საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო – ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ვნახოთ, როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა.
WhoScored-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლაშა დვალი დაასახელა – 7.78 შეფასებით (10-ბალიანი სისტემა). ლაშა დაცვაში გაუვალი კედელივით იყო და მან პენალტების სერიაშიც უნაკლოდ შეასრულა 11-მეტრიანი. მის ანგარიშზე 2 დარტყმაა კარისკენ, 3-ჯერ მოგებული საჰაერო დუელი, 5 ჩაჭრა, 4 გამოტანა სახიფათო ზონიდან, მან 52 პასი გააკეთა.
მატჩში მეორე შეფასება ჰქონდა გიორგი ქოჩორაშვილს – ლევანტეს ნახევარმცველმა 7.67 ქულა მიიღო, მან დაუღალავად იმუშავა შუახაზში, 55 პასი გააკეთა, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და მეტოქე 3-ჯერ დააჯარიმა. აგრეთვე, მან უნაკლოდ და ძალიან ეფექტურად შეასრულა პენალტების სერიის პირველი დარტყმა, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია.
მესამე შეფასება – 7.18 ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც 2 სეივი მიითვალა და პენალტების სერიაში 1 დარტყმა (პირველი აიღო).
7-ზე მეტი ქულა ჰქონდათ აგრეთვე: ლევან შენგელიას (7.16), ხვიჩა კვარაცხელიას (7.12), ოთარ კიტეიშვილს (7.10), გურამ კაშიას (7.07) და ნიკა კვეკვესკირს (7.02).
ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ხვიჩას ჰქონდა – 6 და ყველაზე ხშირადაც მას ეუხეშებოდნენ 5-ჯერ (3 გაფრთხილება).
საბერძნეთის ნაკრებში 7.7 შეფასებით საუკეთესო პანტელის ჰაციდიაკოსი იყო.