„ქართულ ოცნებას“ სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან, – ამის შესახებ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრენსის ფუკუიამამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რეაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რუსულ მოდელზეა დაფუძნებული, საქართველოს დასავლეთისგან აშორებს და მოსკოვთან აახლოებს.
მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ განაწყენდება იმ ფაქტით, რომ კანონპროექტის დამტკიცება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეაფერხებს, რადგან მმართველი პარტია „ყოველთვის ცრუობდა“ და უკრაინასთან ომში რუსეთის წინსვლის შემდეგ, ის რუსეთის მხარდაჭერაში უფრო ღიაა.
„ვფიქრობ, დემონსტრანტების წინააღმდეგ მეტ ძალას გამოიყენებენ. საქართველოში ამ კანონის ნამდვილი მოდელი ისაა, რაც რუსეთში მიიღეს და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, ნებისმიერი წინააღმდეგობის აღმოსაფხვრელად გამოიყენეს. დასავლურ დემოკრატიებსა და ყალბ დემოკრატიებში ამ კანონის მიღება [ერთმანეთთან] არ დარდება. ისინი ამბობენ, რომ არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგი და მათ უბრალოდ გამჭვირვალობა სურთ. რაც მათ ნამდვილად უნდათ, არის სამართლებრივი მექანიზმი ნებისმიერი კრიტიკული ხმის ჩასახშობად, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ჯერ რუსეთში და ახლა საქართველოში. „ქართულ ოცნებას“ სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან. არ მგონია, ისინი განსაკუთრებულად განაწყენდნენ ფაქტით, რომ ეს შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ისინი არ იქნებიან უკმაყოფილო იმით, რომ ეს [კანდიდატის] სტატუსს დააზარალებს. ვფიქრობ, ისინი ყოველთვის ცრუობდნენ. მათ ნამდვილად არ სურთ ეს შედეგი. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინასთან ომში, მომენტური თითქოს რუსეთისკენ იხრება. ამან „ქართული ოცნება“ გაათავისუფლა, რუსეთის მხარდაჭერაში უფრო ღია იყოს“, – განაცხადა ფრენსის ფუკუიამამ.
მისივე თქმით, ისეთი სანქციები, როგორიცაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, მიზანშეწონილად არ მიაჩნია და თვლის, რომ საუკეთესო ბერკეტი პერსონალური სანქციებია.
„ვფიქრობ, ბერკეტების ყველაზე დიდი წყარო, საქართველოში გარკვეული პირების მიმართ, მიზანმიმართული სანქციების დაწესებაა. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ისეთი ზოგადი სანქციების გამოყენება, როგორც [იმ] უვიზო რეჟიმის გაუქმებაა, რომელსაც ევროპა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. ვფიქრობ, შესაძლებელია ზოგადი სანქციების იმგვარად მოდიფიცირება, რომ ვიზები მოითხოვონ პირებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების [წინააღმდეგ მიმართულ] კანონს, ასევე ზოგიერთ საკვანძო თანამდებობის პირს, რომლებიც, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში, ოპოზიციურ ჯგუფებზე ზეწოლის, მათი ხმების ჩახშობის მცდელობის უკან დგანან“, – აღნიშნა ფუკუიამამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.