პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც რუსულ კანონი უნდა განიხილონ. მას ანრი ოხანაშვილი უძღვება, რომელიც რუსული კანონის ხსენებისას ოპოზიციის წარმომადგენლებს მიკროფონს უთიშავს და სიტყვის დასრულების საშუალებას არ აძლევს. ის არგუმენტად ამბობს, რომ დეპუტატები პროცედურულ საკითხებზე არ საუბრობენ. პარალელურად პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.
პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი ოხანაშვილს რუსული კანონპროექტის განხილვის გადადებასა და ალტერნატიული, “ანტირუსული” კანონის განხილვას სთავაზობდა, რა დროსაც მას მიკროფონი გაუთიშეს.
“კანონპროექტის სახელწოდება თქვენ იცით და გთხოვთ, თუ კონკრეტულ კანონპროექტს გულისხმობთ, ბრძანეთ რომელ პროექტს გულისხმობთ. მე არ ვიცი რუსული კანონი აქ, რომელიც ჩვენ აქ დღეს უნდა განვიხილოთ. ესეთი კანონი არ არსებობს… ჩემ გარეშე მიკროფონს ნუ რთავთ”, – თქვა ოხანაშვილმა.
“ძალიან კარგად იცით, ჩემი აზრით, ბატონო ანრი, რა კანონზეც არის საუბარი…ამას მოწმობს თქვენი მართლა დეზინფორმაციული პლაკატები, რომლითაც გადაავსეთ მთელი საქართველო,” – უპასუხა ლილუაშვილმა.
ოხანაშვილმა კი რუსული კანონის ხსენებისას მიკროფონი გაუთიშა “ევროოპტიმისტების” წვერ ხატია დეკანოიძესა და “ლელოს” წევრ ანა ნაცვილიშვილსაც. კანონპროექტის გაწვევისკენ ოხანაშვილს დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმაც მოუწოდა.
ანა ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს ასევე მოუწოდა, დაასახელოს ვინ მიმართა სხდომაზე დაშვების თხოვნით და მათგან რა ნაწილი დაუშვეს. დღეს სხდომას ონლაინმედიების წარმომადგენლები არ ესწრებიან. მათ შორის, აკრედიტებული ჟურნალისტები. სხდომაზე თითო ტელევიზიიდან მხოლოდ თითო ჟურნალისტი შეუშვეს.