ბადით თევზაობა გურიაში

ბადით თევზაობა გურიაში
.
გურიაში შემდეგი ბადეები იყო: „სასროლი ბადე“ – „სათხეველი“, „ხელბადე“, „ხოლოხი ბადე“, „ დიდ ბადე“ – „სათრიელა ბადე“, „პეტაკი“.
.
სასროლი ბადეს, ანუ სათხეველს ქსოვენ, როგორც სხვა ბადეს, აბრეშუმის ან კედის ძაფისაგან ჩხაშით. სათხეველ ბადეს ქსოვენ მრგვალად სამი ალაბი სიმრგვალე ძირში. ბოლო შემოკეცილი აქვს ერთს მტკაველაზე. ამას ჰქვია საღვანავი. საღვანავთან აქვს დაკრული ირგვლივ ტყვიის პატარა ბურთები სიმძიმისათვის. როცა წყალში მეთევზე გადაისვრის სათხეველს, ბადე უნდა დაძიროს. როცა ამ ბადეს მესათხევლე წყალში გადაისვრის, ბადე ბრტყლად გადაიშლება და წყალზედ გადაიფინება და ტყვია ჩასძირავს წყლის ფსკერამდე: თევზები ბადის შუაზედ მოემწყვდევა და როცა ბადეს მეთევზე მოსწევს, თევზები გაშლილს საღვანაკში მოემწყვდევა და ზევით ამოიყვანს ბადით მეთევზე.
.
ხელბადე – ეს არის წვრილთვალი მოქსოვილი ბადე, რომელიც მიმაგრებულია ორპოტიკა ჯოხზე. როცა თევზს დაწამლავენ, დაწამლულს და დაბრუებულ თევზს მოსდებენ ხელბადეს და წყლიდამ ამოიყვანენ თევზს.
.
ხოლოხი ბადე ან სარეკი ბადე – იგივეა, რაც ხელბადე, მაგრამ უფრო დიდი.
.
დიდბადე – ეს არის გრძელი ბადე, რომელიც უჭერია სამს კაცს და გამართავენ მდინარის სიგანეზე. გაუდებენ წყალში ამ გამართულ ბადეს და ზევიდან გამორეკენ თევზს ქვების ცემით წყალში და ჭოკების საშუალებით. თევზები დაექანება ქვევით და მოხდება გაშლილ ბადეში.
.
პეტაკი ბადე, ანუ დასაყარი ბადე, სიგრძე-განით თხუთმეტი-ოცი (15-20) არშინი. ბადეზე არის ხშირი დაბმული მწარე ხაპები, რომ ბადე არ ჩასძიროს. გაიშლება დიდს ტბაში და წყლის ზემოდ რჩება. თევზი საზოგადოდ კუდით უკან სვლით მიდის, და კუდით მოსინჯავს თუ რამე მიებორკება გზაში და თუ რამე შეხვდა და კუდით მოხვდა, იმ წამსვე გადახტომას მოინდომებს. მაგალითად, კობრი კუდით გადახტება ორ საჟენზე. თუ გაშლილს ბადეს კუდით მოხვდა, გადახტომას მოინდომებს და გადახტება კიდეც და დაეცემა გაშლილ ბადეზედ, ამგვარად, ბადეზე თავს იყრის თევზები და მებადურები მოხვევენ ბადეს და დაჭერილ თევზებს ამოხეკენ ბადიდგან.
.
ხშირად თევზებს, განსაკუთრებით დიდრონს, ჰკლავენ ჭვილთით. ჭვილთი არის სამპოტიკი (სამი თითი) წვერწალესილი რკინა, გრძელ ხის ტარზე დაგებული. როცა წყალში მეთევზე დაინახავს, მაგ., მწოლიარე კობრს ან ღლანს, შეიძლება ზუთხიც შეხვდეს, შორიდგან დაჰკრავს ჭვილთს და ჰკლავს თევზს. დიდრონ თევზს თოფითაც ჰკლავენ.
.
