„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაიწვიოს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით, 2011 წლის 20 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. დღეს OGP 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ღია, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის დასამყარებლად მუშაობენ.
ორ წელიწადში ერთხელ წევრი ქვეყნები OGP-ის წარუდგენენ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით მომზადებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც მთავრობის კონკრეტული ვალდებულებებია გაწერილი.
ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე, OGP-ის საერთაშორისო სამდივნომ „რეაგირების მექანიზმი“ (OGP Response Policy) აამოქმედა. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს OGP საერთაშორისო სამდივნოს, პარტნიორი დონორი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გაზრდილ ჩართულობას შექმნილი კრიზისის მოგვარებაში.
OGP-იმ შეისწავლა სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა და დაადგინა, რომ მთავრობის ქმედებები შეუსაბამოა OGP-ის ღირებულებებსა და პრინციპებთან. საქართველოს მთავრობას 30 დღიანი ვადა აქვს წარადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გადაჭრის „რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებს, რომელთა შორისაა პარლამენტში ინიციირებული კანონი.
OGP-ის თანახმად, ეს სამუშაო გეგმა უნდა შეიცავდეს მკაფიო ეტაპებს და განხორციელების ვადებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში წამოჭრილი საკითხების გადასაჭრელად: ეს შეიძლება მოიცავდეს:
- დისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუქმებას: დაუყოვნებლივი გადახედვა და გაუქმება ნებისმიერი კანონმდებლობის, რომელიც აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებისა და დაუცველი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
- ასოციაციისა და პრესის თავისუფლების დაცვას: გარემოს უზრუნველყოფა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს შეუძლიათ იმუშაონ დაშინების ან ძალადობის შიშის გარეშე, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში.
- გაძლიერებული ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე: არსებული ჩარჩოების გაძლიერება საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის უზრუნველსაყოფად და საერთო საკანონმდებლო ბაზის გადახედვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.
OGP საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებს, განიხილოს მესამე მხარის შესაბამისი რეკომენდაციები, როგორიცაა ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები.
„რეკომენდებული სამუშაო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს OGP-ის წევრობის შეჩერება პრობლემების გადაწყვეტამდე. OGP-ის ღირებულებებისა და პრინციპების უგულებელყოფა შეიძლება ასევე დასრულდეს პარტნიორობაში წევრობის შეწყვეტით“, — ნათქვამია OGP-ის განცხადებაში.
ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მთავრობას, გაიწვიოს „რუსული კანონი“, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ასევე OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან.
მიმართვის ხელს აწერენ ორგანიზაციები:
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- მწვანე ალტერნატივა
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის