“ქართული ოცნების” დეპუტატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებაა, ამიტომ ხელისუფლება უნდა გამოფხიზლდეს, სანამ ხალხი “ყველას იფრენს”.
“მე არ ვფიქრობ, რომ დღეს მე ჩუმად რომ ვიყო, ხალხის უკმაყოფილება უფრო მეტად გაიზარდოს და საბოლოოდ, ეს ხალხი გაგიჟებული მოვა და ყველას გვიფრენს, ეს არის გამოსავალი. მე მომხრე ვარ, დღეს ვთქვა, რაც გვაწუხებს და იქნებ გამოვფხიზლდეთ და უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე კეთდება, ვიდრე ჩუმად ვისხდეთ, ერთმანეთს “სმაილიკები” ვუგზავნოთ, რა მაგრები ვართო და ამასობაში უკმაყოფილებამ იმატოს. ფაქტია, რომ ადამიანებში უკმაყოფილება არის. მინისტრის მოადგილეებს და მინისტრებს არ აქვთ მოქალაქეების მიღების საათები“, – ამბობს კაშვილის “პალიტრანიუსთან” საუბრისას.
მისივე განცხადებით, რაღაც პრობლემებს ვერ აგვარებს, რადგან ბიუროკრატიული მანქანა ხელს უშლის.
“როდესაც მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ მე ვიქნები ადამიანი, რომელიც იქნება შუამავალი საკანონმდებლოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, მე ამ პასუხისმგებლობას ვატარებ და ვერავის მივცემ საშუალებას, რომ მე გამანულოს და ეს სიტყვა, რომელიც მე ნათქვამი მქონდა, ვერ შევასრულო. ამიტომ, თუ საჭირო იქნება, უფრო მწვავე განცხადებებსაც გავაკეთებ იმისთვის, რომ ცოტა ვიღაც-ვიღაცებმა ყური შეიბერტყონ და რეაგირება დროულად მოახდნონ”,– თქვა კახიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ გუნდის გადაწყვეტილებით, ის არა ლიდერი, არამედ რიგითი დეპუტატია.
“აბა, როდის გინახივართ ბოლოს ან იმედის ან სხვა ეთერში? ესე იგი, ასეა საჭირო, ვიღაცა თვლის, რომ ალბათ კახიშვილი დღეს აქტუალური არ არის. არავინ მებრძვის, მაგრამ თვლიან, რომ ვიღაცა უფრო კარგად აკეთებს რაღაცას”,– თქვა კახა კახიშვილმა.
ის არ გამორიცხავს, რომ ქართული ოცნება დატოვოს, თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში სხვა პარტიაში არ გადაინაცვლებს.