ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

2024 წლის 21 მარტს ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი, გასვლითი სახის შეხვედრა გაიმართა.  საბჭოს წევრები ბახვი ჰესის სამშენებლო ბანაკს სტუმრობდნენ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდებარეობს.

ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ  მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო სამშენებლო ბანაკის სპეციფიკა. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით მოწყობილი სამშენებლო ბანაკი მდებარეობს სამშენებლო უბნის სიახლოვეს, ადვილად მისადგომ ტერიტორიაზე, რათა ბანაკიდან მუშა პერსონალის სამუშაო ლოკაციებზე ტრანსპორტირება მაქსიმალურად უსაფრთხო და გამართული იყოს.   ბანაკი ადგილობრივი მაცხოვრებლების საცოხვრებელი ზონიდან მაქსიმალურად არის დაცილებული, შესაბამისად, მინიმუმამდე არის დაყვანილი მოსახლეობის შეწუხება ხმაურის გავრცელებით, რომელიც მშენებლობის პროცესს უკავშირდება.  აღსანიშნავია, რომ ბანაკისთვის სპეციალურად შეირჩა ნიადაგის ნაყოფიერი ფენითა და მცენარეული საფარით მწირი ტერიტორია, რომელიც  მაქსიმალურად დაცილებულია მდინარეს, რაც ამცირებს როგორც ნიაგადზე ზემოქმედებას,  ასევე  – მდინარის დაბინძურების რისკებს.

„ბახვი ჰესის სამშენებლო ბანაკი სულ 140 ადამიანზეა გათვლილი. დღევანდელი მონაცემებით, ადგილზე სულ 58 მუდმივი მაცხოვრებელია. აღსანიშნავია, რომ ბანაკში მუდმივ მაცხოვრებელთა რიცხვი სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი ეტაპების მიხედვით კიდევ გაიზრდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება აღნიშნული შენობების დემონტაჟი, ტერიტორიების გაწმენდა და რეკულტივაცია, რის შედეგადაც ნაკვეთს დაუბრუნდება პირვანდელ იერსახეს “, – განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

მრჩეველთა საბჭოზე, კომპანიის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა ისაუბრა იმ უსაფრთხოების ნორმებზე, რომელსაც ზედმიწევნით იცავს კომპანია როგორც სამშენებლო პერიმეტრზე, ასევე – პერიმეტრის ახლოს მდებარე სოფლებში. გასულ თვეს, სკოლის მოსწავლეების ინფორმირებულობის მიზნით, მთისპირის საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ.

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მიიღეს ინფორმაცია გზშ-ს აღსრულების ნაწილზეც. საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაწერილი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების სამოქმედო გეგმა, პრიორიტეტული მიმართულებაა პროექტის განხორციელების მოცემულ ეტაპზე. საერთაშორისო ექსპერტები გარკვეული პერიოდულობით სამშენებლო პერიმეტრის მონიტორინგს განახორციელებენ  და შეაფასებენ ბახვი ჰესის გუნდის მუშაობას ამ მიმართულებით.

ბახვი ჰესის გუნდმა დაასრულა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისქედში დაგეგმილი სოციალურ პროექტი, რომლის შედეგადაც უახლოეს მომავალში ვანისქედის 47 ოჯახს სასმელი წყალი სახლებში მიეწოდებათ.  პროექტის ფარგლებში კომპანიამ შექმნა წყლის სისტემა, გააკეთა დაქსელვა, გამრიცხველიანება და ააშენა წყლის სატუმბი სადგური. დასრულებული პროექტი კომპანიამ მუნიციპალიტეტს გადასცა სამართავად.

მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებთან შეთანხმდა მათი 2024 წლის ჩართულობის პროგრამა, რომელიც თითოეული საბჭოს წევრის მეტ და უშუალო მონაწილეობას ითვალისწინებს კომპანიის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტებში.

#ჩვენერთადვაშენებთ

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share