“რეჟიმი გაბზარულია…ასეთი დაბზარული შენობა ერთხელ ჩამოიქცევა და ეს „ერთხელ“ ძალიან ახლოს არის”-ნიკა გვარამია

ვხედავთ, რომ რეჟიმი გაბზარულია. ნებისმიერი შემდგომი ხისტი ქმედება ამ ბზარებს უფრო მეტად გააღრმავებს. ასეთი დაბზარული შენობა ერთხელ ჩამოიქცევა და ეს “ერთხელ” ძალიან ახლოს არის,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გვარამია გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი შეთანხმდნენ, რომ მმართველმა პარტიამ სწორი გააკეთა, როდესაც მათ ევროპელ კოლეგებს არ მოუსმინეს, რუსეთს სანქციები არ დაუწესეს და მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლეს.

როგორც გვარამიამ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, „როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით პარლამენტის თავმჯდომარე პროპაგანდისტობს და ტყუილს ავრცელებს, ამით ყველაფერი ნათქვამია“.

„რეაქცია ვნახეთ მინისტრების. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით პარლამენტის თავმჯდომარე პროპაგანდისტობს და ტყუილს ავრცელებს, ამით ყველაფერი ნათქვამია. გამორიცხულია ევროპელებთან შეთანხმება იმ ვითარებაში, როდესაც ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] არსებობს. გადახედვას ეს დასკვნა არ ექვემდებარება. ვიცით, რომ ვეტო ან საერთოდ არ იქნება, ან იქნება ბლანკეტური, შიგნით არაფერი ეწერება. პროცესი ვერ გაიხსნება „ქართული ოცნების“ გამო. რეალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი უნდა გაიწვიოს, ანუ კენჭი უყაროს და ერთი მოსმენით ჩააგდოს. გააკეთონ ეს, არაფერი უშლით ხელს.

საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრინციპში დაანონსდა სანქციები, როგორც ადამიანების მიმართ, რომლებიც კანონის მიღებაში იღებდნენ მონაწილეობას, ასევე, მათზე, ვინც მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებათა მასიურ დარღვევებში მიტინგების დარბევის დროს და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით.

ვხედავთ, რომ რეჟიმი გაბზარულია. ნებისმიერი შემდგომი ხისტი ქმედება ამ ბზარებს უფრო მეტად გააღრმავებს. ასეთი დაბზარული შენობა ერთხელ მალე ჩამოიქცევა და ეს “ერთხელ” ძალიან ახლოს არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას შეფასებით, ახლა „დანამდვილებით, [საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების] მოლაპარაკებების გახსნა შეუძლებელია“.

ცნობისთვის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან. ისინი აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხზე მხარეებს შორის შეთანხმება არ მომხდარა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share