მსახიობი გიორგი გურგულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ”კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
”მესამე ძალა, სამწუხაროდ, არ გამოჩნდა… ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, რომ მშვიდობა შენარჩუნდა და ამის გამო ხმას არ ვიღებ სხვა რამეებზე, თორემ გასაკრიტიკებელი ბევრია, ხალხის სოციალური მდგომარეობა, ყველაფერი ძვირდება… მესამე ძალა არ ჩანს, ოპოზიცია ქვეყნისთვის კი არა, სავარძლებისთვის იბრძვის. ალბათ, ხალხი ხედავს, “ნაცმოძრაობას” რა მიზნებიც აქვს, სხვა ფული, სხვა მიზნები ამოძრავებთ და არა ის, რაც ქართველ ხალხს უნდა. ჩვენი მთავრობაც უნდა გადახალისდეს. ჩემი აზრით, რაც მეტი პარტია შევა ხალხის დასახმარებლად მით უკეთესი. ადრე მაჟორიტარსაც იმ იმედით ირჩევდი, მიხვიდოდი, პრობლემას გაუზიარებდი, ამა თუ იმ ამბავს მიიტანდა პოლიტიკურ წრეებში, პარლამენტში. დღეს ეს აღარ ხდება. ოპოზიცია ხალხის მხრეს არაა და არც ხალხია ოპოზიციის მხარეს. მთავრობას რაც შეეხება, ჩემთვის მიუღებელია, რომ არც ერთ მინისტრს არა აქვს მიღების საათები, არც ქალაქის მერს. უნდა მიმართო წერილობით, მერე გამოგიგზავნიან მშრალ პასუხს, კანონით ასე არაა, არამედ ისეაო.
– კვლევა დაიდო, რომ ქვეყანაში ნახევარი მილიონი კაცი თამაშდამოკიდებულია.
– საშინელებაა. მიშა სააკაშვილის დროს ნარკომანებზე ამბობდნენ, ჰეპატიტიანი 40 ათასი კაციაო, სინამდვილეში 400 ათასს უმკურნალეს. თამაშდამოკიდებულიც მეტია. დიდი ხანია ვამბობ, რომ თბილისში არ უნდა იყოს კაზინოები, უნდა გაიტანონ საკურორტო ქალაქებში, სადაც მეტწილად ტურისტები შევლენ. აქ დიდი ცდუნებაა. ხალხი კარგავს სახლებს, ოჯახებს…. ონლაინთამაშებმა ძალიან გააახალგაზრდავა მოთამაშეები. ტელეფონში გიგდებენ რეკლამებს, ითამაშე და მილიონებს მოიგებო… თანდათან ეს აზარტი ხდება, ნარკომანიაზე უარესია. სხვათა შორის, მოთამაშეების რეაბილიტაცია ბევრად რთულია, ვიდრე ნარკომანების. აუცილებელია ფსიქოლოგების ჯგუფი, რომელიც დაეხმარება ლუდომანებს. ლუდომანია ისეთივე მანიაა, როგორიც ნარკომანია, უფრო უარესიც. ჩემს რამდენიმე ახლობელს საათობით ვეთამაშებოდი ხოლმე ნარდს, რომ არ წასულიყვნენ კაზინოში და ფულზე არ ეთამაშათ, ჩემთან ვაკვლევინებდი აზარტს. უნდა გაკეთდეს სარეაბილიტაციო ცენტრები. ინტერნეტსივრცეც უნდა გაკონტროლდეს, რათა მოზარდებმა ვერ ითამაშონ. ანტირეკლამა უნდა მომზადდეს სათამაშო ბიზნესზე. სოციალური რეკლამები და ფილმები უნდა გადაიღონ.” – აცხადებს გურგულია.