რა ღირს თხილი? – ბოლო წლებში ეს ყველაზე მტკივნეული შეკითხვაა მეთხილეებისთვის, რომელთაც სრულიად დამოუკიდებლად გაიკაფეს გზა ექსპორტზე. სწორედ თხილი იყო ის ერთადერთი პროდუქტი, რომელმაც წლების წინ უკიდურესად ღატაკი საქართველოს ეკონომიკას შეეხიდა, მოსახლეობას შემოსავალი მისცა. თუმცა გვერდითი მოვლენები ამ სფეროსაც აღმოაჩნდა: იმ დროისთვის თხილის გაშენება იმდენად ქაოსურად დაიწყო დასავლეთ საქართველოში, რომ ამან თხილის მავნებლების მომრავლება გამოიწვია, მათ შორის ობის სოკოსი, რამაც თხილის ხარისხი დასცა. მოგვიანებით ამას დაემატა ფაროსანა, რომელიც თხილის მოსავალს ძალიან აზარალებს და თხილის ფასიც უფრო დავარდა. ცნობისთვის: ამ ეტაპზე კახეთში 1 კგ თხილის ფასი 6,5-7 ლარამდეა, როდესაც ზოგ პერიოდებში 12 ლარიც ღირდა. გურიაში 1 კგ თხილის ფასი 3,5-დან 4 ლარამდე მერყეობს, როდესაც აქ 1 კგ თხილის ფასი 9-10 ლარამდეც ადიოდა. ამან ფერმერებს არაერთხელ გაუჩინა ეჭვი ფასის ხელოვნურად დაწევაზე. როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრმა ზვიად იმედაშვილმა გვითხრა, თხილის ფასი კახეთში არასოდეს ყოფილა ისეთი დაბალი, როგორიც ამჟამად არის. არადა, სწორედ გაზაფხულის დამდეგისთვის ფერმერები თხილს იმიტომ ინახავდნენ, რომ ზამთარსა და გაზაფხულზე ფასი უფრო მაღლა ადიოდა. წლეულს პირიქით მოხდა. ამ დროს ევროპაში ქართული თხილის საბაზრო ფასი 14 ევრომდეა. გვესაუბრება მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელ დირექტორი… ოთარ შეროზია.
– საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის მოულოდნელი იქნება იმის გაგება, თუ რამდენი პრობლემაა ამ დარგში – თხილის ფასით დაწყებული, ფაროსანას პრობლემით დასრულებული, რომელთა დაძლევა ჯერ ვერ ხერხდება. ფაროსანა ძალიან აზიანებს თხილს, ალპობს, რაც ქართული თხილის ხარისხის დიდი პრობლემაა. კავშირში, ძირითადად, მსხვილ ფერმერებს ვაერთიანებთ, ვისაც თხილი 30 ან მეტ ჰექტარზე აქვს გაშენებული. მსხვილი ფერმერობა აუცილებელი პირობაა დარგის განვითარებისთვის. ამ დროს ფერმერი დამოკიდებულია კულტურის შემოსავალზე და ცდილობს კულტურის მოწევისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას. ამით დარგსაც აძლიერებს და შემოსავლის წყაროსაც ზრდის. წვრილ ფერმერებთან სხვაგვარად არის: აბსოლუტური უმრავლესობის თხილის ბაღი ნახევარ ჰექტარსაც არ აღემატება. ასეთი ბაღიდან კი, ცხადია, იმდენ შემოსავალს ვერ იღებენ, რომ ოჯახის ელემენტარული საჭიროებანი დააკმაყოფილონ. ამიტომ ეს ხალხი იძულებულია სხვა საქმეზე გადაერთოს. ამის გამო თხილს მოვლა აკლდება, აქედან გამომდინარე კი ხარისხი და მერე ფასიც დაბალი აქვს. ამ ხალხმაც რა ქნას, კარგად იციან, რომ თხილის ბაღს ზედაც რომ გადაჰყვნენ, შემოსავალი იმხელა არ იქნება, ოჯახის საჭიროებებს რომ აუვიდეს. ასე რომ, თხილის ჯეროვნად მოვლა ჩვენში დიდი პრობლემაა.
გარდა ამისა, არსებობს თხილის ფასების მთავარი რეგულატორი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასებს აწესებს. ეს რეგულატორი თურქეთია – თხილის ფასს ყოველწლიურად ის განსაზღვრავს მთელ მსოფლიოში იტალიურ კომპანია “ფერეროსთან” ერთად. ეს უკანასკნელი მსოფლიოში თხილის მთავარი მწარმოებელია. ქართულ ბაზარზე რომ ვინმე დაჯდეს და თხილის ფასები განსაზღვროს, გამორიცხულია. ისედაც, ქართულ ბაზარზე თხილის 100 ექსპორტიორია. ასეთ ბიზნესში 100 კაცი ერთ ფასზე ვერ შეთანხმდება.
ამას გარდა, სამწუხაროდ, ერთი და იმავე ხარისხის ქართულ და თურქულ თხილს შორს, თურქულში გაცილებით მეტს იხდიან. თურქული თხილი ქართულზე 5-10%-ით მეტი ღირს – ანუ თუ ერთი და იმავე ხარისხის თხილს თურქი 1 დოლარად ყიდის, ის კლიენტი კი იმავე ხარისხის თხილში ქართველს 1 დოლარზე ნაკლებს გადაუხდის. რატომ? იმიტომ რომ ქართული თხილი არ არის ისევე ბრენდირებული, როგორც თურქული ან იტალიური, ან თუნდაც როგორც ქართული ღვინო.
– თურქეთი იმიტომ გვჯობნის, რომ ჩვენზე დიდი სახელმწიფოა, თუ ჩვენზე უკეთესად მუშაობს საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის?
– ცხადია, მეორე. ისიც ცხადია, რომ თუ ქართული თხილის ბრენდირებაზე იმუშავებს სახელმწიფო, მისი მოვლა-პატრონობის სრულიად სხვა პირობები უნდა შექმნას, ვიდრე გვაქვს. ჩვენი თხილის ფასის განსაზღვრის მთავარი ფაქტორი მაინც დაბალი ხარისხია. ბოლო წლებში ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოჩნდა და ქართული თხილის ფარული სიდამპლის მაჩვენებელი უკვე 3-4-ჯერ აღემატება თურქულისას. თანამედროვე ტექნოლოგიებში თხილის ხარისხის განსაზღვრისთვის კარგი დანადგარები არსებობს, დამპალსა და გაფუჭებულ თხილს აცალკევებს საღი თხილისგან. რაც უფრო მეტი დაზიანებული თხილი აღმოჩნდება პროდუქციაში, ცხადია, უფრო ნაკლებ ფასს გვიხდიან. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ვერ მოჰყავს მაღალი ხარისხის თხილი. რატომ? იმიტომ, რომ მშვენივრად იცის, მასზე გაწეული შრომით ოჯახს ვერ გამოკვებავს.
აღმოსავლეთ საქართველოში მიწისა და ამ კულტურის მოვლის უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნაა, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ამიტომაც სიტყვაზე, კახეთის თხილი გაცილებით მაღალი ფასის არის, ვიდრე სამეგრელოს ან გურიისა. სანამ დასავლეთ საქართველოში მოყვანილი თხილის ხარისხი მასობრივად არ გაუმჯობესდება, ქართული თხილის ფასი დაბალი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ დასავლეთი საქართველოა მეთხილეობის მთავარი კერა.
კვირის პალიტრა