შშმ პირები დღეს პარლამენტთან დაანონსებულ აქციას მსვლელობით შეუერთდებიან. განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.
შშმ პირები რუსული კანონის საფრთხეებზე საუბრობენ და პირდაპირ ამბობენ, რომ აღნიშნული კანონის დამტკიცება ქვეყნის ევროპულ მომავალს დააზიანებს და უფრო მეტად შეზღუდავს შშმ პირთა გარემოს.
დღეს, 13 მაისს, 18:30 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან და მსვლელობით შევუერთდებით მთავარ აქციას საქართველოს პარლამენტთან.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ აღნიშნულს.
ჩვენი არაერთი მცდელობისა და უფლების მიუხედავად, შშმ პირები არ დაგვიშვეს საკომიტეტო სხდომებზე, ამიტომ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ხსენებული კანონმდებლობა დააზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, უფრო მეტად შეზღუდავს შშმ პირთათვის გარემოს, მოგვიწევს უარი ვთქვათ ყველა იმ სიკეთეზე, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. აღსანიშნავია, რომ აქამდე შშმ პირთათვის რაც გაკეთდა, ყოველივე უცხოელი დონორების ძალისხმევით, – ნათქვამია განცხადებაში.