უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა, რომლებიც კიევში დღეს ჩავიდნენ.
დელეგაციას დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკ ტერნერი ხელმძღვანელობს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა კონგრესმენების ვიზიტს იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი ქალაქებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას რაკეტებითა და ირანული დრონებით.
„ეს ვიზიტი აჩვენებს უკრაინის ძლიერ ორპალატიან და ორპარტიულ მხარდაჭერას, ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები არის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც გვეხმარება აგრესორთან ეფექტურად ბრძოლაში. თქვენი ჩამოსვლა მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის მებრძოლი სულის ამაღლებისთვის, განსაკუთრებით იმ გმირებისთვის, რომლებიც დღეს ფრონტის ხაზზე იბრძვიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ხაზი გაესვა კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის მიღების კრიტიკულ მნიშვნელობას.
„აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ გავჩერდებით. იმისათვის, რომ ეს ბრძოლა ეფექტური იყოს, ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოკავშირეების, პირველ რიგში, შეერთებული შტატების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ აუცილებლად მიიღებს კონგრესი. ეს გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკასა და შეიარაღებულ ძალებს“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
შეხვედრისას ზელენსკიმ კონგრესმენებს დეტალურად გააცნო ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვის ძალების პრიორიტეტული საჭიროებები.