2024 წლის 26 მარტს ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელები დაბა ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ სტუმრობდნენ, სადაც „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა და მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ია მამალაძემ ჩაატარა სემინარი სახელწოდებით „ვისი ხვედრია თავისუფლება“. ია მამალაძე პროფესიით ჟურნალისტია. მან 1991 წელს დააფუძნა გამოცემა „გურია ნიუსი“, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე ვრცელდება. ის იყო საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი; ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაპროექტებს; ასევე საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტებს. მიღებული აქვს რამდენიმე ჟურნალისტური ჯილდო. ხელმძღვანელობს მედიამონიტორინგის ცენტრს.
„ივლიტას ბიბლიოთეკა“ მედიასახლ „გურია ნიუსის“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივითა და ახალგაზრდების ენთუზიაზმით დაარსდა. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება გაიღრმავონ ცოდნა და ისარგებლონ ინტერნეტთან შეუზღუდავად წვდომის საშუალებით. სწორედ ამ სივრცეში გაეცნენ ჩხაკაურისა და მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ია მამალაძის მიერ მომზადებულ ლექციას სამშობლოს სიყვარულზე, პირველ რესპუბლიკაზე. განიხილეს 1918 -1921 წლების სამოქალაქო აქტივობების მაგალითები და იმსჯელეს თემაზე: რა ხდის ადამიანს საუკეთესო მოქალაქედ.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თაობის ახალგაზრდებთან შეხვედრა, რომლებმაც ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი არ იციან საქართველოს უახლესი წარსულიდან. ამ თაობას აღარ უწევს საბჭოთა პერიოდზე საუბარი. თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ ქართველებს გვაქვს გენეტიკური ცოდნა, თუ როგორ უნდა იქცეს ადამიანი მოქალაქედ. განვიხილეთ 1918-1921 წლის საქართველოს რესპუბლიკა. საქართველომ შექმნა სამაგალითო კონსტიტუცია და დამოუკიდებლობის აქტი. ბავშვებმა კარგად გაიაზრეს ეს ყველაფერი, იყო ჩართულობა მათი მხრიდან“ – განაცხადა „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა და ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრმა ია მამალაძემ.
სემინარს „ვისი ხვედრია თავისუფლება“ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლის 30 უფროსკლასელი (8,9,10,11,12 კლასი) და მათი რამდენიმე პედაგოგი ესწრებოდა.
თაკო ჩავლეშვილი – მთისპირის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ქრონიკა, რომელიც ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. დიდ მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო დღისთვის. ვფიქრობ მიღებული ცოდნა გამომადგება მომავალშიც“.
საბა ქათამაძე – ჩხაკაურას საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე
„დღევანდელი დღე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში. საქართველოს ისტორიაზე ბევრი რამ გავიგე, რაც სიახლე იყო ჩემთვის. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობა 1921 წელს დავკარგეთ, თუმცა დღეს ჩვენი გზა ევროპისკენაა მიმართული და ბევრად გაძლიერებული დავბრუნდებით იქ“.
ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის პროგრამა 2023 წელს დაიწყო და 2024 წელსაც გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო შეხვედრა და ღონისძიება იგეგმება მრჩეველთა საბჭოს წევრების მონაწილეობით.