ეს არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია. მეტს ვიტყვი, ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობა არის ჩადებული, მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი. როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი?! – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ რეზოლუციას.
ღარიბაშვილის თქმით, ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რა მიზანი ჰქონდა ამ რეზოლუციის მიღებას. მანამდე კი, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე ევროპარლამენტის მიერ 2 წლის მიღებულ რეზოლუციაზე, რომელსაც ასევე „უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია“ უწოდა.
„მინდა, ცოტა უფრო შორიდან შემოვუარო ამ საკითხს. გავიხსენოთ, რა მიზანი ჰქონდა ორი წლის წინ იმ შეურაცხმყოფელ და უსამართლო რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტის მიერ მიღებული იქნა, თანაც როდის – ივნისამდე, როცა ევროკომისიას ჩვენი საკითხი უნდა განეხილა, ასევე უკრაინისა და მოლდოვის საკითხი, ქვეყანას მისცემდნენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. წარმოიდგინეთ, ასეთ ვითარებაში, ოკუპირებული ქვეყანა, სადაც ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, რუსის ჯარი გვიდგას ჩვენ ტერიტორიაზე, მიატოვეს, გაწირეს პირდაპირ არეულობისთვის და მათი მიზანი იყო, ვინც ეს რეზოლუცია “დაალობირა” პოლიტიკური ჯგუფის დაორგანიზებული იყო. სხვათა შორის, ხალხს რომ ავუხსნათ, „ნაციონალური მოძრაობის“ „დედა პარტიის“, ევროპაში მათი მთავარი მოკავშირე ვინც არის,“ევროპის სახალხო პარტია“, აი, ამ პარტიის, ანუ „ნაცმოძრაობის“ „დედა პარტიის“ მიერ იყო ლობირებული ის სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუცია. მაშინ ქვეყანა გაწირეს და უსამართლო რეზოლუცია იქნა მიღებული. მიზანი რა იყო? მიზანი ის, რაც მე წეღან ყველას შეგახსენეთ – რევოლუციის მოხდენა ქვეყანაში, ეს ხომ მარტივი წასაკითხი იყო და არის. სამ წელიწადში რევოლუციის მოხდენის სამი მცდელობა იყო ქვეყანაში. მაშინ,როდესაც ქვეყანა ელოდებოდა ისტორიულ გადაწყვეტილებას, ჩანაწერი 2 წლის წინ გაკეთდა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეცეს. ეს ხომ იყო საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იყო პირდაპირ ჩვენი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუცია.
ახლა, რაც შეეხება ამ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის არის, ჩემი პოლიტიკური, პარტიული თანამდებობა გავწიოთ, ეს არის შეურაცხმყოფელი. ე.ი. რას გვეუბნება ევროპარლამენტის 500 დეპუტატი, თუ 412 დეპუტატი გვეუბნება,რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი,რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ეს საშინელი მჩაგვრელი, რეალურად ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას, ქვეყანა გადაარჩინა, რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და დაამყარა, თავისუფლება მოუტანა, ქვეყანას მოუტანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და სტატუსი. ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასანქცირდეს და ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოუტანა ომი, ნგრევა, უბედურება ადამიანების წამება, გაუპატიურება ჩაგვრა, თავისუფალი მედიის, ბიზნეს რეკეტი,სააკაშვილს ვგულისხმობ, ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში. რატომ? – [იმიტომ], რომ დაიწყოს მან ომი და უბედურება გაიმეოროს, ხელმეორედ და საბოლოოდ დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენთვის ამას ნიშნავს ეს რეზოლუცია. ამიტომ, ეს არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია.
მეტს ვიტყვი, ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობა არის ჩადებული,მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი. როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი? უვიზო რეჟიმი ქვეყანამ, ჩვენმა მთავრობამ მოიპოვა. ერთ-ერთი ბრიყვი გამოვიდა, მე მგონი, იგივე ეს პატიმარი სააკაშვილი და ჩვენ დავიწყეთო [ვიზალიბერალიზაციის პროცესი]. საზოგადოებას შევახსენებ სრული პასუხისმგებლობით, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, მაშინ მე ვიყავი შს მინისტრი, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დროს ევროკომისარი სესილია მალმსტრომი იყო ჩამოსული. მან პირადად მე გადმომცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ეს საქმე გაიარა ქვეყანამ, მთავრობამ გაიარა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საბოლოოდ, მაშინ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
„ამაზე შეიძლება მინიშნება, რომ აქ რაღაც ხდება? ჯერ ერთი, რა ხდება, ამ კანონით საუბარი იმაზე,რომ თითქოს რაღაც კურსი იცვლება ან დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, ეს ხომ ძალიან დიდი აბსურდია. რეზოლუციაში ასევე ჩაგვიწერეს, ამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რეკომენდაცია.ამით რა მინდა ვთქვა, ევროპარლამენტი ძალიან ცუდად იცნობს ქართველ ადამიანს,ქართველ ხალხს. ჩვენი საზოგადოების 90%-ზე მეტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია, სქესის შეცვლის კამპანიების და ამ უბედურებების წინააღმდეგია. არ აინტერესებს, ეს არ სურს ქართველ ხალხს. როდესაც გეუბნება ევროპარლამენტი, რომ ეს არ უნდა მიიღო, ამის წინააღმდეგ არ უნდა გააკეთოთ თავად ახდენს ევროპარლამენტის, როგორც, რა თქმა უნდა, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის დისკრედიტაციას, ეს გუნდი, ეს 500 თუ 450 პოლიტიკურად ანგაჟირებული დეპუტატი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემი შეფასება არის ცალსახად – უსამართლო, შეურაცხმყოფელი რეზოლუცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.