ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გამჭვირვალობის კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. მან ეს ფორმულასთან საუბრისას თქვა.
როგორც სარალიძე აღნიშნავს, ახლა მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს, რომ კანონი არამხოლოდ მედიებსა და NGO სექტორს, არამედ თითოეულ მოქალაქეს შეეხება.
“მე ვიწყებ შიმშილს მანამ, სანამ ამ უაზრო კანონს არ გაიწვევენ უკან. აქ არაფერ შუაშია ენჯეო სექტორი და ტელევიზია, ეს ყველაფერი აისახება ჩვენზე, მოქალაქეებზე… რომ არ ყოფილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედია, დღეს ჩემი შვილის მკვლელები გარეთ იქნებოდნენ. ყველაფერი იქნებოდა ჩახშული და დაბლოკილი როგორც რუსეთში ხდება მითუმეტეს ამ კანონის მიღების მერე… ეს კანონი არაფერ შუაში გამჭვირვალობასთან. ეს კანონი არის პირდაპირ არასამთავრობო სექტორის და თავისუფალი მედიის, თავისუფალი სიტყვის დისკრედიტაციისკენ.
დღეს მე ვეღარ გავჩერდი სახლში იმიტომ, რომ ჩემი ცოცხალ შვილს, რომელიც აქციებზე დადის, გამოდიან და მილანძღავენ. გამოდიან და ეძახიან ანგაჟირებულს, გაყიდულს. არანაკლებს აკეთებდნენ ჩემს მიცვალებულ შვილზე. არავის მივცემ უფლებას, ჩემი ცოცხალი შვილის მომავალი გათელონ. დღეს საქართველო გადასარჩენია. არავის უნდა უღირდეს სახლში ჯდომა”- თქვა სარალიძემ.