ყოფილი კავშირგაბმულობის სახლში გაიაშვილის კომპანია სასტუმროს, კაზინოსა და სავაჭრო სივრცეს მოაწყობს

თბილისში, რუსთაველის #12-ში, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის შენობაში სასტუმრო, კაზინო და სავაჭრო სივრცე მოეწყობა. შენობა “ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორის, თამაზ გაიაშვილის კომპანიას ეკუთვნის და მას თბილისის არქიტექტურის სამსახურის წინასწარი თანხმობა უკვე აქვს.

შენობა შპს “მარილი 2020-ს” ეკუთვნის, რომლის 100%-იანი მფლობელი ჯორჯიან ეარვესის დირექტორი, თამაზ გაიაშვილია. პროექტს არქიტექტურის სამსახურის თანხმობა უკვე აქვს. შენობა 3493 კვადრატული მეტრიის მიწის ნაკვეთს დაიკავებს.

საპროექტო შენობა 10-სართულიანია, რომლიდანაც 3 სართული მიწის ქვეშაა. სწორედ ამ ნაწილში მოეწყობა საპარკინგე სივრცე (2 სართულზე) და კაზინო. ნულ სართულზე მოეწყობა კომერციული სავაჭრო ფუნქციის მქონე სივრცე. ზედა სართულებზე დაგეგმილია სასტუმროს ნომრების მოწყობა, დაახლოებით, 194 ნომერი.

”ესკიზის ძირითადი კონცეფციაა პირვანდელი ფრაგმენტების აღდგენა. საპროექტო გადაწყვეტით შენობის არსებული სიმაღლის ნიშნული რჩება უცვლელი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ძირითადი ფასადების  გაბარიტები დაუბრუნდება პირვანდელ სახეს, ხოლო შიდა ეზოს მხრიდან მომატებული ტანი შენობას შეკრავს კვადრატული  ფორმით და შუაგულში შეიქმნება წრიული ფორმის ეზო. ვიზუალური თვალსაზრისით შენარჩუნებული იქნება შენობის მოსაპირკეთებელი მასალები, შეიცვლება კარ-ფანჯრების მასალები”, – წერია პროექტის განმარტების ბარათში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share