“7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია!” – ამის შესახებ დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია, “მთავარი არხის” ვებგვერდი მის გარკვევას დეკანოზის ძმასთან ცდილობს.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში 7 წლის განმავლობაში იყო – პატიმრობის 7 წლის თავზე, 10 თებერვალს, “მთავარმა არხმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ციანიდის საქმეს თავდაყირა აყენებს. დოკუმენტი 2022 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ საქმის ერთადერთი “დაზარალებული,” შორენა თეთრუაშვილი, ბრალდებულს აღარ უჩიოდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ დეკანოზის პატიმრობა პროკურატურამ შინაპატიმრობით შეეცვალა.
დეკანოზის ოჯახმა მაშინ თქვა, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა და მას დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე 5 წელია აღარ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და “ციანიდის” გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.