პუტინი ამბობს, რომ ამერიკა ცდილობს, რუსეთი ომში ჩაითრიოს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამერიკას უკრაინასთან ომში “ჩათრევის” მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან სამშაბათს ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთს შეიარაღებული კონფლიქტი არ სურს.

პუტინის აზრით, დასავლეთი რუსეთის ომში ჩართვას იმიტომ ცდილობს, რომ საბაბი ჰქონდეთ მათთვის უფრო მეტი სანქციების დასაწესებლად.

“მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა რუსეთის განვითარების შეკავება, უკრაინა მხოლოდ ინსტრუმენტია ამ მიზნის მისაღწევად”, – თქვა პუტინმა. 

ბოლო 6 კვირის განმავლობაში ეს პუტინის მხრიდან უკრაინის კრიზისის შესახებ პირველი კომენტარია. მან უკრაინაზე საჯაროდ ბოლოს 23 დეკემბერს ისაუბრა.

ცნობისთვის, კრემლმა წერილობით მოითხოვა, რომ ნატო არ გაფართოვდეს აღმოსავლეთისაკენ და ნატომ ძალები გაიყვანოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ. პუტინმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა მსოფლიო მშვიდობისთვის საფრთხედ შეაფასა.

საპასუხოდ შტატებმა და ნატომ რუსეთს უარი გაუგზავნეს. რუსეთს ჯერ ოფიციალურად არ უპასუხია, თუმცა პუტინმა თქვა, რომ “რუსეთის ძირითადი შეშფოთება იგნორირებული აღმოჩნდა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share