“არ მოვერიდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც რუსული სტილის კანონის მიღებასა და აქციის მონაწილეებზე ბრუტალურ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი – მათ შორის, ივანიშვილი და მისი გარემოცვა”, – ამის შესახებ საუბარია სენატისა და 15 ეროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა გაავრცელა. განცხადება “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურება.
“ჩვენ არასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი მტკიცე ერთგულება მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით გაბედულად გამოავლინა. ჩვენ არ მოვერიდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი აქციის მონაწილეებზე ბრუტალურ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. მივმართავთ ქართველ ხალხს: თქვენ მარტო არ ხართ!” – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ევროპული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები: ბელგიიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ისლანდიიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, ევროკავშირიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და დიდი ბრიტანეთიდან.