პატრულირება საიქიოში: გამწარებული რუსები – ხომალდი “სერგეი კოტოვი” კრეისერმა “მოსკვამ” “თავისთან წაიყვანა”

ძალაუნებურად დეჟავიუს შეგრძნება გემართება – ეს ხომ უკვე მინახავას და გამიგია?- სწორედ ასე არ მოხდა ა.წ.-ის 14 თებერვალს, როდესაც უკრაინული კამიკაძე-კატარღები „შეესიენ“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო ხომალდს „ცეზარ კუნიკოვს“ და ეს 4 ათას ტონა წყალწყვისა და 112 მ სიგრძის ხომალდი „წყალქვეშა“ რანგში გადაიყვანეს?

და ეხლაც, 4-5 მარტის ღამეს ქერჩის სრუტის სიახლოვეს სამმა უკრაინულმა დისტანციურად მართვადმა კამიკაძე-კატარღამ სამი უზუსტესი დარტყმა მიაყენა მარცხენა და მარჯვენა ბორტებზე, ასევე კიჩოზე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდს “Сергей Котов” -ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ჩაიძირა…

22160 პროექტის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ რუსეთის სამხედრო გემთმშენებლობის ახალი სიტყვაა და კონკრეტულად ეს ხომალდი რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შეიარაღებაში მხოლოდ ორი წლის წინ, 2022 წლის მაისში მიიღო.

2-sh-1709636785.png
უკრაინულმა Magura V5 ტიპის კამიკაძე-კატარღებზე სერიოზული მოდიფიკაცია გაიარეს, რისი წარმატებული შედეგიც სახეზეა…

1 965 ტონა სრული წყალწყვის „სერგეი კოტოვის“ სიგრძე 91 მ-ს, ხოლო სიგანე კი 14,5 მ-ს შეადგენდა. მასზე დაყენებული ორი დიზელის ძრავა(თითოეული 6 ათასი ცხ.ძ.-ის სიმძლავრის) ხომალდს 22,5 კვანძის(41,6 კმ/სთ) მაქსიმალური სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევდა. ცურვის სიშორე 6 ათას საზღვაო მილს შეადგენდა.

„სერგეი კოტოვი“ შეიარაღებული იყო ერთი 76 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხით, ორი 14,5 მმ-ანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით, საზენიტო „იგლებით“, ხოლო მის გემბანზე განთავსებული იყო ერთი Ка-27ПС ტიპის შვეულმფრენი და ერთი სადესანტო-მოიერიშე ნავიც.

„სერგეი კოტოვის“ შეიარაღება შთამბეჭდავი შეიძლება არ გახლდათ, რადგან ის საპატრულო ხომალდების კლასს განეკუთვნებოდა და ტერიტორიულ წყლებში უფრო საპატრულო ფუნქციების შესასრულებლად იყო განკუთვნილი-მაგალითად, უცხო გემის აღმოსაჩენად და მის შესამოწმელად შვეულმფრენისა და სადესანტო-მოიერიშე ნავის გასაგზავნად. თუმცა თავდაპირველ ნახაზებში ჩადებული იყო, რომ 22160 პროექტის საპატრულო ხომალდის კიჩოს(უკანა) ნაკვეთურში უნდა განთავსებულიყო „კალიბრის“ ან „ონიქსის“ ფრთოსანი რაკეტების ვერტიკალურად გასაშვები კონტეინერები, მაგრამ პროექტის ეს ნაწილი არ შესრულებულა და „სერგეი კოტოვი“ არ იყო შეიარაღებული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული კადრები, გადაღებული უკრაინულ კამიკაძე-კატარღების ბორტზე დაყენებული თბოვიზორული კამერებით…

ვიდეო იხილეთ ლინკზე – Уничтожение российского патрульного корабля “Сергей Котов”. ВИДЕО беспилотника Источник: https://censor.net/ru/v3476902

სამაგიეროდ, „სერგეი კოტოვი“ დამზადებული იყო რადილოკატორებისგან ძნელად შესამჩნევი „სტელსის“ ტექნოლოგიით, რაც აისახებოდა მის თანამედროვე დიზაინშიც.

თუმცა, როგორც ხედავთ, ვერც „სტელსის“ ტექნოლოგიამ უშველა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ამ მორიგ ხომალდს, რომელიც „წყალქვეშა“ რანგში გადაიყვანა უკრაინულმა Magura V5 ტიპის სამმა კამიკაძე-კატარღამ-მათზე დაყენებული თბოვიზორული კამერებით ოპერატორებმა ეს დრონები ზუსტად მიმართეს რუსული ხომალდის კორპუსისა და ძრავების კარგად შესამჩნევ სითბურ კონტურზე.

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ დაუყოვნებლივ გაავრცელა თავის კამიკაძე-კატარღების რუსულ „სერგეი კოტოვზე“ თავდასხმის ვიდეოკადრები ,რასაც დაემატა უკვე თავად რუსი მეზღვაურების მიერ გადაღებული და ინტერნეტში დადებული კადრებიც, რაც უთუოდ ადასტურებს მორიგი რუსული სამხედრო ხომალდის სრულ განადგურებას.

რუსი მეზღვაურების მიერ გადაღებული კადრები…

ჯერჯერობით უცნობი რჩება „სერგეი კოტოვის“ 41 კაციანი ეკიპაჟის ბედი, რომელთა ნაწილი დიდი ალბათობით შეეწირებოდა ამ სამმაგ დარტყმა-აფეთქებებს, მაგრამ ისევე როგოროც სარაკეტო კრეისერ „მოსკვასა“ თუ დიდი სადესანტო ხომალდ „ცეზარ კუნიკოვის“ ჩაძირვისას, რუსმა ადმირალებმა დამალეს მათ გემბანებზე მყოფი დაღუპულების შესახებ ინფორმაცია, ეტყობა ეხლაც ასე მოხდება.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტს კიდევ სამი ასეთივე პროექტის საპატრულო ხომალდი დარჩა, რომლებსაც დიდი ალბათობით „სერგეი კოტოვის“ მომავალი ემუქრებათ..

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share