უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი ტვ პირველის ეთერში აცხადებს, რომ ბრძოლა ინტენსიურ ფაზაშია გადასული, თუმცა სამხედრო იარაღისა და საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, უკრაინა იძულებული ხდება, ზოგიერთ მონაკვეთზე, მხოლოდ და მხოლოდ, აქტიური თავდაცვით შემოიფარგლოს.
ქართველი მებრძოლი კურსკისა და ბელგოროდის ოლქების საარტილერიო ჭურვებით დაბომბვას ეხმაურება და განმარტავს, რომ დროა, რუსული საზოგადოება გამოფხიზლდეს და საკუთარი თავისუფლებისთვის, ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძოლოს.
ამავდროულად, მამულაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ომში ჩართული ქვეყნისთვის დახმარების ახალი პაკეტის გადაცემისკენ მოუწოდებს.
”მე მივესალმები ბრძოლის ველის გადატანას რუსეთის ტერიტორიაზე. ამის მიუხედავად, ეს არის გაკეთებული რუსეთის მოქალაქეების და ეს ადამიანები იცავენ საკუთარ უფლებებს. ეს ლეგიონი შეიქმნა უკრაინის ტერიტორიაზე და იცავს უკრაინის ინტერესს. ამ ადამიანებს სურთ ქვეყნის განთავისუფლება. ძალიან კარგია, რომ ბრძოლის თეატრმა გადაინაცვლა რუსეთის ტერიტორიაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო ღრმად გადაინაცვლებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში.
ბრძოლა საკმაოდ ინტენსიურ ფაზაშია შესული. ზოგიერთ მონაკვეთზე აქტიურ თავდაცვაზეა გადასული უკრაინული ჯარი მხოლოდ იმიტომ, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტია. სხვადასხვა ქვეყნიდან ველოდებით საბრძოლო მასალის მოწოდებას, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისგან, სადაც ასევე საარჩევნო პერიოდია და პოლიტიკოსები დაკავებულები არიან შიდა პრობლემებით და არა უკრაინის პრობლემებით, რაც სამწუხაროა. ამ ეტაპზე ევოპა უფრო აქტიურია, ვიდრე აშშ”, – ამბობს მამუკა მამულაშვილი.