მნიშვნელოვნად შეიცვალა საბჭოთა კავშირის რუკაც და დემოგრაფიაც.
„დედაჩემი ჰყვებოდა, რომ ქრისტეს ტირილი იყო, ნამდვილი ჯოჯოხეთი“, – ასე გაიხსენა ნათელა გრიგოლიამ რადიო თავისუფლებასთან გერმანელების გადასახლება ბოლნისიდან. ეს ქალაქი 200 წელზე მეტი ხნის წინ საქართველოში ჩამოსულმა გერმანელებმა დააარსეს, მაშინ ლუქსემბურგი ერქვა. 1941 წელს მათ თავიანთი ხელით აშენებული ქალაქი ერთ დღეში დაატოვებინეს და შუა აზიის გზას გაუყენეს, – „გვიანი შემოდგომა იდგა, ორსართულიანი სარდაფები სავსე ჰქონდათ, ღორები უნდა დაეკლათ, ცხენებიც ჰყავდათ… ბღაოდა მშიერი საქონელი, ძაღლები ყეფდნენ და აქეთ–იქით დარბოდნენ…“
ბოლნისელი ლია ბუბუტეიშვილი მოჰყვა, რომ მაშინ მისმა ბებიამ ღამე გაათენა წინდების ქსოვაში, გერმანელებისთვის რომ გაეტანებინა. საბოლოოდ, სხვადასხვა ადგილას გადასახლებული გერმანელები წერილებს ისევ ბოლნისში გზავნიდნენ და ერთმანეთს ასე პოულობდნენ.
იქ მაშინვე სხვა რაიონების მოსახლეობა ჩაასახლეს. ლუქსემბურგის გერმანული სტილისა და არქიტექტურისგან ახლა რამდენიმე შენობაღა თუ შემორჩა.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც საბჭოთა კავშირში ხალხს ასახლებდნენ, მათდამი უნდობლობა იყო. დეპორტაცია შეეხოთ კულაკებს, საბჭოთა რეჟიმის მტრებს, მათი ოჯახის წევრებსა და ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც საზღვრის სიახლოვეს ცხოვრობდნენ.
ბარგის შესაკრავად ხალხს ორიოდე დღეს აძლევდნენ და შუა აზიაში მიჰყავდათ. მგზავრობა იმდენად მძიმე პირობებში უწევდათ, რომ ათიათასობით ადამიანმა დანიშნულების ადგილამდე ვერც ჩააღწია.
ასახლებდნენ ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთში, ციმბირშიც კი – სტეპებში, სადაც მუშახელი ჭირდა. ამუშავებდნენ ბამბის პლანტაციებზე, თივის და ხე-ტყის დამზადებაზე და მკაცრად მეთვალყურეობდნენ, რომ იქაურობა არ დაეტოვებინათ.
მათ სახლებში კი, საიდანაც ორი ხელი ტანსაცმლის მეტი ვერაფერი წაიღეს, მაღალმთიანი რეგიონებიდან, ძირითადად კოლმეურნეები შეასახლეს.
საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ჰყვება, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში დეპორტაციების რამდენიმე ტალღა იყო. გადასახლებები სტალინის ინიციატივით, ჯერ კიდევ 20-იანი წლების ბოლოს, პასპორტიზაციასთან ერთად დაიწყო.
ვინც ქალაქში ჩაწერილი არ იყო, ქალაქგარეთ აძევებდნენ, ან საერთოდ აპატიმრებდნენ. აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ იმათაც, ვინც სოფლებში კოლექტივიზაციას ეწინააღმდეგებოდა, ასობით ათას ადამიანს.
გადასახლებების მეორე ტალღა მეორე მსოფლიო ომამდე დაიწყო და ომის დროსაც გაგრძელდა. კორეელები, პოლონელები, ირანელები… ასახლებდნენ ყველას, ვისაც რეჟიმი არ ენდობოდა.
