„ყველანი აპოლიტიკურები ვართ“ – ვინ ესწრება საქართველოდან პუტინის ახალგაზრდულ ფესტივალს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებით სოჭში მიმდინარე მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე დასასწრებად დელეგაცია საქართველოდანაც გაემგზავრა. ქართულ დელეგაციასთან ერთად ფორუმში მონაწილეობენ ახალგაზრდები და „ოფიციალური პირები“ სოხუმიდან და ცხინვალიდან.

სოჭის მახლობლად რუსეთის ფედერალურ ტერიტორიაზე ქალაქ „სირიუსში“, საქართველოს დროშასთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო დროშებიც ფრიალებს.

საქართველოს დელეგაციას სათავეში უდგას დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრორუსული ორგანიზაციის, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ხელმძღვანელი. „სოჭის აეროპორტში საზეიმოდ დაგვხვდნენ ჩვენი ძმები, ინგუშები“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში 29 თებერვალს. ფესტივალი პირველიდან 7 მარტის ჩათვლით იმართება.

ქართული დელეგაცია სოჭის აეროპორტში
ქართული დელეგაცია სოჭის აეროპორტში

ღია წყაროების მიხედვით, ქართული დელეგაციის წევრებს შორის არიან:

  • ანა ხოტივრიშვილი – ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე;
  • იულია კლიუჩნიკოვა – რუსულენოვანი გიდი თბილისში;
  • ინესა როდინა – საქართველოს სამგზის ჩემპიონი სპორტულ აკრობატებში მარნეულიდან, ლორთქიფანიძის თქმით: „რუსი ახალგაზრდების ლიდერი საქართველოში“;
  • კარინე არაკელიანი – მასწავლებელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკიდან (ფარავანი);
  • ტატიანა ბალაბანოვა – მცხოვრები სოფელ გორელოვკაში;
  • რუსეთში ქართული თემის წარმომადგენლები

ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ საქართველოს 35-კაციანი დელეგაცია წარმოადგენს.

„მე პირადად ჩამოვედი, რომ ლექსები წავიკითხო და სხვა მონაწილეებთან ერთად ვიმღერო, მოვყვე საქართველოზე, მოვიზიდო უცხოელები ჩვენს ქვეყანაში. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი მშვენიერი ქვეყნის შესახებ და გვეწვიონ. მერწმუნეთ, ზოგმა მონაწილემ არც იცოდა ასეთი ქვეყნის არსებობის შესახებ“, – თქვა მან.

ფესტივალზე აფხაზეთის დროშა
ფესტივალზე აფხაზეთის დროშა

დელეგაციის თბილისელი მონაწილის სიტყვებით, გაიცნეს ოსი ახალგაზრდები, „თუმცა ყველაზე მეტად ინგუშეთის წარმომადგენლებთან დავმეგობრდით“.

„მთავარია მშვიდობა და მეგობრობა. ჩვენ ყველანი აპოლიტიკურები ვართ და გვსურს პლანეტაზე მშვიდობა“.

რუსეთში მიწვეული იყო, მაგრამ წასვლა ვერ შეძლო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის SIKHA foundation-ის დამფუძნებელმა არჩილ სიხარულიძემ. „ეხო კავკაზასთან“ საუბარში მან აფხაზური და ოსური „დელეგაციების“ მონაწილეობაზე ისაუბრა.

