სისხლიანი გარჩევა კიკეთში – არსებული ინფორმაციით, მოკლული გია გათენაშვილი დაპირისპირების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა და კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებდა. ადგილობრივების თქმით, ის დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა. მას ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
კიკეთში შემთხვევის ადგილზე, ხოჯანაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. დასურათებულია შემთხვევის ადგილი.
როგორც ირკვევა, გუშინ, 17 სექტემბერს, ხოჯანაშვილების ოჯახში, ბრალდებული გელა ნიორაძე მივიდა და ვალის დაბრუნება მოითხოვა, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ ნიორაძემ ხოჯანაშვილების ოჯახის 5 წევრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, კიდევ ერთ პირს, გია გათენაშვილს კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გათენაშვილი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
“მე ავტობუსიდან ჩამოვედი, იმ ეზოდან 8 ბიჭი გამოცვივდა და ერთმანეთს ურტყამდენენ. კარებთან რომ მივედი, გავიგე სროლის მხა. 5-ის ნახევარიიყო რომ ჩავიარე და 6 საათზე უკვე მკვდარიაო. თანასოფლელი ეს ბიჭი მოგვიკლეს სრულიად უმიზეზოდ. იქ არ იყო მე რომ ჩავიარე, შემთხვევით მოხვდა იქ”,- ამბობს ადგილობრივი.
რაც შეეხება დაჭრილი პირების მდგომარეობას, ექიმის თქმით, მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ-ერთი კი უკვე ბინაზეა გაწერილი.
“გუშინ კლინიკა ჰოსპიტალში შემოყვანილი იქნა ორი პაციენტი კიკეთიდან, ორივე ქალბატონი. ერთის მდგომარეობა არის სტაბილური, მას ჩაუტარდა კლინიკოლაბორატორიული კვლევები გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად განაგრძობს მკურნალობას განყოფილებაში. მისი მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, სიცოცხლისთვის საშიში რაიმე პარამეტრები ამ ეტაპზე არ აქვს. მეორე ქალბატონის მდგომარეობა მიმღებ განყოფილებაში დასტაბილურდა, შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებისა და კონსულტაციების შემდეგ. პაციენტის მდგომარეობა იყო სტაბილური და გაწერილი იქნა ბინაზე”, – თქვა ექიმმა.
საგამოძიებო მოქმედებები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრალდებულის ოჯახშიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გუშინვე გაავრცელა განცხადება, როგორც ცნობილია, ნიორაძე უკვე დაკავებულია. უწყება მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით იძიებს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.