“ახლა გამოუშვეს, რის საფუძველზე, არ ვიცი… პრეზიდენტს არ შეუწყალებია”, – ამის შესახებ დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე “მთავარ არხთან” საუბრობს.
“თავისუფალია, კი ბატონო. ახლა მიმყავს ქობულეთში. ახლა გამოუშვეს. ქობულეთში ვიქნებით 3-4 საათში. დღეს გაათავისუფლეს, სადღაც10 წუთია. რის საფუძველზე, არ ვიცი. ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა თავისუფალიაო, ახლა საპყრობილე დატოვა. პრეზიდენტს არ შეუწყალებია.” – ამბობს თორნიკე მამალაძე.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში 7 წლის განმავლობაში იყო – პატიმრობის 7 წლის თავზე, 10 თებერვალს, “მთავარმა არხმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ციანიდის საქმეს თავდაყირა აყენებს. დოკუმენტი 2022 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ საქმის ერთადერთი “დაზარალებული,” შორენა თეთრუაშვილი, ბრალდებულს აღარ უჩიოდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ დეკანოზის პატიმრობა პროკურატურამ შინაპატიმრობით შეეცვალა.
დეკანოზის ოჯახმა მაშინ თქვა, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა და მას დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე 5 წელია აღარ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და “ციანიდის” გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.