თევზს იჭერენ საღობითაც. პატარა მდინარეს ან მისს შტოს მორეკენ ერთს ვიწრო კალაპოტში. დაასობენ წყალში პატარა სარებს, ზედ მიაყრიან ქვებს და ჟვეროს. ღობეს გაიყვანებენ პირფართედ. ორივ მხრივ ბოლო ექმნება ვიწრო. ბოლოზე დაუსობენ ორს სარს და ზედ მოადებენ კუშტულიან ბადეს ორ ჯოხზე გაკრულს, სიგრძით ბადე იქნება ერთ-ნახევარი (1,5) მეტრი, თავფართე და ბოლოწვრილი (კუშტულიანი). კუშტულზე მობმული აქვს სამი კედის მაგარი ძაფი, რომლის წვერები უჭირავს მეთევზეს ხელში და ზის ბადის თავზე, საჯდომზე. როცა თევზი ჩამოვარდება ბადეში და ჩარჩება ბადეში, დაიწყებს ხვანცალს და გააქანებს კუშტულზედ მიბმულ ძაფებს. მეთევზე ამით გაიგებს, რომ ბადეში თევზები მოჰყოლიაო და ამოიღებს ბადეს და ამოიყვანს დაჭერილს თევზებს.
.
ბადის ნაწილები: სათხეველის: ტანი ბადე, საღვანავი, სათხეველის, ტყვია (მისივე), კუშტული – ბადის თავი, რომელზედაც წაბმული არის წვრილი თოკი. ამ თოკით წყალში გადასროლილ ბადეს თავისკენ მოსწევს და დაჭერილს თევზებს ამოიყვანს (თუ რამე დაიჭირა, თუ არა ხელახლა გადაისვრის ბადეს წყალში). სათევზაო ადგილს შერჩევა უნდა. ადგილი უნდა იყვეს ლიმორიანი (ესე იგი, შეჩერებული წყალი – ნელი); ჩხერგებს და დიდს ქვებს ბადით მეთევზე უნდა ერიდოს.
.
ხშირად მეთევზეები ღამით წყლის პირას ცეცხლს ანთებენ. თევზები თავს იყრის სანათლეზე. თევზაობა უნდა, როცა წყალი ამღვრეულია (განსაკუთრებით, როცა ლანქერი მოდის მთიდგან თოვლის დნობის დროს).
.
მეთევზეები ხშირად წყალს განგებ ამღვრევენ, ღვრია წყალში თევზი უფრო ადვილი დასაჭერია. როცა თევზი ჭინჭალს ყრის, მაშინ არ უნდა თევზით ნადირობა. სხვადასხვა თევზეული ჩვენში: კალმახი, წვერა, ქაშაპი თევზი. ჭარფალა [პატარა თევზები], თევზთეთრი, ღორჯო, ღლანი, კობრი და ზუთხი [იშვიათად].
.
კალმახი ყველა თევზს სჯობია ღირსებით; შემდეგ წვერა; ქაშაპა თევზი ნაკლები ღირსებისაა, გემოც ნაკლებია და უამრავი წვრილი ძვლები აქვს – საჭმელადაც საბრთხილოა. ასეთივეა თევზთეთრაც. ჭარფალა წვრილი თევზებია და ღირსება ნაკლებია. ღორჯო არის ღელის თევზი, გემოთი ბლაყვია (სხვა თევზეულობასთან შედარებით).
.
რაც შეეხება ღლანს და კობრას, და აგრეთვე ზუთხს, ეს თევზები ჩვენში ამოდის ზღვიდგან, შემოჰყვებიან მდინარეს და მოულოდნელად გამოჩნდება ჩვენს მდინარეში. განსაკუთრებით ლანჩხუთის რაიონში, როდესაც მდ. რიონი წყალდიდობის დროს გადმოდის [ნაწილი] ლანჩხუთის ტყეებში და მას თან გადმოყვება კობრებიც, რომლებსაც, როცა წყალი ჩადგება – იჭერენ. საერთოდ, ჩვენში თევზებს იჭერენ ცოტას და ამ ცოტას თვითონ მეთევზეები თავის ოჯახშივე ხმარობენ. თუ პირველ სადილ-ვახშამს რამე მორჩათ, ამას დააწყობენ ჩეჩობაზე, წვრილი წკნელით დაღობილ პატარა ლასტზე, დადებენ ჩეჩობას ოჯინჯალაზე და ახმობენ. მხოლოდ ლანჩხუთის რაიონში იჭერენ თევზებს კარგა გვარიანად და ბაზარზედაც გააქვთ გასაყიდად.
.
მთხრობელები: ვლადიმერ გიორგაძე, 65 წლის სოფ. ვალისჯვარი და ნიკოლოზ გიგოს ძე ურუშაძე, 80 წლის ლანჩხუთი;
შინამრეწველობის მასალები (პირველ–ასლები) (შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით) – ჩაწერის წელი: 1936(corpora.co)
შეიძლება იყოს 3 people გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share