”მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, გერმანიის დაზვერვის უმაღლესი პირები თავიანთი აგენტურული ქსელის მეშვეობით ნაძარცვი ოქროს ( და არამარტო ოქროს) აქტიურ ტრანსპორტირებას ეწეოდნენ შვეიცარიაში. საუბარია დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის მოცულობაზე. ეს რაც ვიცით და რაც შვეიცარიამ აღიარა.
ევროპის ბანკებში ჩალექილი რუსული მილიარდები ძალიან მოწყვლადი აღმოჩნდა. შეიძლება დაიკარგოს; შესაძლოა სულაც უკრაინას გადაურიცხოს ერთ დღეს დასავლეთმა. ვინ იცის. ვერც პუტინი გამოეკერება ზეცას და არავინ იცის როგორი იქნება პოსტპუტინური რუსეთი. სამაგიეროდ, ვერსად გაქრებიან რუსეთის დაზვერვის შეფები და მათთან დაახლოებული პირები, რომლებსაც მესამე რაიხის “კოლეგებივით” სჭირდებათ “შვეიცარია”; მაგრამ არა რომელიმე ევროპული ან ლათინო-ამერიკული ქვეყანა, სადაც ან ევროპის, ან ამერიკის დაზვერვას მიუწვდება ხელი და თან სიშორის გამო ძნელი გასაკონტროლებელი იქნება, არამედ რაღაც პატარა, მოხერხებული, ბუფერული ტერიტორია, რომელზეც სრული კონტროლი აქვთ და ექნებათ საკუთარი აგენტურული ქსელის მეშვეობით; ანუ ერთგვარი “ბანძი შვეიცარია”.
ასეთი იყო თავის დროზე ლიბანი, რომლის საბანკო სისტემა რადიკალური ისლამის “მამებმა” აქციეს თავიანთი შავი ფულის სამრეცხაოდ და დღეს რაც არის, ყველამ ვიცით.
წარმოიდგინეთ ახლა ევროპასა და რუსეთს შორის გაკვეხებული პატარა ქვეყანა, რომელსაც სრულად და უპირობოდ აკონტროლებს კარტელი. ეს კარტელი კი ასევე სრულად და უპირობოდ კონტროლდება რუსული სადაზვერვო ქსელის საცეცებით, რომელსაც უკან უდგას კარტელის განკარგულებაში მყოფი ათასი ჯურის კანონიერი და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელთა მეთაურები ძალიან გულუხვ ანაზღაურებას იღებენ გაწეული სამსახურისათვის. კარტელს დავალებული აქვს, რომ თავისი ფსევდო-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებით ზუსტად ისევე შეინარჩუნოს “სახელმწიფოს” სტატუსი, როგორც ლიბანი ინარჩუნებს; ანუ ჩაატაროს არჩევნები, მიიღოს კანონები და ასე შემდეგ. ეს აუცილებელი პირობაა, რათა ქვეყანაში შემოტანილი და მის საბანკო სისტემაში ჩალექილი კოლოსალური რაოდენობის “შავი ფული” უსაფრთხოდ ირეცხებოდეს, ინახებოდეს და ცირკულირებდეს. ნებისმიერი ორგანიზაცია თუ ინდივიდი, რომელიც ამ პროცესს დაუპირისპირდება, უნდა განეიტრალდეს და განეიტრალდება ნებისმიერი საშუალებით.
ახლა წარმოიდგინეთ “პოლიტიკოსები”, რომლებიც კარტელის მიერ მოწყობილ პოლიტიკურ თამაშებში ოპონენტობანას თამაშობენ. ანუ თამაშობენ არჩევანობანას, პარლამენტარობანას, შიგადაშიგ სასამართლოობანას და ასე შემდეგ.
აქამდე თუ მოხვედით, იმის წარმოდგენასაც მოახერხებთ, რა ბედი ელის კარტელის მიერ შემოგდებული ერთი კანონის წინააღმდეგ წამოწყებულ პროტესტს, თუ ეს ყველაფერი საფუძვლიანად და მასშტაბურად არ იქნა გააზრებული.
და ბოლოს, წარმოიდგინეთ გონიერი ადამიანი, რომელიც ყველაფერს ყველა განზომილებაში ხედავს და თან აკვირდება, რომ ამ პროცესების ანატომიური გაკვეთა და ახსნა კი არ მიმდინარეობს გულწრფელად აღშფოთებული ახალგაზრდებისათვის, არამედ “ჯოს-ჯოს” ძახილი და იაფფასიანი პათეტიკურ-პოლიტიკანური აღტყინებები. შესაბამისად, ვერ გახსენდება ვერავინ, გარდა ცხონებული იოანე ბატონიშვილისა და მისი ცნობილი წამოძახილისა.
მაგრამ!! “რადგანაც კაცნი გვქვია, შვილნი სოფლისა…” მაინც უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს, სინამდვილეში რასთან აქვთ საქმე და რისთვის უნდა იბრძოლონ, თუ საკუთარ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება სურთ. თუ არ ავუხსენით, მაშინ …
მახსოვს, კი ვუსმენდი ყურადღებით ცხონებულ ზვიად გამსახურდიას, რომ ამბობდა: -საქართველოს ლიბანიზაცია მოხდებაო-, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს ლიბანიზაცია. ვერ მიაწვდინა მაშინ ყველას ახსნა იმ კაცმა. არ იყო დღევანდელივით ადვილი. ჰოდა, როცა მივხვდი რას ნიშნავდა ლიბანიზაცია, ძალიან გვიან იყო უკვე.
დღეს მაინც აღარ უნდა დავაგვიანოთ. უნდა ავხსნათ. დაუღალავად ავხსნათ. მარტივად და ნათლად, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ავხსნათ და ავუხსნათ. ეს არის ჩვენი მოვალეობა, როგორც ამ “სოფლის შვილების”. – წერს ზურაბ გურული.