ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაორგანიზებული აქცია წინასაარჩევნოდ პარტიის ძალების სადემონსტრაციო შეკრებაა – ქვეყნის ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ სამთავრობო აქცია საზოგადოების დიდი სურვილის გამო ჩატარდება.
“ხალხში მართლაც არსებობს ძლიერი ინტერესი, რომ ჩვენი პარტიის შეკრება გამართულიყო” – ამბობს ღარიბაშვილი და იქვე ამატებს, რომ ამ პროცესში უჩვეულო არაფერია.
ყოფილ პრემიერს ისრები ოპოზიციისკენაც გადააქვს და ამტკიცებს, რომ “ხელმოცარული რადიკალები მოკავშირეების დახმარებით” ხალხში დაპირისპირების გაღვივებას ცდილობენ.
ირაკლი ღარიბაშვილი 29 აპრილის კონტრაქციის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ღიად აცხადებს, რომ შეკრება იქნება პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ “ოცნება” ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.
რაც შეეხება ჩვენს შეკრებას, 29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ჩვენი გუნდის მიერ. ვინაიდან, ხალხში მართლაც არსებობს ძლიერი ინტერესი და სურვილი იმისა, რომ ჩვენი პარტიის შეკრება გამართულიყო. ეს ერთგვარი სადემონსტრაციო შეკრებაც არის წინასაარჩევნოდ, რომელიც აქამდეც იმართებოდა და ახლაც გაიმართება. აქ უჩვეულო არაფერი არ არის.
ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, თუ სად დგას სიმართლე, რომელ მხარეს არის სიმართლე. გამოჩნდება ძალიან მალე, თუ რომელ მხარეს დგას სიმართლე, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ. ის ხელმოცარული ოპოზიციონერები, ე.წ. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, მოკავშირეების დახმარებით დამატებითი ჟანგბადი მიიღონ და დამატებითი ქულები ჩაიწერონ, ვერაფერს ვერ გახდებიან. ეს იქნება გზავნილი, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად არ დაუშვებს ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას და რაიმე პროვოკაციას”, – ამბობს ღარიბაშვილი.