არჩილ სიხარულიძე
არჩილ სიხარულიძე

„90-ინი წლებიდან ქართველი ექსპერტები და მეცნიერები, პოლიტიკოსები მონაწილეობას იღებდნენ და მიიღებენ ისეთ ღონისძიებებში, რომლებშიც იქნებიან აფხაზები და ოსები. დღეს არაფერი შეიცვალა. უბრალოდ ვიღაცა ამას აკეთებს ფარულად, ვიღაცა ღიად. ჩემი პირადი საქმიანობა, როგორც მეცნიერის და მკვლევრის, არის ღია. მე ვუსმენ ყველას, ვისაც უნდა რამის თქმა. მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ სტრატეგიული მოკავშირის მიერ შექმნილ პლატფორმებზე მივიღებთ მონაწილეობას და მხოლოდ იმათთან, ვინც მოგვწონს, არის საკუთარი თავის მოტყუება. მოლოდინი, რომ რუსეთი დამარცხდება და ჩვენ “შევურიგდებით” ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსაც და დებს – ჩვეულებრივი უვიცობა. ამიტომ, დიალოგი ადამიანური უნდა იყოს ყველა დონეზე“, – ამბობს სიხარულიძე, რომელიც რუსეთს ხშირად სტუმრობს და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს.

სოჭში გაემგზავრა ჟურნალისტი ლალი მოროშკინაც. ის დროდადრო რუსულ ტელეარხებთან ინტერვიუებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს. ფორუმის შესახებ შთაბეჭდილებები მან გაზეთ „ასავალ- დასავალს“ გაუზიარა. მოროშკინას სიტყვებით, რუსეთის მიმართ დაწესებული ე.წ. სანქციები სოჭში არსად იგრძნობა, საქართველომ კი რუსეთთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

ლალი მოროშკინა ფორუმის მონაწილესთან ერთად.
ლალი მოროშკინა ფორუმის მონაწილესთან ერთად.

„სოჭში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ოდითგანვე ქართველები ცხოვრობდნენ, რუსეთის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ააშენა ახალი ქალაქი – სირიუსი… ყველა გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ დამდგარია ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ და რუს პოლიტიკოსებს დაველაპარაკოთ. ყველგან ქართული სიმღერები ისმის, ყველგან ქართული კერძებია და ქართული ღვინო იყიდება! მოკლედ, სოჭის გაქართულების პროცესია დაწყებული, ახლა მთავარია სწორი არჩევანი გავაკეთოთ“, – ამბობს მოროშკინა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან ფორუმს 130 ადამიანი ესწრება, დელეგაციას ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალან თიბილოვი ხელმძღვანელობს.

ოკუპირებული აფხაზეთიდან ფორუმს 100-კაციანი დელეგაცია ესწრება. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა დიპლომატთა გლობალური ფორუმის სესიაში, სადაც შეერთებული შტატები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას „არ სჭირდება ომი“.

საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა შეაფასოს იმ ჯგუფების მოქმედება, რომლებსაც პირდაპირი კავშირები აქვთ ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, როდესაც უკრაინაში უკრაინელები იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს მტრულ სახელმწიფოსთან ნებისმიერი ფორუმის თანამშრომლობა ამორალური ქმედებაა“.

კინწურაშვილის თქმით, პრორუსული ჯგუფები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მოსკოვი ქართველებს აფხაზებსა და ოსებთან შეარიგებს.

თამარ კინწურაშვილი
თამარ კინწურაშვილი

„ეს ფორმულა, რომ რუსეთი მშვიდობისმყოფელია და ჩვენ მოგვალაპარებს აფხაზებთან, ნიშნავს, თითქოს კონფლიქტია აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის. ეს რუსეთის სამხედრო ინტერვენციაა და ოკუპანტი ვერ იქნება მომლაპარაკებელი და მედიატორი. მას აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები – უნდა, რომ შეცვალოს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი და, შესაბამისად, ამ სიტუაციაში ის უფრო მეტად იხეირებს, თუ მოირგებს შუამავლის როლს“, – ამბობს კინწურაშვილი.

ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ფესტივალში მონაწილეობას იღებს 188 ქვეყნიდან ჩასული 20 ათასზე მეტი ახალგაზრდა. „ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი კი სამართლიანი სამყაროს მშენებლობის იდეა და ერთმანეთის თანადგომაა“.

სოჭში საქართველოდან წასული დელეგაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამ დრომდე არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share