გმირთა მოედანზე “გმირთა კედელი” ჩემი ინიციატივით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს აღიმართა.
ცისკენ ატყორცნილი სტელა ჩემი პრეზიდენტობისას ესპანეთში შევუკვეთეთ, ნაწილ-ნაწილ ჩამოვიტანეთ და ადგილზე ავაწყვეთ.
ასევე, 9 აპრილის პირველი ძეგლი ალექსანდროვის ბაღში საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს დავდგით, ეს იყო რკინის ხე რკინისავე ფოთლებით, რომელზეც დაღუპულთა სახელები ეწერა. დადგმიდან რამდენიმე დღეში ის შევარდნაძის “ტიტუშკებმა” გაძარცვეს.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, საუკეთესო პროექტზე მაშინვე გამოვაცხადეთ კონკურსი, გამარჯვებული პროექტი კი პარლამენტის წინ დავდგით. ძალიან ვამაყობ, რომ ამ ძეგლებმა შეიძინეს ნამდვილი ფუნქცია, მათ შორის გმირთა სტელასთან ახალგაზრდებმა ფიცი დადეს.
ზოგადად, ძეგლებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ მათ არ შეიძინეს შინაარსი. ბოლო კვირებში ამ ძეგლებმა მართლაც შეიძინეს მნიშვნელობა, საოცარი შეგრძნება მეუფლება, როცა ამდენ ნათელ, სწორ პიროვნებას ვუყურებ.