„ომის დროს უკვე გერმანელების დეპორტაცია იწყება, თან მთელ საბჭოთა კავშირში. მათ ვოლგისპირეთში თავიანთი ავტონომიაც კი ჰქონდათ, ისინიც გადაასახლეს, აზერბაიჯანში მცხოვრები გერმანელებიც და საქართველოში მცხოვრებიც, – ჰყვება ირაკლი ხვადაგიანი, – 40-იან წლებში გადაასახლეს ყირიმელი თათრები. ფორმალურად საბაბი თითქოსდა მათი კოლაბორაცია იყო ნაცისტურ რეჟიმთან. იგივე საბაბი შემდეგ თურქული ენების ოჯახის წარმომადგენელ სხვა ხალხებთანაც გამოიყენეს: ყარაჩაელებთან, ბალყარებთან, ჩეჩნებთან, ინგუშებთან და თურქ-მესხებთან. ინგუშები და ჩეჩნები 48 საათის განმავლობაში სრულად გაასახლეს. მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი გადარჩა, ისინი, ვინც ტყეს შეაფარა თავი“.
დეპორტაციების ისტორიაში, განსაკუთრებით სასტიკი, ინგუშებისა და ჩეჩნების გადასახლებაა. ამ ორი ერის წარმომადგენლები ისტორიული სამშობლოდან მთლიანად აყარეს.
„1944 წელს ინგუშებმა ერად წოდების უფლება დაკარგეს. საბჭოთა ხელმძღვანელობამ შეიმუშავა ფსევდობრალდება, რომ ინგუშები, ჩეჩნები, ყარაჩაელები და ბალყარები არაკეთილსაიმედო ხალხებია, ჰიტლერთან თანამშრომლობენ და ფაშისტებს კავკასიონზე გზებს უკვალავენ. ამავე წლის 23 თებერვალს ჩეჩნები და ინგუშები ერთ ღამეში აჰყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს. ნახევარი გზაში ან გადასახლებაში დაიღუპა. გვამებს გაქანებული მატარებლიდან ჰყრიდნენ ტრამალებში“, – ჰყვება ინგუშოლოგი მარიამ ბეჟიტაშვილი.
ინგუშების ნაწილი საკუთარ სახლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ვერ დაბრუნდა, რადგან იქ უკვე ოსები ჰყავდათ შესახლებული. ამას შემდეგ მოჰყვა პროგოროდნის კონფლიქტი, რომელიც დღემდე არ არის გადაწყვეტილი.
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი საზღვრების გაფართოებას გეგმავდა, თურქეთს მორიგი შეტევის სამიზნედ განიხილავდა და ამისთვის ნიადაგს ამზადებდა. ამ ოპერაციის ფარგლებში რეგიონიდან გაიყვანეს ოსმალეთთან რამე ნიშნით წარსულში დაკავშირებული და სენტიმენტების მქონე ჯგუფები. მანამდეც ბევრი მათგანი პირდაპირ თურქად ჰყავდათ აღრიცხული: ყარაჩაელები, ბალყარები, ჩეჩნები, ინგუშები.
ამ და სხვა მოჩვენებითი მიზეზების გამო საქართველოდან გაასახლეს თურქი-მესხები, ნაწილობრივ აჭარლები და ის სომხები, რომლებიც საქართველოში გენოციდს გამოექცნენ; პონტოელი ბერძნები და ასირიელები.
ასევე ოჯახებიანად გადაასახლეს მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნილი და შემდეგ დაბრუნებული სამხედროებიც.
ანტონ ვაჭარაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, თავის სტატიაში წერს, რომ საბჭოთა კავშირის შინსახკომმა (НКВД) გამოსცა ბრძანება №001176, რომელიც ითვალისწინებდა „საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები თურქების, ქურთებისა და ჰემშინების (მუსლიმი სომხები)“ გადასახლებას. ამ ბრძანების აღსრულება 1944 წლის 15 ნოემბერს დაიწყეს.
იოსებ სტალინის მიერ ხელმოწერილი, 1944 წლის 31 ივლისის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის № 6279сс დადგენილების თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადასახლებას დაექვემდებარა სამხრეთ საქართველოს 200 სოფლის მცხოვრები, 86 000 ადამიანი. მათ გადასასახლებლად მობილიზებული იყო 20 000 ჯარისკაცი, 4000 ოპერმუშაკი და 900 სატვირთო ავტომობილი.
ლავრენტი ბერიას შემაჯამებელი ტელეგრამის მიხედვით, სულ გადაასახლეს 91 095 ადამიანი, ასევე 41 000 სამხედრო, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში წინა ხაზზე იბრძოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალს“ გამოქვეყნებული აქვს სქემა საბჭოთა რეჟიმის მიერ სხვადასხვა წლებში დეპორტირებული ჯგუფებისა და დეპორტირებულების რაოდენობის შესახებ:
რადიო თავისუფლება