მოძრაობა “სირცხვილია” ქართველი ხალხის სახელით მიმართვას ავრცელებს და მუსიკალურ ჯგუფ Massive Attack-ს მოუწოდებს, საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ “საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას” და განსჯის საფუძველზე გადადგან საპასუხო ნაბიჯი.
“ვიცით, რომ ჯგუფი Massive Attack სამართლიანობის, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერია… სულ მცირე, ვიმედოვნებთ, რომ ამ ანტიდემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ სცენიდან თქვენს პოზიციას დააფიქსირებთ. გვჯერა, რომ გამოიყენებთ თქვენს პლატფორმას, რათა მხარი დაუჭიროთ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში”.
მოძრაობის მიერ გავრცელებულ მიმართვის ტექსტში საუბარია “ოლიგარქიულ მმართველობაზე”, “აგენტების კანონზე”, საკონსტიტუციო ცვლილებაზე – “ანტი-ლგბტ კანონზე”, “ოფშორების კანონსა” და “ძალადობრივ რეპრესიებზე”. მათი თქმით, დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლ საზოგადოებას, მთავრობა დემონსტრაციების დროს “სისასტიკით პასუხობს:
“დემონსტრაციების დროს პოლიცია და სპეციალური ძალები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს”.
განცხადების ტექსტში ვკითხულოთ, რომ ამჟამად, ქართული სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, მოწყვლადი სოციალური ჯგუფები, LGBTQ თემი, ქალები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობები ხელისუფლების მხრიდან მასობრივი თავდასხმის ქვეშ არიან.
“სირცხვილიას” მიმართვაში, ასევე საუბარია “ბლექ სი არენაზე”, სადაც ჯგუფის კონცერტი იგეგმება: “შენობა [ბიძინა] ივანიშვილმა ააშენა და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზეა. მასზე წვდომა მხოლოდ ხელისუფლებას აქვს. არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს და ამით მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა სცადოს”.
ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისს 21:00 საათზე შეკვეთილში, Black Sea Arena-ზეა დაგეგმილი. ჯგუფი მთავრობის მხარდაჭერილი კამპანიის – Starring Georgia-ს ფარგლებში ჩამოდის. ასევე, დაგეგმილია მსოფლიო ვარსკვლავების OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები.